აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ხოჯავენდის რაიონში სომხური შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
„27 დეკემბერს, 15:30 საათზე სომხური არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ექვსი პირისგან შედგებოდა, თავს დაესხა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფს ხოჯავენდის რაიონში. თავდასხმის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთმა კი ჭრილობა მიიღო“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საპასუხო ზომების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ თავდამსხმელთა დაჯგუფება გაანადგურა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.