„დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, რომ ელჩობა დაივიწყეს და არიან მედიატორები, მაგრამ ეს ძალიან ცუდი პოლიტიკურ-ეთიკური ჟესტია ჩვენი ვაიპოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც გააგიჟეს ელჩები“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
„სტერილური პარლამენტი“, „დენდროლოგიური პარკი“, -ოპოზიციის მხრიდან ასეთი შეფასებები დაიმსახურა მე-10 მოწვევის პარლამენტმა. მათივე მტკიცებით, ეს ისტორიული დღეა, რადგან, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაშინ ბერკეტი აღარ ექნებოდათ, ახლა კი მათ არსენალში რჩება ქუჩა, რომელიც, გუბაზ სანიკიძის თქმით, დემოკრატიის სამშობლოა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხალხი დაიღალა ქუჩის აქციებით. მხოლოდ ქუჩა რჩება ოპოზიციის არსენალში, თუ სხვა რესურსებიც აქვთ?
- თუკი დაღლაზეა საუბარი, მაშინ ჩვენ დავიღალეთ გაყალბებული არჩევნებით, ქუჩური პოლიტიკით, დავიღალეთ დაბალი პოლიტიკური კულტურით, აქ არ შეიძლება ვიღაცას ერთმნიშვნელოვნად დავადოთ ხელი. მე იმით უფრო დავიღალე და მრცხვენია პირადად, რომ თუნდაც სტრატეგიული მეგობარი იყოს, ან ვინც არ უნდა იყოს, ელჩების დონეზე ვარკვევთ ერთმანეთთან ურთიერთობას. ეს სამარცხვინოა, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამის მრცხვენია უცხოელი კოლეგების წინაშე. ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ლიდერები, არ მინდა, მკვახე სიტყვა ვთქვა, მაგრამ ღირსები არიან, მკვახედ შევაფასო, აფრიკის დონეზე არიან. დღევანდელი პოლიტიკური საქართველოს ლოზუნგი უნდა იყოს, „დავეწიოთ და გავუსწროთ აფრიკას“. დავიღალეთ ისევე, როგორც 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური უთავბოლობითა და პოლიტიკური ბარდაგით დაიღალა მაშინდელი საზოგადოება, დღეს უკვე დღევანდელი პოლიტიკოსების ნამოქმედარით დაიღალა ჩვენი საზოგადოება. ისე არ გახდეს საქმე, წითელი არმია რომ შემოვიდა, ზოგიერთი ყვავილებით მიეგება. 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ და ერთი სახლი არ აგვიშენებია, ჯერ კიდევ საძირკველში ვართ. ეს არის საშიში.
ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან გეოპოლიტიკურ ხაფანგში ვიმყოფებით და ასეთ დროს ელჩები გავაგიჟეთ. ამერიკის ელჩი დეგნანი ჯერ ჟურნალისტებმა გააგიჟეს, რა კულტურა, რა ველურობა და რა ეთიკაა, მე არ ვიცი. ეს რა თაობა მოვიდა, ამ ჟურნალისტური შემადგენლობის სახით, მეც ვიყავი ჟურნალისტი 90-იან წლებში, პარლამენტშიც გახლდით აკრედიტირებული და ყველგან, ჩემს დროს, სამოქალაქო ომის დროს არ ვიქცეოდით ასე. მეორე, ელჩები გააგიჟეს ჩვენმა ვაიპოლიტიკოსებმა. რატომ უნდა მირჩევდეს ჰერცელი და დეგნანი საქართველოში სიტუაციას? პოლიტიკაში მეგობრობა მაინცდამაინც არ არსებობს.
ოპოზიციას ასეთი განცდა რჩება, რომ ხელისუფლებასთან რეალური მოლაპარაკებები ახლა იწყება, რადგან ისინი არ დანებდნენ ხელისუფლებას, ოპოზიციის ე.წ. ოცნებიზაცია არ განხორციელდა. არის კი ამ ერთკვირიან პერიოდში საუკეთესო დრო მოსალაპარაკებლად?
- მე მგონი, მოლაპარაკება ყოველთვის აუცილებელია, მით უმეტეს, რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. მერე ამან შეიძლება უკვე მიიღოს ბევრად რთული ხასიათი. ერთპარტიული პარლამენტი თვითონ „ქართულ ოცნებასაც“ არ აწყობს და ისინიც ცუდ ხასიათზე არიან. ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო იმიჯზე ძალიან ცუდად მოქმედებს, კიდევ უფრო დასწევს საქართველოს საერთაშორისო სტატუსს.
დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, რომ ელჩობა დაივიწყეს და არიან მედიატორები, მაგრამ ეს მეორე მხრივ, ძალიან ცუდი პოლიტიკურ-ეთიკური ჟესტია. ბელორუსიაშიც ერთპარტიული პარლამენტია, როგორც ბელორუსიას სცემენ პატივს, ისე საქართველოზეც შეიძლება გადმოვიდეს ასეთი დამოკიდებულება.
ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარალელებს ავლებს სერბეთთან.
- მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ თვითონვე აირჩია საპარლამენტო მოდელი, მათ იმდენად დაბალი პოლიტიკური ცნობიერება აქვთ, რომ ისიც არ იციან, საპარლამენტო მმართველობის მოდელი ითვალისწინებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რაც აუცილებელი კომპონენტია საპარლამენტო მმართველობის. არ მესმის, ვადამდელი არჩევნები რატომ არის დილემა და რატომ ქმნიან ჭიქაში ქარიშხალს. ეს დაბალი პოლიტიკური ცნობიერების გამოა.
ვადამდელი არჩევნები როდის უნდა ჩატარდეს, 2022 წელს?
- რა მნიშვნელობა აქვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ეს არის საპარლამენტო მართვის აუცილებელი პირობა. ისრაელში რა მოხდა? ისრაელი არის კლასიკური საპარლამენტო მართვის მოდელი, ისრაელში გასულ წელს სამჯერ ჩატარდა საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, რადგან ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია შეიკრიბა, რომ ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა. საპარლამენტო მმართველობის დიალექტიკური კანონია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში უნდა გამონახოს საერთო ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ შედგება.
ხელისუფლების არგუმენტი ასეთია, რომ მათ მანდატი მიანიჭა საზოგადოების უმრავლესობამ და რატომ უნდა გაუნაწილონ ეს მანდატები სხვას?
-კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვაწყობს ერთპარტიული პარლამენტი? ისიც საკითხავია, რამდენად არის ახლა პარლამენტის ლეგიტიმაცია. იქ თუ ასი დეპუტატი არ არის, პარლამენტის გახსნას აზრი არ აქვს. კონსტიტუციაში წერია, რომ 2/3-მა უნდა დაამტკიცოს პარლამენტის ლეგიტიმაცია. მაშინ ამოიღონ ეს პუნქტი. პირველ სხდომაზე 88 დეპუტატი გამოჩნდა, მათ აქვთ კი უფლებამოსილება, პარლამენტის ლეგიტიმაცია გამოაცხადონ? კი ბატონო, მათ შეუძლიათ შექმნან ერთიანი მთავრობა, მაგრამ მეორე მომენტია ლეგიტიმაციის საკითხი და საერთაშორისო იმიჯი. ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა არ მიულოცეს „ოცნებას“ გამარჯვება, მიულოცეს ალიევმა და ფაშინიანმა.
ფიქრობთ, ეს პარლამენტი უინტერესო იქნება?
- დიახ, მე, როგორც პოლიტიკის დოქტორი, ვეუბნები მმართველ გუნდს, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი ბელორუსიის ვარიანტია.
ირაკლი კობახიძე აპირებს, მოლაპარაკებები გააგრძელოს მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც არ ჩახსნიან სიებს, ანუ მოლაპარაკება შეიძლება შედგეს მხოლოდ ელისაშვილთან, „გირჩთან“ და რესპუბლიკელებთან?
- ამას ემატება „პატრიოტთა ალიანსი“. თუ დიალოგია, მაშინ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შეიძლება დიალოგი, იმ პარტიებთანაც, რომლებიც არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური წონა გააჩნიათ. მაგალითად, კახა კუკავა ებრძოდა ტოტალიტარულ რეჟიმს და მის პარტია „თავისუფალ საქართველოსაც“ თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ ბრძოლაში, ამიტომ სელექციური მიდგომა, ამას ველაპარაკები და იმას არა, არასერიოზულია. დღეს ყველას უნდა ველაპარაკოთ, სხვანაირი ფუფუნება უკვე არ გვაქვს. ანუ სიებს ჩახსნიან, თუ არა, მაინც უნდა ელაპარაკოს ხელისუფლება ყველას. მაშინ აპარტეიზმის ვარიანტი გამოდის, ანუ სელექციური მიდგომა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი პროცენტით მოხდა გაყალბება, 2%-ით, თუ 20%-ით, აქ ერთი ნიუანსია, მესმის, რომ გაყალბება შეიძლება კიდეც მოხდეს ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში, რადგან პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი იმ დროს არის სულ სხვა აღმასრულებელი რგოლი, ხოლო, როცა პარლამენტია მთავარი გრავიტაციული პოლიტიკური ცენტრი და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების საკითხები, ასევე, უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის თემები და პარლამენტი გახდა მთავარი მამოძრავებელი ღერძი, წისქვილის ქვა, რომელიც ატრიალებს ყველაფერს, არ შეიძლება ასეთი პარლამენტის მიმართ გაჩნდეს კითხვები.