როდესაც ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება და პანდემიაც გადაივლის, კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დგება. კორონავირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, გენურ მუტაციას განიცდის. შესაბამისად, ჩნდება ახალი შტამი, რაზეც ისევ ახალი კვლევა იწყება და მეცნიერების მთავარ საზრუნავს ის წარმოადგენს, რომ ვირუსის ახალმა სახეობამ უფრო რთულ ფაზაში არ გადაგვიყვანოს.
კორონავირუსის ახალი შტამი რამდენიმე ქვეყანაში უკვე აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ახალი სახეობა საქართველოშიც დადასტურდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ოფიციალურად არ დასტურდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს კორონავირუსის რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა, განიცდის თუ არა იგი მუტაციას.
ამირან გამყრელიძის თქმით, დადასტურების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ და ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის.
„რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს, იქ ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება.
გენომის სეკვენირება ძვირადღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ვაუწყებთ. ვიცით, ბრიტანული და უკვე სხვა წყაროებიდანაც, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს და არ არის უფრო ვირულენტური, ანუ არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამას გადაფარავენ, ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ. ეს არ არის ახალი აღმოჩენა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში იყო საუბარი, რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ. ამიტომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში.“
ამირან გამყრელიძემ For.ge-სთან დამატებითი კომენტირებისას აღნიშნა, რომ ახალ შტამზე კვლევა ჯერ არ დასრულებულა:
„ერთია კვლევაში და ორი მზადდება ლაბორატორიული კვლევისთვის. სწორედ ახალ შტამზეა საუბარი. მიმდინარეობს გენომის სექვენირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ For.ge-სთან.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, დადასტურებულად იმის თქმა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა, არ შეგვიძლია, თუმცა, ფაქტია, ქვეყანა გარკვეული რისკის წინაშე დგას. იმ შემთხვევაში, თუკი კოვიდ-19-ის ახალი სახეობა საქართველოშიც დადასტურდება, რამდენად გაუძლებს ქვეყნის ჯანდაცვა, ამ საკითხს სპეციალისტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსმა გენური მუტაცია განიცადა, ვაქცინა, რომელსაც მსოფლიო ასე ელოდება, შესაძლოა, აღარ გამოგვადგეს.
„ჯერჯერობით საუბარია მუტაციაზე. ამბობენ, რომ ვირუსის გენურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე. თუმცა, ლაბორატორიულად, ოფიციალურად დადასტურებული არაა. მუტაციაა, როდესაც ვირუსი იცვლის გენს, როდესაც ანტიგენი იცვლება და ეს არის შემთხვევა, როდესაც ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ასე ველოდებით, ამაზე არ იმუშავებს, რადგან სრულიად განსხვავებული იქნება. ადამიანი პალტოს კი არ გაიხდის და შეიცვლის, ვირუსის გარეგნობა სრულიად შეიცვლება.
ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: შეიძლება უფრო გაძლიერდეს, მაგრამ გენი იგივე დარჩეს, ანუ გენური ცვალებადობა, რომელშიც იცვლება დნმ-ის მოლეკულები, ან ცვლილება შეეხოს მხოლოდ მის შემგუებლობას და გადამდებლობას. თუ გენში არ მოხდება ცვლილებები, მაშინ ვაქცინა გამოგვადგება. თუ გენი შეიცვლება, ახალი ვაქცინა დაგვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ For.ge-სთან საუბრობს:
„ჯერ არ არის დადასტურებული, შესწავლის პროცესშია სამი შემთხვევა. ახალი შტამი განსხვავებული არ არის, მუტირებული, ჩვეულებრივი შტამია, უბრალოდ უფრო მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება. ერთადერთი უფრო ადვილი გავრცელება აქვს“, - თქვა ენდელაძემ.
კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ იმუშავებს, ახალ სახეობაზე აღნიშნა: „სავარაუდოდ უნდა იმუშაოს. აღებულია ის გენეტიკური მასალა, რომელიც დიდი ალბათობით, დაიცავს სხვა კორონავირუსებისგან. ამისგანაც დაიცავს, რადგან ამის მუტირებული შტამია“, - დასძინა მარინა ენდელაძემ.
ცნობისათვის, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული აღმოჩნდა იტალიის მოქალაქეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. იტალიამდე ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა დანიაში, ნიდერლანდსა და ავსტრალიაში. როგორც ირკვევა, ახალი შტამის გავრცელება დაიწყო გაერთიანებული სამეფოდან, რადგან კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეპიდაფეთქება პირველად დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ეპიდემიოლოგების თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.
კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, თურქეთმა, ისრაელმა, კანადამ, ავსტრალიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და ჩილემ.