„შიდა-პოლიტიკური კრიზისი; მაღალი საგარეო-პოლიტიკური რისკები რეგიონში სტატუს-ქვოს ცვლილებასთან დაკავშირებით; ერთპარტიული, სუსტი ლეგიტიმაციის პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს; ქუჩაში გასული, ჩასაფრებული ოპოზიცია, ორ ნაწილად გახლეჩილი და ერთმანეთისადმი აგრესიულად განწყობილი საზოგადოება; უპრეცედენტოდ დასუსტებული სამოქალაქო სექტორი, გადაწყვეტილების მიღების ცენტრიდან გარიყული ნომინალური მინისტრთა კაბინეტი; კლანური სამიდღემჩიო მართლმსაჯულება; უკიდურესად მწვავე კრიზისი ეკონომიკაში ნეგატიური განვითარებით; უპრეცედენტო საგარეო ვალი; მაღალი სოციალური რისკები - კიდევ უფრო გაღარიბებული საშუალო სტატისტიკური ქართველი, სოციალურად და პოლიტიკურად მოტივირებული მძიმე კრიმინალის შემთხვევები; ინტერეს-ჯგუფების მიერ მთელი ეკონომიკური სიკეთის მონოპოლიზება სახელისუფლებო სისტემებში ინტეგრაციის გზით და კოვიდი. - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განვლილ 2020 წელს. პოლიტოლოგი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში 2020 წელი უპეცედენტოა იმით, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა-დეგრადაცია, მომავალი კი არაპროგნოზირებადი.
გია ხუხაშვილი: მე მაქვს ჩემი შეხედულება. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს უკუსვლა წინა პერიოდთან შედარებით. გამწვავდა ეკონომიკური კრიზისი, რეგიონში არის მძიმე მდგომარეობა, ამ ყველაფერს დაემატა კოვიდი და საბოლოო ჯამში, ჩვენ არ გვაქვს მიმართულება, სადაც უკუსვლა არ გვქონდეს. მართალია, ყველაფერი მთავრობის ბრალი არ არის, ობიექტური ფაქტორებიც არის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ძირითადი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, ის მოცემულობა, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში, გარე დაძაბულობებს ვგულისხმობ, როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რამდენად გონივრულია ოპოზიციის ეს პროტესტი?
- ჩვენთან, პოლიტიკური ელიტა არ გამოირჩევა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას. საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდიან და შესაბამისად მოქმედებენ.
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აშკარად ძალიან იწელება დროში. ხელისუფლება ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და პირიქით, ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს. რას ელოდება ან ერთი და ან მეორე მხარე? რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს...
- ხელისუფლება ცდილობს, რომ ვიღაცა იყიდოს ან შეაშინოს. ოპოზიცია ცდილობს, რომ ხელისუფლება გადატეხოს და ჩასაფრებულის პოზიციაშია. არც ერთ მხარეს არანაირი გეგმა არ აქვს, უბრალოდ საბნის გადაქაჩვის პრინციპით მოქმედებენ და ამასობაში, რომ სახელმწიფო ინტერესი ზიანდება, ამაზე არც ერთი მხარე არ ფიქრობს.
ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?
- ძნელია რაიმეს თქმა. მე ვფიქრობდი, რომ გამოსავალი იყო გარკვეული დათქმით პარლამენტში შესვლა, მაგრამ დღეს ჩიხია, მოკლევადიან გამოსავალზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ისეთ ჩიხში შეიყვანეს ვითარება და ორივე მხარეს ისეთი განწყობა აქვს, ვფიქრობ, აზრიც არ აქვს რაიმეს შეთავაზებას.
პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ დროებით შეჩერდა იმ მოტივით, რომ ეს საკითხი უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. როგორ ფიქრობთ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავის მართლების კიდევ ერთი მექანიზმი თუ რესურსის სრულად ამოწურვის დემონსტრირება?
- ამისი კომენტირებაც კი ძნელია. ვფიქრობ, ეს ზომა მოფიქრებული იყო იმისათვის, რომ შეეშინებინათ ოპოზიცია. მე არ ვიცი, რას ფიქრობდნენ ხელისუფლებაში, რომ დაეწყობოდნენ და შევარდებოდნენ პარლამენტში ფული არ წაგვართვანო თუ, რისი იმედით დაიწყეს ეს პროცესი? როცა ნახეს, რომ მათი გეგმით ყველაფერი ისე არ მოხდა, ახლა თვითონვე ცდილობენ, რომ პროცესი გაწელონ, გადაიტანონ საკითხი ეუთო-ოდირში და არიან ტრუკების კეთებაში.
ხელისუფლების მხრიდან დღემდე ძალაში რჩება შეთავაზება უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით, თუმც ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის..
- ეს შეთავაზება უნდა ყოფილიყო არჩევნების მეორე დღეს. ორი, სამი კვირის შემდეგ, როცა დღე და ღამე ამუშავეს კომისიები და რა ჩაყარეს და რა ამოიღეს, არავინ არ იცის, ამის შემდეგ, ეს შეთავაზება უკვე აზრს კარგავს, იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს. შესაბამისად, ეს არის ცალყბა შეთავაზება და მეტი არაფერი.
პლებისციტზეც ლაპარაკობს ოპოზიცია, ეს რას მოგვცემს?
- არ მგონია, რომ ეს საკითხი მაინც და მაინც ადეკვატური იყოს. პლებისციტით ასეთი საკითხები არ წყდება. მე პირადად სწორად მიმაჩნია პარლამენტში შესვლა გარკვეული დათქმით. რაც ხელისუფლებაა, ის გვყავს ოპოზიციაც, ორივე უშვებს შეცდომებს, არც ერთი სახელმწიფოზე არ ფიქრობს, საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ პრიზმაში უყურებენ ყველაფერს.