ჯამბაზთა შეთქმულება - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ჯამბაზთა შეთქმულება - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
“ბიჭს კაცად მხოლოდ ქუჩა ხდის და ის, ვინც ქუჩაში არ იდგა, არ არის კაცი. ქუჩის აკადემია, როგორც ფენომენი, გაჩნდა XX საუკუნის პირველ ნახევარში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (საზღვარგარეთის ქვეყნებში ასეთი ფენომენი ასეთი ფორმით არც არსებობდა და არც არსებობს). გამოდის, მანამდე კაცები არ არსებობდნენ? ცოტა უცნაური დასკვნაა, დამეთანხმებით. კაცობა კაცის ხასიათშია და მისი უპირველესი მასწავლებელი უნდა იყოს საკუთარი ღირსების გრძნობა, რომელიც თვითონ უნდა გაგაჩნდეს და ვერანაირი ქუჩა ვერ გასწავლის.

ცხოვრებისეულ გამოცდილებას რაც შეეხება, ძველი “ნაჩნოი ვორების” ეპოქის ქუჩა მართლაც ბევრის მასწავლებელი იყო, თუმცა დღეს ქუჩა მოზარდზე უარყოფითი გავლენის მეტს აღარაფერს მოახდენს”.

ქართულ ინტერნეტფორუმებზე საზაფხულო მოწყენილობას ხანდახან, სწორედ ზემოთ მოყვანილისნაირი პოსტები ახალისებს. თუმცა, სიხალისე ყველაზე მეტად, მაინც სამამულო პოლიტიკაზე მსჯელობას მოაქვს.

66-ე სონეტი და ქართული რეალობა. თურმე, ასე ზუსტად ვერავინ და ვერაფერი აღწერს ქართულ რეალობას.

maxo999: „გენიალური შექსპირის 66-ე სონეტის რ. თაბუკაშვილის გენიალური თარგმანი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას...

სონეტის გაშიფვრა: „რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება“, - ვინც ვქართველობთ დაგვაბეჩავეს და დაგვცინიან.

„რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა“, - ბელადი და მისი ნაცები.

„რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება“. - ბელადის პიარი და საზოგადოების „დაბოლება“. და სხვა...“

და, ეს საწყალი კურდღელი... “ეს საწყალის კურდღელის” ტექსტი არ გეჩვენებათ სიმბოლურად? დააკვირდით, ფატალური სიმბოლურობით არის გაჟღენთილი, ერთს მიგანიშნებთ: კურდღელი - საქართველო.

ნიკოლო, ვაცლავ, მაჰათმა, ზვიადი და მიშა...

licemer: “ესე იგი, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, გვარწმუნებს მაკიაველი. უფრო მეტიც, კომერციულად მომგებიანი სიბიძურეა ეს სიბინძურე ჩვენთვის და ამიტომ მივძვრებით სიამოვნებით და აღტკინებით ამ სიბინძურეში. ბატონო ნიკოლო. ნიკოლოს კატეგორიულად არ ეთანხმება მაჰათმა განდი, რომელიც გვასწავლის, რომ პოლიტიკა ზნეობრივად მაღალი, კრისტარულად სუფთა ადამიანების საქმეაო. იგივეს უბნობს ვაცლავ ჰაველი.

ისინი ვინც 90-იან წლებში რუსული ტინგიც-თამაში „კავეენი“ ფაქტიურად გააპროფესიონალურა, საზოგადოების წინა პლანებზე გამოიჯგიმნენ და არანაირად არ უნდათ ამ მდგომარეობის დათმობა, ამასთან ეს ხალხი, როგორც წესი, „პაგალოვნა“ მმართველი პარტიის ერთგულ დასაყრდენად გვევლინებიან...

ჩვენ „ტუზი დაგვეცა“, ამ მხრივ გამოცდილებას ნამდვილად არ ვუჩივით, რამეთუ მაჰათმა განდის და ვაცლავ ჰაველის სწავლების ტიპის ლიდერიც გვყავდა ზვიადის სახით ... და გვყავს „ბოროტების გზაზე“ მავალი პრეზიდენტი, რომელიც ნიკოლოს გემოვნებაში კარგად ჯდება. მოკლედ, უზერებო, თქვენი აზრით, მომავალში როგორი ტიპის ლიდერი ჭირდება ქვეყანას „ბოროტების გზაზე“ მავალი თუ კრისტარულად სუფთა?“

ყველგან სულ ეს ზვიადი როგორ უნდა გამოჩხირონ ხოლმე… თან, გამოჩხერვაც არის და „გამოჩხერვაც“… მერე, ეს “კრისტარულად” რა უბედურებაა? ხომ შეეძლო ამ ნორჩ ზვიადისტს რომ ისე დაეწერა, როგორც წესი და რიგია – “კრისტალურად”.

