„ამიხსნას ვინმემ, თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება ჩემი კონცერტი ამავე სასტუმროში?“

„ამიხსნას ვინმემ, თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება ჩემი კონცერტი ამავე სასტუმროში?“

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. წელს არ გაიხსნება საახალწლო სოფელი, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა კი გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს თბილისში, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო კონცერტზე, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მერია ნახევარ მილიონ ლარამდე დახარჯავს. აღნიშნულ ინფორმაციას, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ვკითხულობთ.

დედაქალაქის მთვარობის მიერ გამარტივებული შესყიდვების მიხედვით, 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება. „საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას - სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას.

სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.

კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი“, - წერია მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში.

For.ge დაინტერესდა პანდემიის ფონზე, რომელ მომღერალს გაუმართლა და ვინ მოხვდა საახალწლო კონცერტის სიაში.

სააგენტო ასევ დაინტერესდა ხელოვნების ამ სფეროს წარმოამდგენლებმა სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება თუ მიიღეს. როგორც ჩვენი რესპოდენტებისგან შევიტყვეთ, მომღერლების ნაწილს დახმარება ერიცხებათ, რადგან ისინი ოფიციალურად გაფორმებულები არიან.

თუმცა, ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მათ ჯერ არავინ დაკავშირებიათ. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მათი მთავარი შემოსავალი სწორედ სიმღერაა და სახელმწიფო კონცერტები.

ჯერ არ იცის მიიღებს თუ არა საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მომღერალი ნინო ჩხეიძე.

„ჯერ არაფერი გამიგია. აღნიშნულ პროექტში ჩართული არ ვარ. რაც შეეხება პანდემიას, ყველაზე მეტად ჩვენი სფერო დააზარალა და გამონაკლისი არც მე ვარ. მთლიანად ჩემს საქმეში ვიყავი ჩართული. უცხოეთში ძალიან ბევრი კონცერტი გადამედო და როგორც ყველა, ისე მეც დავზარალდი. მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ეს პერიოდი რაღაცნაირად უნდა გავიტანოთ“, - განაცხადა ნინო ჩხეიძემ for.ge-თან საუბრისას.

საახალწლო კონცერტის შესახებ ჩვენგან შეიტყო მომღერალმა მარიტა როხვაძემ.

თქვენგან გავიგე, რომ საახალწლო კონცერტი ტარდება. ამ პანდემიის პერიოდში არავინ მუშაობს, განსაკუთრებით კი ხელოვანი ადამიანები. სექტემბრიდან მოყოლებული უმუშევრად ვართ. თავისთავად კორპორატიული საღამოებიც აღარ არის, სახემწიფო კონცერტებიც არ ტარდება. ერთადერთი ნათელი წერტილი საახალწლო კონცერტი იყო და მგონი ისიც არაა. აქედან გამომდინარე, ყველა ძალიან ცუდ მდოგმარეობაში ვართ.

ჩემთვის საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად არავის დაურეკავს. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ონლაინ შეიძლება ჩატარებულიყო, მაგრამ ის, რომ 30 კაცი მიიღებდა მონაწილეობას, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მქონდა. ამ შემთხვევაში რა უნდა ვთქვა უკვე არ ვიცი. საქართველოში იმედად ბევრი ნიჭიერი ადამიანია, განსაკუთრებით კარგი მომღერლები, ამიტომ ვფიქრობ, რომ 30კაცზე გათვლა არ უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო ისე, როგორც ადრე ხდებოდა. გასულ წელსაც საახალწლო კონცერტში მონაწილეობა მივიღე და მაშინ თითქმის ყველა მომღერალმა იმღერა. ეს არ იყო მხოლოდ 31 დეკემბერს, გადანაწილებული იყო დღეებზე - ახალ წლამდე კონცერტები და ახალი წლის კონცერტები, სადაც ყველა მომღერალი იღებდა მონაწილეობას.

ახალი წელია ერთ-ერთი ის დღესასწაული, რომელიც ჩვენთვის შემოსავლიანია და ყველა კმაყოფილი იყო. დღეს კი, თქვენგან გავიგე, რომ წელს 30 კაცი იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას მარიტა როხვაძემ.

