ღვინის ჰარმონია

ღვინის ჰარმონია

იმისთვის, რომ ღვინის სურნელის მთელი მრავალფეროვნება შეიცნონ, პროფესიონალი დეგუსტატორები მას სამჯერ ყნოსავენ. ღვინის არომატი, სანამ ბოკალს შევანჯღრევდეთ, “პირველი ცხვირით“ მოწმდება. ამის შემდეგ ბოკალი უნდა დატრიალდეს წრიული მოძრაობით, რაც აერაციას გამოიწვევს და გარკვეული არომატული ნივთიერებების აორთქლებას შეუწყობს ხელს. ეს არის დრო, როცა საქმეში ერთვება “მეორე ცხვირი“. “მესამე ცხვირს“ იყენებენ მაშინ, როცა უნდათ პირველი კონდიციის მეორესთან შედარება და არომატის ცვლილებაზე დაკვირვება. ამისთვის საჭიროა ორი ბოკალის წინასწარ ავსება, რომლიდანაც მხოლოდ ერთი შევა ჟანგბადთან ურთიერთქმედებაში.

 

ისევე როგორც ფერის, არომატის მიხედვითაც ბევრი რამის გაგება შეიძლება ღვინის ტიპსა და მისი დამზადების ტექნოლოგიაზე. მაგალითად, კაბერნე სოვინიონს იოლად იცნობთ შავი მოცხარისა და ქლიავის მძიმე არომატებით. თუ მასში ბალახის “მწვანე“ ნოტები იგრძნობა, გამოდის, რომ იმ წელს მოკლე და გრილი ზაფხული ყოფილა. შესაბამისად, ცხელი სეზონი ღვინის არომატს უფრო ტკბილს და თბილს ხდის. თუ ცხვირში უფრო მსუბუქი კენკრის – მარწყვის და ჟოლოს სურნელი გეცათ, მაშინ ეს შავი პინო ყოფილა.

 

ანანასის, ნესვის, ვანილის, ვაშლის ბუკეტი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელში შარდონეთი ავსებული ბოკალი გიჭირავთ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ღვინის არომატით იმასაც გამოიცნობთ, სად დავარგდა ღვინო და რამდენი ხნის განმავლობაში. ცნობილია, რომ მუხა ძალიან დიდ კვალს ტოვებს როგორც სასმელის სურნელზე, ასევე მის გემოზე. ბოთლში ღვინის დიდი ხნით გაჩერება კი ხილის არომატს უფრო ინტენსიურს გახდის და ჩაანაცვლებს თამბაქოს, კედრის, სუნელების სურნელით.

 

გემოს რეცეპტორები ყნოსვასთან შედარებით შთაბეჭდილებების გაცილებით ღარიბ გამას გვთავაზობს. გემოს ხომ მხოლოდ ოთხი კომპონენტი გააჩნია: მწარე, მჟავე, ტკბილი, მარილიანი. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი წინასთან შედარებით ნაკლებად სასიამოვნოა. სასმელის გემოს და კონსისტენციას მის შესახებ საკმაოდ ვრცელი ისტორიის მოყოლა შეუძლია. იმისთვის, რომ ღვინის გემოზე სრული ინფორმაცია მიიღოთ, მაშინვე არ უნდა გადაყლაპოთ და ცოტა ხანი პირში გაიჩეროთ იმისათვის, რომ ენამ ოთხივე გემოს დაფიქსირება შეძლოს. ამასთან, გემოს პირველი შეგრძნება განსხვავდება შემდეგი შთაბეჭდილებებისგან. პირველი წამების შემდეგ შესაძლებელი ხდება გაიგოთ დაბალანსებულობა (ყველა ელემენტის ჰარმონიული შეთანხმება სასმელში), ევოლუცია, გემოს ხანგრძლივობა. დაკვირვებაა საჭირო ასევე გადაყლაპვის შემდეგ ენაზე დარჩენილ გემოზე.

 

ჰარმონიული ერთიანობის შესახებ წითელ ღვინოზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სიტკბოს, მჟავიანობის, სპირტის და ტანინების მიხედვით. თეთრი ღვინის შემთხვევაშიც იგივე კომპონენტები რჩება, მხოლოდ ტანინების გამოკლებით. ეს უკანასკნელი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე წითელი ღვინის დაძველებას ეხება. დროის გასვლასთან ერთად, ტანინის გემო უფრო ხავერდოვანი გახდება, ღვინო კი - უფრო მდიდარი და ჰარმონიული.