ქვეყანა სოფელზე დგას, უფრო სწორად სოფელზე კი არა, თურმე „თემატურ სოფლებზე“...

August: “ახლა ვთარგმნი მასალას, რომელიც მზადდება ერთი ჯგუფის ტრენინგისათვის. თემის სახელწოდებაა “თემატური სოფლები”. თემატური სოფლების შექმნა ეს არის სოფლისმეურნეობის გამოცოცხლების ერთ-ერთი საშუალება. ამ პროგრამის ღირსება ის არის, რომ დიდ თანხებს არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში დასწყისისათვის მაინც, და სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს. მისი განხორციელება შესაძლებელია სოფლების უმრავლესობაში, იქაც კი, სადაც თითქოს საინტერესო არაფერი არის.

თემატური სოფელი არის სოფელი, რომელსაც აქვს საკუთარი, თავისი არსით ერთადერთი, განვითარების ჩანაფიქრი. აქ საუბარი არ არის მიწის დამუშავების, მებაღეობის, მესაქონლეობა-მეფრინველეობის ახალ მეთოდზე. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ თემატურ სოფლებში ჩანაფიქრი უფრო მეტად ორიგინალურია. არსი უფრო მნიშვნელოვანია”.

90-იან წლებში, მახსოვს, თბილისში მრგვალი “სოფლის მაშენებელნი” გამოჩნდნენ და გმირთა მოედანზე წრეზე დადიოდნენ.

მართალია არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მაინც უნდა გამცნოთ, რომ დაკავებულია კახა მისირელი!

Gemballa: “არ გეცნობათ არავის კახა მისირელი? მარტო მე მეცნობა? თუ არ ვცდები, ეს იყო კოდუას პირველი მარჯვება ხელი „სოდ”-ში. ერთერთი ყველაზე მაღალჩინოსანი მოდულის შენობაში. ნუთუ მაგრად ვცდები და სხვაში მეშლება? „კაკადუ”, ტო! არავის გეცნობათ?! არავინ არის ძალოვანი? უეჭველი ეცოდინება!”

ეს არ ვიცი და, პიეტრო მისირელი კი მეცნობა, სტენდალის „ვანინა ვანინიდან“...

ჯამბაზოკრატია - მასხარათა მართველობა, უცნაური მოვლენა თუ ქართული კანონზომიერება?

chombe: „არსებობს:
- დემოკრატია,
- ავტოკრატია,
- არისტოკრატია,
- პლუტოკრატია,
- ოხლოკრატია,

და რა ვიცი კიდევ რანაირი „კრატია“ აღარაა ამ ქვეყნად... მარა ქართული ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტიურად ახალი „კრატია“ დავამკვიდრეთ ქვეყნად ჯამბაზოკრატია იგივე კლოუნოკრატია იგივე რიჟიკოკრატია (რუს).

აგერ გადავხედე ჩვენს მმართველ პოლიტ-ძალას, ტვ-ებს, სასპორტო სფეროს და გასაკვირალი რამ აღმოვაჩინე ისინი ვინც 90-იან წლებში რუსული ტინგიც-თამაში „კავეენი“ ფაქტიურად გააპროფესიონალურა, საზოგადოების წინა პლანებზე გამოიჯგიმნენ და არანაირად არ უნდათ ამ მდგომარეობის დათმობა, ამასთან ეს ხალხი, როგორც წესი, „პაგალოვნა“ მმართველი პარტიის ერთგულ დასაყრდენად გვევლინებიან...

ხაჩიძე მინისტრია... საზმაუს ჭანტურია ხელმძღვანელობს... ამავე საზმაუს ნასარიძე უცქვიტინებს... ვინმე შონზო საკრებულოს წევრია... შალვა რამიშვილი მუდამ იმას გავყვედრის რომ „ვარდების პუტჩის” იდეური მამა იყო და ამისათვის დივიდენდებს ითხოვს...”

