14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის. ამის გამო, 50-მდე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.
როგორც for.ge-სთან გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, ძირითადად, ვირუსი მუტაციის შემდეგ მცირდება და დროთა განმავლობაში ძალას კარგავს, თუმცა არ ქრება.
გიორგი ფხაკაძემ for.ge-სთ ან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ქვეყანაში 6-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება და კომენდატის საათი 24 საათიანი გახდება.
ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი რამდენად საშიშია არსებულთან შედარებით?
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ახალი კორონა ვირუსი მარტო ბრიტანეთში არ არის გავრცელებული, ის სამხრეთ აფრიკაშიც არის გავრცელებული. კორონავირუსის აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსს ახასიათებს მუტაცია და მუტაციის შედეგად მოხდა ახალი გავრცელება. ძირითადად, ვირუსი მუტაციის შემდეგ მცირდება და დროთა განმავლობაში ძალას კარგავს. გვქონდა ჩვენ ამის მაგალითები სხვა ვირუსებთან დაკავშრებით, რომ განიცადა მუტაცია და შემდეგ, დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა. სამწუხაროდ, კოვიდი მუტაციის შემდეგ არ ქრება. უბრალოდ, კოვიდის ახალ შტამთან დაკავშრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და საპანიკო არაფერია - საყურადრებოა. ვიცით, რომ აღმოჩნდა, კონტროლის ქვეშაა - ბრიტანეთი ჩაკეტილია და ახლა სამხრეთ აფრიკაც იკეტება. ყველანაირად ცდილობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი არ გავრცელდეს. ჩვეულებრივი ამბავია და ზოგადად, უნდა გვახსოვდეს ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გვეკეთოს პირბადე და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.
ბატონო გიორგი, საქართველოში რომ არ გავრცელდეს კორონავირუსის ახალი შტამი, ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აკრძალოს?
- ყველა ევროპული ქვეყანა ჩაკეტეს. ვინც დიდ ბრიტანეთშია ვეღარ მიდის სხვაგან. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო ინგლისში და უკან, პარიზში ვეღარ ბრუნდება. შესაბამისად, ჩაკეტვებია ერთ-ერთი გზა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ამაში ახალი არაფერია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ საქართველოში დაახლოეით ერთი წელი ვაქცინა არ იქნება, თუმცა, ქვეყნის მთავრობა საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოდან, იანვრიდან მოსახლეობა აიცრება. ეს შესაძლებელი იქნება?
- თქვენ ამბობთ დეკემბერში?! ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმე ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ამ მხრივ კარგი ამბები გავიგო, მაგრამ უფრო რეალური იქნება ის, რომ ჩვენ მთვარეზე ქალაქი ავაშენოთ, ვიდრე დეკემბერში ვაქცინა იყოს. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ კუთხით საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული. ასევე, ვაქცინის ქონა ერთია და მეორეა ამ ვაქცინას როგორ გამოიყენებ. ვაქცინის გაკეთება უნდა მოხდეს ნებაყოფლობით. ასევე, ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური.
როგორც ცნობილია, საქართველოში პირველ ეტაპზე ვაქცინა ჩაუტარდებათ ექიმებს, ასაკოვან და მოწყვლად მოსახლეობას...
- მთელ მსოფლიოში ასეა. ვაქცინას უკეთებენ 60 წელს გადაცილებულებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ა.შ. მაგრამ, ვირუსს ვერ შევაკავებთ, თუ ახალგაზრდები არ ავცერით. მოსახლეობის 70 პროცენტს მაინც უნდა ჰქონდეს ვაქცინა გაკეთებული, რომ ვთქვათ, ქვეყანა უსაფრთხოა. თუ 70%-ს არ მივაღწევთ, ვაქცინის გაკეთებას აზრი არ აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა ვაქცინით შეაკავა ვირუსი, რადგან ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებამ ძალიან იკლო?
- არა, ვაქცინა რა შუაშია?! კორონას ებრძვის მხოლოდ კარანტინი. ნახეთ ჩინეთში ყველას პირბადე უკეთია. თუ გვინდა, რომ შევამციროთ კორონავირუსის გავრცელება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს კარანტინი, შემდეგ ტოტალურად პირბადის გაკეთება, ტოტალურად ხელების დაბანვა და ტემპერატურის გაზომვა. ეს არის გზა ვირუსის დამარცხების და შემცირების. ეს არის გადარჩენის გზა. ამას არ სჭირდება ათპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული პარლამენტიც მიიღებს კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილებას.
საქართველოში მოსახლეობის ნაწილი კარანტინის გამოცხადებას ეწინააღმდეგება და მიზეზად ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს...
- ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არც პოლიტიოსი ვარ და არც ეკონომისტი. მე ვარ ქირურგი და საქმეს ექიმის გადმოსახედიდან ვუყურებ. მაგალითად, აპენდიციტია გასაკეთებელი, მორჩა, ექიმი ვარ დიაგნოზი დაგისვი, გასაკეთებელია და ის უნდა გაკეთდეს. ასევეა კოვიდის შემთხვევაშიც, მაგრამ გამოდიან პოლიტიკოსები და გვეუბნებიან როგორ უნდა ვუმკურნალოთ კოვიდს, ეს ხომ არ შეიძლება, თუნდაც თვალის ექიმმა რატომ უნდა მოგცეთ რჩევა. მე ვარ მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ვიცი, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. ჯანდაცვის სისტემა მართული უნდა იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და არა პოლიტიკოსების ან სხვა პირების მიერ. თვალის ექიმი ექსპერტად არ გამოდგება.
საქართველოში ადევნებთ თვალს კორონავირუსის გავრცელების რაოდენობას. თქვენ, როგორც ექსპერტი რას იტყვით, რამდენ ხანში დავამარცხებთ ამ ვირუსს?
- კორონავირუსს იქამდე ვერ დავამარცხებთ, ვიდრე მსოფლიო არ დაამარცხებს. საქართველოში წერტილოვანმა შეზღუდვებმა კარგად იმუშავა. რაც მთავარია, გადავლახეთ და პიკი აღარ არის. კი, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა გავრცელების არა. ეს კარგი ამბავია. მაგრამ, თუ გვინდა, რომ შევაჩეროთ ვისუსის გავრცელება, ქვეყანა 6 კვირა მაინც უნდა იყოს ჩაკეტილი. 9 საათის შემდეგ კი არ უნდა იყოს კომედანტის საათი, არამედ 24 საათიანი უნდა იყოს.