ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რასაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში დიდი კრიტიკა მოჰყვა. საქმე ეხება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ-პოსტს,“ სადაც მან პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას 16 დეკემბერს მიმართა. თუმცა, შემდეგ ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განსახილველ თემას არ წარმოადგენს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და განაცხადა, რომ „სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს“. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს გვარამიას სტატუსს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი“, - აცხადებს ქარტია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება დაგმეს ქარტიის საბჭოს წევრებმა და განაცხადეს, რომ ქარტიაში შერჩევითი დამოკიდებულება არსებობს, რასაც თავად ემიჯნებიან. ჟურნალისტმა მანუჩარ პირველმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ განცხადების საფუძველზე დატოვა. კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ნინო კაკულიამ ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისია დატოვა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა, თუმცა, ქარტიამ ჩათვალა, რომ განმარტებას ვერ გააკეთებს, რაც ჟურნალისტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
დამატებით For.ge-სთან კომენტირებისას მანუჩარ პირველმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა განცხადების მეორე ნაწილი. მისივე თქმით, დროა სოციალური ქსელი მიჩნეულ იქნას, როგორც მედია. მანუჩარ პირველის განცხადებით, ქარტიას გვარამიას პოსტი უნდა განეხილა და მსგავსი დამოკიდებულება არ გამოეჩინა.
„ძალადობრივი ენის წინააღმდეგი ვარ. ძალადობრივი ენა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა. პირველი, რისთვისაც ქარტიას გავემიჯე ისაა, რომ თუ არ განიხილა ეს მისი პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ვნახეთ, ბოლო აბზაცში მან სახელმწიფოს მოუწოდა.
უნდა დავსხდეთ ოდესღაც და ვთქვათ, არის თუ არა სოციალური ქსელი მედია. მედია არის საშუალება, რომელიც ხალხს სიტყვას აძლევს, თუმცა, გაცილებით დიდი მასშტაბებით. ამიტომ, იმის თქმა, რომ სოციალური ქსელი არ არის მედია, ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა. მსოფლიომ უკვე დაიწყო ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა. გვახსოვს „ფეისბუქზე“ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი სურათი. თვით მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მოხსენეს „ბორტიდან“.
თუ გვინდა, რომ დავემსგავსოთ ქვეყანას, ნელ-ნელა უნდა გავათავისუფლოთ მედია სიძულვილისგან. აზრის გამოხატვა სხვა არის, სიძულვილი სხვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ დაგიგროვდეს ბოღმა და ეს ბოღმა შემდეგ ანთხიო. ნიკა გვარამიასთვის ხომ ვართ ღირებული და მისი ტელეპროდუქტი იქმნება ჩვენთვის? - იგივე ხალხი მოღალეტეებად არ უნდა გამოგვაცხადოს. გვახსოვს შარშანწინ არჩევნებზე ყველანი მოღალატეებად გამოგვაცხადა, ვინც რომელიღაცა კანდიდატს დაუჭირა მხარი. მაშინაც კი სწორი რეაგირება უნდა გვქონოდა, თუმცა, არ გვქონია.
ქარტიის მიღმა არ მინდოდა ჩემი თავის დატოვება. მსურდა იმ პროცესებში, რასაც სიძულვილისგან განთავისუფლება ჰქვია, მიმეღო მონაწილეობა. შეიძლება ქარტია ამოსულიყო ამ ყველაფრიდან და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო, თუ ვისგან იყო ეს გავრცელებული, თუ საქმე ჟურნალისტის ეთიკას ეხებოდა, ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ჟურნალისტია.
ის 9 მუხლი, რაც ქარტიას აქვს, რამდენად სწორად არის შედგენილი მაშინდელი კრების მიერ, ამაზე აღარ ვიმსჯელოთ. არის თუ არა ჟურნალისტი ნიკა გვარამია, გვაქვს თუ არა საუბარი მის ეთიკასთან დაკავშირებით? რა მნიშვნელობა აქვს მან „ფეისბუქზე“ დაწერა თუ არა, როდესაც ჟურნალისტმა ეთიკის ნორმებს გადაუხვია?! - ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. რასაც ვაკეთებთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა. სოციალური „ნეთვორქი“ ისეთი, როგორიც ფეისბუქია, მსოფლიოში ყალიბდება, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში“, - განაცხადა მანუჩარ პირველმა For.ge-სთან.
ჟურნალისტი ნინო კაკულია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქარტიაში მოქმედებს შერჩევითი მიდგომა, რაც მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, იგი არ ტოვებს ქარტიის საბჭოს, თუმცა, შესაძლოა, დატოვოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისია.
