ამნისტიის, როგორც ჰუმანიტარული აქტის მიმართ, ოპოზიციას კითხვები აქვს

ამნისტიის, როგორც ჰუმანიტარული აქტის მიმართ, ოპოზიციას კითხვები აქვს

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება გიორგი რურუას, მათ შორის დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს – ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შეეხება იმ მსჯავრდებულ პირებსაც, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების, საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს.

მე–10 მოწვევის პარლამენტში პირველი კანონპროექტის ინიცირება მოხდა – ეს არის „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ზოგიერთი ისეთი სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულთა ამნისტიას, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც:

  1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – დაზარალებულის თანხმობა;
  2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა;
  3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება.

წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, უმრავლესობა იწყებს კონსულტაციებს დაინტერესუებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად.

„დღევანდელი მდგომარებით, ჩვენი ინიციატივა მოიცავს ასევე ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა. არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს. მათ სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნაკლებად არის მოსალოდნელი, „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას, მათ შორის ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს შეეხოს.

„ამნისტია გამორჩეულია იმით, რომ აქ ვერ იქნება საუბარი ინდივიდუალურ შემთხვევებზე. ზოგადი შეფასება უნდა გაკეთდეს თითოეულ მუხლთან მიმართებაში და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ამნისტიის კანონმა, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, ძნელია ვივარაუდოთ. მაგალითად გარეჯის საქმესთან მიმართებაში, რა კვალიფიკაციითაც მიმდინარეობს პროცესები, მეეჭვება აისახოს ამ საკანონმდებლო ინიციატივაში.

არ მგონია ამნისტია დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს შეეხოთ. ასევე, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს. პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მართველ გუნდში განმარტავენ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „მაღალი პროფილის“ საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„კანონით გათვალისწინებულ ყველა სუბიექტს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, კანონპროექტში ჩამოთვლილი იქნება ის მუხლები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამნისტია. შესაბამისად, როდესაც კანონი იქნება მიღებული, რა მუხლების ჩამონათვალიც იქნება დამტკიცებული მასში, პატიმრობაში მყოფ პირებს შეეხებათ ზუსტად იმ ინტერპრეტაციით, არც მეტად არც ნაკლებად.

ამნისტიის ეს ინიციატივა აიხსნება ერთადერთი მიზეზით – ეს არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება“, ხელისუფლება და პარლამენტი დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება გიორგი რურუას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება ამნისტიის კანონი მორგებული, იქნება მუხლი გათვალისწინებული და ამ მუხლის შესაბამისობა იმ რეალობასთან, რაც გააჩნიათ. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი საკითხი საკუთარ მიზნებს დაუკავშიროს.

„მე ვერ ვიტყვი რურუაზე წინასწარ, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტიის რაიმე მუხლი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, არის ადამიანების გაცილებით უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც სულ სხვა კუთხიდან იცნობს ამ ადამიანს და არ მიაჩნია რურუა პოლიტიკურ პატიმრად. კონკრეტული დანაშაული არსებობს, კონკრეტული მუხლი არსებობს და ამ მუხლის უკან არიან ადამიანები აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიით მისული ამ კონკრეტულ მუხლთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამნისტიის, როგორც ჰუმანური აქტის განხორციელებით კმაყოფილია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, თუმცა, მისი თქმით, აქ არის რამდენიმე სერიოზული საკითხი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი. ნაცვლიშვილის განცხადებით, ის ეჭვები, რომ კრიმინალურ სამყაროსა და მმართველ პარტიას შორის წინასაარჩევნოდ გარიგება მოხდა, ახლა კი საპასუხოდ „ქართული ოცნება“ ამნისტიის აქტს ახორციელებს, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალურ სამყაროს უნდა დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური. ამიტომ ჩვეულებრივ ქვეყანაში ეს იქნებოდა ჰუმანური აქტი, მაგრამ საქართველოში ეს კითხვას აჩენს. არის რამდენიმე სერიოზული საკითხი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი. პირველი – ასეთი მასშტაბური ამნისტიის განხორციელებისას აუცილებელია, რომ ეს არ ტოვებდეს აღქმას დაუსჯელობის წახალისების ან კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკის რამენაირად შესუსტების.

ამას უნდა მოაყოლოს სახელმწიფომ ძალიან მკაფიო სიტყვა და საქმე, რომ დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა გაგრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას „ქართული ოცნება“ არ მოაყოლებს იმიტომ, რომ მათთვის კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა არასდროს ყოფილა პრიორიტეტი და პირიქით, შემჩნეულები არიან თანამშრომლობაში კრიმინალურ სამყაროსთან“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებისას მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. უგულავას განცხადებით, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც. უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“.

„საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და მიხეილ სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი.

თუ ასეთ რამესაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით. თუ ეს საყოველთაო ამნისტიაა, უნდა შეეხოს ყველას ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამნისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვისხნის, რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.