ეხლა ეს რაიმე სპეციფიკური ქართული მოვლენაა, თუ ფაქტობრივად საქმე გვაქვს ჯამბაზთა ფარულ საზოგადოებასთან, რომელიც მსგავსად მასონთა ლოჟისა ცდილობს ყველაფერი თავის გავლენის ქვეშ მოიქციოს?

გრძელდება საუბრების ციკლი: მიშა, ჯიგარი ხარ! შემდეგი ნაბიჯები რაც უნდა გააკეთოს სააკაშვილმა...

kertis: „1. სასწრაფოდ უნდა შექიმნას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საგარანტიო ფონდი... სავარაუდოდ 200.000.000 ლარის მოცულობით. ფონდმა უნდა გასცეს 90%–იანი მოცულობის გარანტიები იმ ბანკების სასარგებლოდ, ვინც დააფინანსებს სოფლის მეურნეობის პროექტების დაკრედიტებას. საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს მაქსიმუმ 9% წლიური. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის განვითარება არ მოხდება. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს ტურისტულ განვითარებაზე სოფლის მეურნეობა პირველ რიგში უნდა განავითაროს...

2. სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველოს საელჩოებში ინვესტმენტ მენეჯერების გაგზავნა, როგორც ეკონომიკურ საკითხებში ატაშეებად. მათი ფუნქცია იქნება ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

3. ტურისტული სერვისების ღირებულება არ უნდა გაძვირდეს ქართული წესით, თორემ თუ აჭარაში დასვენება იგივე დაჯდა რაც თურქეთში და ეს ბევრ ტურისტს გააქცევს აქედან. ანუ, ფასების რეგულირება საჭიროა...”

ფასების რეგულაციას ვისთვის, სად და როდის მოუტანია სიკეთე, რომ საქართველოს ტურ-ინდუსტრიას წაადგეს რამეში?

დუბაი, ბარსელონა, აჭარა, ნიცა, მონაკო... სულო და გულო რომელიც გინდა...

Kmuno: “ყრმა ბავშვობის მოგონებებს მივუჯექი და სათითაოდ ვიხსენებ, განსაკუთრებით იმ დროს როდესაც მთელი მისი სიძლიერითა და მრავალფეროვნებით იბრაგიმოვიჩი მართავდა აჭარას, „ჩვენი ლომი“ „ჩვენი ადამიანი დიდი ასოებით“... განსაკუთრებით მახსენდება ელიტარული კასტა, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მომღერლები და ა.შ. ბუნდოვნად თუმცა ბავშვური გონებით მახსოვს, თუ რაოდენ „მრავალფეროვანი“ იყო იმ დროს აჭარა, ქობულეთი, 2 მარტივი მიზეზის გამო, ბევრი „ფირმა“ ავტომობილი მოძრაობდა და შუქიც იყო ასე თუ ისე 24 საათი.

თუმცა ზაფხული ხანმოკლე იყო, დაახლოებით ივლისის ბოლოდან იწყებოდა და აგვისტოს 25-მდე გრძელდებოდა, ასე თუ ისე მოსახლეობა მთელი 11 თვის ფულს აგროვებდა და შვებით ამოიოხრებდა „საჭმლის ფული იქნა“...

ახლა იბრაგიმოვიჩის ეპოქის წვრილი ჩინოვნიკები მოგვევლინენ მსხვილფეხა „ჰასურდარსტვენნიკებად“, იმ დროინდელი ტაკიმასხარა მსახიობები და მომღერლები ზოგიც რუსეთშია, ზოგიც კიდევ დროს უბამს მხარს და ძალიან კარგად გრძნობს თავს. აღარ დავაკონკრეტებ, ვის ვგულისხმობ. თუ ადრე პირველი პირის უახლოესი გარემოცვა იარაღის, წამლისა და სხვა ბიზნესით ირჩენდა თავს, ამჟამად ლეგალური, სამართლიანი ბიზნესით იკვებება. თუ იმდორინდელ საკრებულოში 25 სულიერი მოძრაობდა, ამჟამად 35 დასეირნობს. თუ იმდროინდელი მედიასაშუალებები შავ-თეთრი ან მაქსიმუმ 3 ფერში შეკაზმულ კიტრი-პომიდვრის სალათას წააგავდა, დღეს ჟულიენსაც კი არ ჩამოუვარდება”.

იბრაგიმოვიჩმა “ბარსელონას” დამართა ცუდი ამბავი და აჭარაში რომ ვერ გაიხსნეს ფლანგზე, რა გასაკვრია…