„ყოფილა შემთხვევა, როდესაც „ფეისბუქპოსტზე“ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს თავის პირად გვერდზე დაუწერია ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი განცხადება და ამას მოჰყოლია ძალიან მწვავე რეაქცია ჟურნალისტების და ქარტიის მხრიდანაც. შემდეგ კი ეს თანამდებობის პირი დასჯილა ამის გამო. როდესაც ჩვენ, ჟურნალისტები ვაპელირებთ იმაზე, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება, შენ ხომ მხოლოდ ძალაუფლება არ გაქვს, ამავე დროს გაქვს პასუხისმგებლობაც. ყველაფრის უფლება არ გაქვს, რაღაცის უფლება გაქვს, მაგრამ რაღაცის არა.
როდესაც გვარამია ქვეყნის სახეს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს, ვთვლი, რომ ქარტია ამაზეც უნდა რეაგირებდეს. თუ ის თავს იკავებს განმარტება და შეფასება მისცეს მწვავე განცხადებას იმის გამო, რომ ის „ფეისბუქპოსტი“ იყო, მაშინ ჩვენ რატომ გამოვდივართ იმ წინადადებით, რომ ხელისუფლების რომელიღაცა შტოს წარმომადგენელმა პასუხი უნდა აგოს აუცილებლად?! - არ უნდა იყოს ასეთი შერჩევითი მიდგომა.
როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანგარიშს უწევს ეთიკის ქარტიის თუნდაც სახელმწოდებას და გიგზავნის წერილს, რომ შენ რა რეაგირება გაქვს ამ პოსტთან დაკავშირებით, - შენ სხვანაირი განმარტება უნდა გააკეთო. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს უკიდურესაც შეუარცხმყოფელი განცხადებების დაშვება ამ ქვეყანაში. ამან ძალიან დააკნინა მედიისადმი საზოგადოების განწყობა და ნდობა. საზოგადოება სწორედ იმის გამო გამოხატავს აღშფოთებას, რომ მედია ამ დღეშია დღეს, რომ შენ გეპატიება ყველაფერი და ხელისუფლების წარმომადგენელს არაფერი არ უნდა ეპატიოს.
ეს არის პრეზიდენტის დაბულინგება. ეთიკის ქარტიამ რეპუტაციულად დაუშვა შეცდომა, როდესაც სხვა განმარტება არ გააკეთა. მე, როგორც ქარტიის წევრს, ამაზე მქონდა რეაქცია, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ სახე“, - თქვა ჟურნალისტმა.
როგორც ნინო კაკულიამ For.ge-სთან საუბრისას დასძინა, კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუკი კომისია მის წინადადებას განიხილავს, კერძოდ:
„მე არ მინდა დავტოვო ქარტია, რადგან ვხედავ არასწორ მიდგომებს და არასწორ დამოკიდებულებებს, რასაც შიგნით უნდა ვებრძოლო. სხვა საქმეა, მე რატომ დავტოვე სარევიზიო კომისიის წევრობა. სარევიზიო კომისიას ამჯერად აქვს მხოლოდ ერთი უფლება, რომ ეთიკის საბჭოს ქარტიის საქმიანობის საფინანსო რევიზია მოახდინოს. ვხედავ ქარტიაში საქმეების განხილვისას, რომ ქარტიის მხრიდან შერჩევითი შეფასებები მოდის.
რეკომენდაციით მივმართე ქარტიის საბჭოს, რომ სარევიზიო კომისიას შეეძინა დამატებითი ფუნქცია, რომ ეს ყოფილიყო ერთგვარი რევიზია საბჭოს მიერ საქმეების განხილვის შეფასებებისა, მისი განცხადებების და რეაგირების შეფასების, რომ რაღაც კონტროლის მექანიზმი არსებობდეს და ამ გადაწყვეტილებაში მხარი არ დამიჭირა სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელმა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რევიზიისთვის ამ უფლების განსახორიციელებლად არ მიმაჩნია სწორად ამ სარევიზიო კომისიაში დარჩენა. ამ ვითარებაში, ჩემი კონრეტული წინადადების არგაზიარების გამო დავტოვე სარევიზიო კომისია, მაგრამ არ ვტოვებ ქარტიის საბჭოს, რადგან ბრძოლა შიგნით უნდა გავაგრძელო.
ვინაიდან ქარტიის საბჭოში ერთი კეთილგონიერი ადამიანი გამოჩნდა, ვინც თქვა, რომ იქნებ თავისი რეკომენდაციით ნინო კაკულიამ, თუ ჰყავს თავისი თანამოაზრეები, მოგვმართოს წინადადებით და საერთო კრებაზე განვიხილავთო. თუ ამ მოქმედებას ექნება აზრი და მეტყვიან მოგვმართეო, დავრჩები. თუ ეს საკითხი არ გავიდა, მარტო ფინანსური რევიზიის კეთებისთვის, იქ არ დავრჩები“ - განაცხადა კაკულიამ For.ge-სთან.