კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა, სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი წლის დღეები ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გააუარესებს და კოვიდინიფიცრებულთა რაოდენობა მოიმატებს. შესაბამისად, ეს ნაწილი პროგნოზირებს, რომ 3 იანვრიდან მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოცხადდება, რაც მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იქნება განპირობებული.
თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ მკაცრი ჩაკეტვა, ისედაც გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გაართულებს და დაიწყება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.
შემოღებული შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა, დადებითი დინამიკის მიუხედავად, ვადამდე ადრე გატარებული აკრძალვების გაუქმება გამორიცხულია, რადგან წინ გვაქვს ახალი წლის დღეები, რაც ქვეყნისთვის შეიძლება საკმაოდ რთულიც კი აღმოჩნდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს ახალი წლის დღეების ეშინია. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, „დაავადების გავრცელების დინამიკაზე პროგნოზები საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება გვქონდეს, თუ ახალი წლის ღამემ ჩვენი იმედები არ გააწბილა“, განაცხადა მან მედიასთან.
„მაღაზიებთან დაკავშირებით, დღეს რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად დაცულია დისტანციაც, პირბადეც. დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ სავაჭრო წერტილებიდან, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს. ყველა პროგნოზი ისეთია, რომ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია კარგად იანვრის მეორე ნახევარში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, რთულია რეგულაციების გაუქმებაზე იფიქრო, რადგან ახალი წლის დღეებში მოსალოდნელია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება რაოდენობაზე და არა იმაზე, დინამიკა იქნება თუ არა შენარჩუნებული. დღეს ნამდვილად დადებითი დინამიკა გვაქვს, მაგრამ მაინც, ყოველ დღე იმდენი პაციენტი გვყავს, რომ თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ, გამრავლდება, - საუბარი არის იმაზე, რომ ერთი ადამიანი ათს დააინფიცირებს. ამიტომ, ჯერჯერობით ასე უნდა გაგრძელდეს.
ისეთი დინამიკის შემთხვევაში, როგორც თავიდან გვქონდა, - დღეში ერთი-ორი პაციენტი გვყავდა, - უნდა მოიხსნას მკაცრი შეზღუდვები, თუმცა, უცხოეთიდან შემოსულ პირებზე კონტროლი მკაცრად უნდა გაგრძელდეს. თუ შენარჩუნდა დინამიკა და ისეთ რიცხვებს მიაღწია, რომ 10-15 შემთხვევა იქნება, შეიძლება შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება.
ახალი წლის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს. იმედი მაქვს, თუ წესების დაცვა მოხდება, ისეთი დიდი „აფეთქება“ და მზარდი მატება არ იქნება, როგორც ადრე გვქონდა, როდესაც დაირღვა წესები და ქელეხების და ქორწილების ფონზე, ძალიან მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. შეიძლება იყოს გარკვეული ტალღა, მაგრამ მკვეთრი მატება არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება 3 იანვრიდან სრულ „ლოკდაუნს“ გამოცხადებს. იგი ეჭვქვეშ აყენებს იმ დადებით დინამიკას, რაც დღეს შეინიშნება.
„ეს დინამიკა ჩემში ეჭვს იწვევს. რამდენი ანალიზი კეთდება. მე თუ არც ერთ ტესტს არ გავაკეთებ, დინამიკა მექნება ნოლი. ძალიან ცოტა ტესტი კეთდება იმისთვის, რომ რეალურად დავინახოთ რა სურათი არსებობს. რა თქმა უნდა, შემცირდა, მაგრამ ის შედეგი, რასაც ელოდებოდნ ენ, არ დადგა. როდესაც საუბარი იყო, რომ 20 ათასზე მეტი ტესტი უნდა გაკეთებულიყო, კეთდება 4 000 და აქედან 60% არის სწრაფი ტესტი, რომელთა სიზუსტე ძალიან დაბალია.
შეზღუდვების შედეგად, ეპიდვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო იგივე შედეგები, რაც გვაქვს, მიგვეღწია მკაცრი „ლოკდაუნის“ გარეშე. არ მოხსნიან, მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ 3 იანვრიდან საერთოდ სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს. ახალი წლის დღეებში შეიძლება გაიზარდოს კონტაქტები და 3 იანვრიდან მოხდეს სრული „ლოკდაუნი,“ რაც არ მინდა. მეტი თავისუფლება უნდა იყოს, ტრანსპორტმაც იმუშავოს, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.
მთავრობის დადგენილებით, 31 დეკემბერს და შობის ღამეს ე.წ. კომენდანტის საათი იხსენება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „როგორც ერთი კონკრეტული ექიმი“ ისურვებდა, რომ „ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას.“
„თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ „კომენდანტის საათი“.
სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: „ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ“, - ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.