მსოფლიო ახალ საფრთხეზე ალაპარაკდა. ინგლისის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, როგორც სპეციალისტები საუბრობენ, კოვიდ-19-სგან განსხვავებით, ახალი შტამი უფრო მარტივად მიმდინარეობს.
ქართველი ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც გამოვლინდება, შეიქმნება კოლაფსი, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს და ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესაც დამძიმდება.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი 70% -ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი უფრო მომაკვდინებელია.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, მისი თქმით, ვაქცინა, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ასევე ეფექტური იქნება ახალი სახეობის წინააღმდეგ.
„ეჭვები, რომ ზოგიერთთან სხვანაირად მიდის, ზოგ შემთხვევაში მეტი გადამდებლობა აქვს, რთულია ამაზე საუბარი. უბრალოდ, ეს არის ძველი ვირუსის გაძლიერება და პასაჟირება. ეს არის, როგორც ამბობენ, იგივე კოვიდინფექცია, ოღონდ შეცვლილი გენეტიკური მასალით. აქვს ბევრად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა, ოღონდ ძალიან მაღალი გადამდებლობა. ჯერ მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს, ლაბორატორიები რას გვეტყვიან, უკვე შემდეგ გამოჩნდება.
კოლაფსი შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ მძიმე შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დახმარების საშუალება გვექნება. საუბარია ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე, სპეციალიზირებულ განყოფილებებზე, როგორიც არის რეანიმაცია და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება კოლაფსი. თუ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია იქნება და ადამიანი გრიპივით გადაიტანს, არავითარ კოლაფსზე საუბარი არ გვექნება.
ჯერ ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სანამ ის ვირუსი (ახალი სახეობა) მოვა, საქართველოში უკვე სტაბილური გახდება სიტუაცია. ლევან რატიანმა ისიც თქვა, რომ სანამ ჩვენ ვაქცინირებას დავიწყებთ, მანამდე ვირუსი ყველას მოხდილი ექნებაო. საქართველო პატარა ქვეყანაა და დღიურად ათასობით ადამიანი თუ გამოჯანმრთელდება ვირუსისაგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე იმუნური ფენა წარმოიქმნება და დამთავრდება ეს ეპიდემია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის საქართველოში გამოვლენის გარეშე არსებობს ქვეყანაში კოლაფსი, თუმცა, კოვიდ-19-ის ახალი შტამი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.
„მუტაცია მუდმივად ხდება. ათ მუტაციაზე მეტი მოხდა, რაც ეს ვირუსი არსებობს. ახალი სახეობა, როგორც ამბობენ, უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ უფრო რთული არ არის, უბრალოდ გავრცელების სიჩქარე აქვს მეტი.
თუ საქართველოშიც შემოვიდა, უფრო მეტი ავადმყოფი გვეყოლება, თუმცა, სირთულით არაფრით განსხვავდება. ეს შტამი ჯერ კიდევ სექტემბერში აღმოაჩინეს ავსტრალიაში, ახალი არ არის. უბრალოდ ახლა გამრავლდა, გადაცემის სიჩქარე მეტი აქვს. როგორც ირკვევა, სხვა სირთულით და სიკვდილიანობით დიდად არ განსხვავდება. რეალურად კოლაფსი ახლაც არის, უბრალოდ ვითარება უფრო გაგვირთულდება, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა არ არის ამისთვის მზად.
გაირკვევა მალე რა და როგორ არის, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის ვაქცინაციას, რადგან, როდესაც ვაქცინა მზადდება, როგორც წესი, ითვალისწინებენ, სხვადასხვა მოსალოდნელ მუტაციას, მით უმეტეს, ამ მუტაციის შესახებ უკვე სექტემბერში იცოდნენ“, - განაცხადა ვატო სურგულაძე For.ge-სთან.
ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის ახალი სახეობა საქართველოში შემოაღწევს, სავალალო მდგომარეობა შეიქმნება.
„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე, ღმერთმა დაგვიფაროს და საქართველომდეც თუ მოვიდა, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა იქნება. აქ სიკვდილობაზე არ არის საუბარი, აქ არის რაოდენობაზე საუბარი. თუ შემოაღწევს საქართველოში ძალიან გაგვიჭირდება“, - განცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თვისებები ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, ამან შესაძლოა დამატებით პრობლემები შექმნას. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით ახალი სახეობით გამოწვეული დამძიმებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
„თუ შენ ახალი მუტაციური ვარიანტის თვისებები ბოლომდე არ იცი, ამან შეიძლება დაგაყენოს პრობლემის წინაშე, იგივე დაამძიმოს პაციენტების მდგომარეობა და ჩნდება კითხვა - ეს ხომ არ იქნება იმ ვაქცინის უეფექტობის საფუძველი, რომელსაც ევროპის ქვეყნები აკეთებენ?
არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ თუნდაც ბრიტანეთში და ინგლისის რომელიმე ნაწილში დაუმძიმდათ პაციენტები ან პირიქით ბევრი პაციენტია, დღეს არ არსებობს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.