ახალი წლის ღამეს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებში დახურული ღონისძიებები აიკრძალება. მინისტრის აკრძალვას, მომღერალი მარიტა როხვაძე ეთანხმება.

„ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება დახურულ სივრცეში „ივენთების“ ჩატარება. თუ დაუშვებდნენ სასტუმროებში ღონისძიების გამართვას, მაშინ რატომ არა მთლიანი კონცერტის გაკეთება?! არ ვიცი, რა ვთქვა, ეს იყო ჩვენთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ვინც ამით ვართ მხოლოდ დაკავებული და პარალელული სამსახური არ გვაქვს. დამიჯერეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვინც რეგიონებიდან ვართ ჩამოსული, ყველას საკუთარი ბინა არ გვაქვს, ქირის გადახდა გვიწევს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რაღაც დახმარება უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებული არაა, ყველას არ აქვს ერთჯერადი დახმარება, ან 6-თვიანი. მართლაც ძალიან ცუდ დღეში ვართ“, - განაცხადა მარიტა როხვაძემ.

ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, მარიტა როხვაძე ოფიციალურად ერთ-ერთ რესტორანში არის გაფორმებული, ამიტომ ის სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება.

„იმ რესტორანში სადაც ვმღერი, ხელშკრულება ოფიციალურად მაქვს გაფორმებული. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს რესტორნის ხელმძღვანელობა აგვარებს. მაგრამ, ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. როგორც ვიცი, პირველ ეტაპზე ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებები იყო და შემდეგი ეტაპია 6-თვიანი 200 ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახური შეუჩერდა. იმედი მაქვს, ეს პერიოდი დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხელისუფლება გამოსავალს მოიფიქრებს. კონცერტები იყო ჩვენი შემოსავლის წყარო და ოჯახებს ვარჩენდით. ჩემს მდგომარეობაში არაერთი მომღერალია“, - გვითხრა მარიტა როხვაძემ.

ახალი წლის ღამეს სასტუმროებში მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვის ინიციატივას ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, მომღერალი ოთო ნემსაძე უწუნებს და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოქვეყნა.

„ამიხსნას ვინმემ, თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, სადაც ყველა ყოველდღე ერთმანეთს ხვდება, რატომ არ შეიძლება ჩემი 50-კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში? ხმას არ ვიღებ ამდენი ხანია. ვემორჩილებით ყველა რეგელაციას, ვემიჯნები პოლიტიკურ აურზაურს. მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით? ან ის ხალხი მაინტერესებს, საახალწლო კონცერტების გამო რომ გვლანძღავს და თვითონ ერთი წელი სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასს რომ იღებს. მე რა ვქნა, არც თვითდასაქმებულშიც რომ არ გავდივარ. ამიხსნას ვინმემ !!!“ - წერს ოთო ნემსაძე.

აღნიშნული საკითხის განვრცობა, მომღერალმა for.ge-თან არ ისურვა და განაცხადა, რომ ყველა მის ნათქვამს პოლიტიკურ ელფერს აძლევენ.

„სოციალური ქსელი ჩემი პირადი სივრცეა, რომელსაც ყველა კითხულობს. უბრალოდ, საჯაროდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან შემდეგ პოლიტიკურ ელფერი ეძლევა ჩემს ნათქვამს. საერთოდ, პოლიტანგაჟირებული არ ვარ. რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, დიდი იმედი მაქვს მონაწილეობას მივიღებ“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას ოთო ნემსაძემ.

სააგენტო მერიასთან შეეცადა გადაემოწმებინა იმ 30 მომღერლის ვინაობა, თუმცა დედაქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. მხოლოდ ის გაგვანდეს, რომ ეს 30 მომღერალი გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

„საახაწლოდ სამი კონცერტი გაიმართება, სადაც სულ 300-მდე შემოქმედებითი პირი იქნება დაკავებული, აქ შედის მომღერლებიც, მოცეკვავეებიც და მსახიობებიც. ხოლო, გალა კონცერტზე 30 შემსრულებელი იმღერებს. თუ ვინ იმღერებს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, - განუცხადეს for.ge-ს თბილისის მერიაში.

mamago ამას თუ ვერ ხვდები, ვერავინ აგიხსნის!
3 წლის უკან