სოსო რობაქიძე სცემეს

სოსო რობაქიძე სცემეს

[ნინო მიქიაშვილი]

პატრულის მიერ, 6 წლის წინ მოკლულ ამირან (ბუტა) რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს 13 დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე, საკუთარ სახლთან ახლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შესახებაც მას პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა.

 

შეგახსენებთ, რომ  2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა.

 

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა “პატრულის“ ეთერში განაცხადეს, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა ისინი “ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას  ცდილობდნენ. “პატრულში“ აჩვენეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ  “ბანდიტების“ მანქანიდან ამოიღეს.

 

მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ “პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათ; საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი განაცხადა, რომ მან ბუტა რობაქიძე “შემთხვევით“ მოკლა.

 

ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის “გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს;  2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის

ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია.

 

ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ იმ პირების დასჯას, რომლებმაც მტკიცებულებები გააყალბეს. ისინი

შსს–ს პრეს-სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მიქაძისკენ ათითებენ.

 

ბატონო სოსო, რა მოხდა გუშინ საღამოს?

სოსო რობაქიძე: გუშინ  კეკელიძის ქუჩის გვერდით, ჟვანიას ქუჩაზე ფეხით მივდიოდი. მე იქვე, დაახლოებით 200 მეტრში ვცხოვრობ. ცხრას აკლდა 10–15 წუთი, როცა “ემელის“ ჯიპი გაჩერდა; მანქანიდან ორი ტიპი გადმოვიდა და ერთმა მცემა.

 

რაიმე გითხრათ და მერე მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ როგორ იყო?

– მანქანა ჩემგან ორ მეტრში გააჩერა, ის ტიპი გადმოვიდა და შემომატრიალა. ამ დროს პერანგზე ღილები შემომაწყდა.

 

ნიღაბი ეკათა?

– არავითარი ნიღაბი არ ეკეთა; რომ ჩამარტყა, თვალში ჩამიბნელდა; ერთი თვალი გაფუჭებული მაქვს.  

 

იცით მანქანის ნომერი?

– ტრანზიტული ნომერი ჰქონდა.

 

რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

– ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ახლახანს პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სარიშვილმა, ბუტას ამბავზე მიქაძეს ხელი დაადო. 23 ნოემბერს, ბუტას გარდაცვალების დღეს მოვითხოვე მიქაძე პროკურატურამ დაკითხოს–მეთქი. 

 

სააკაშვილის რეზიდენციაში “ღირსების ულტიმატუმი“ მაქვს ჩაბარებული; მე ვიყავი მაგის თავმჯდომარე და შემდეგ ეს “ღირსების ულტიმატუმი“ შალვა ხაჭაპურიძემ ჰააგის სასამართლოში გაგზავნა.

 

ამის გარდა, ვმუშაობ იმაზე, რომ შეიქმნას ირინა ენუქიძის სახელობის მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

ის რაც გუშინ მოხდა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა, ვინც მტრულად არის განწყობილი. დღეს ვინმესკენ ვერ მივათითებ და ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი კონკრეტულად ამის და ამის ბრძანებით მოხდა–მეთქი. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს.

 

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა, პოლიციას ხომ არ მოსულა?

– პოლიციაში განცხადება არ შემიტანია და საერთოდ, ამ ამბავზე პოლიციას არ ვეკონტაქტები, რადგან 2007 წელს აგერ, მეზობელ სადარბაზოში იარაღი, რომ დამადეს, ის საქმე დღესაც გამოუძიებელია. რომელი საქმე აქვთ გამოძიებული, რომ ეგ გამოიძიონ?!  პოლიციას უბრალოდ უნდობლობას ვუცხადებ.