„დაიწყება სირბილი ბაზრობებზე, ახალი წლისთვის მზადება, შეიქმნება კონტაქტები და ახალი შემთხვევები ისევ გაიზრდება“

„დაიწყება სირბილი ბაზრობებზე, ახალი წლისთვის მზადება, შეიქმნება კონტაქტები და ახალი შემთხვევები ისევ გაიზრდება“

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. დადებითი დინამიკის ფონზე, სპეციალისტები უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ მოქმედი რეგულაციების მოხსნა, რაც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე იგეგმებოდა, აღარ უნდა მოხდეს. თუმცა, მეორე ნაწილი იმაზე მიანიშნებს, რომ წინასაახალწლო პერიოდში გატარებული აკრძალვების არმოხსნა, მოსახლეობის მიმართ უსამართლო და მკაცრი გადაწყვეტილება იქნება. დაწესებული შეზღუდვების მოხსნით კი, ეპიდემიოლოგიური ვითარება კარდინალურად არ შეიცვლება, თუკი საზოგადოება რეკომენდაციებს დაიცავს.

ბოლო რამდენიმე დღეა კოვიდ-19-ის ახალმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მომდევნო ორ კვირის განმავლობაში გაიზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან ქვეყანას მძიმე პაციენტები ჰყავს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხევევები მცირდება, შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება მორიგ ეპიდაფეთქებამდე მიგვიყვანოს.

ჯერჯერობით უცნობია, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი გადაიხედოს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. მისივე თქმით, რეგულაციების შემსუბუქება/არშემსუბუქების საკითხი ქვეყნის ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იყოს თუ არ იყოს შემსუბუქება. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მომავალში, იგივე 24-25-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირდებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის მოსაზრებას იზიარებს დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეც. პაატა იმნაძის თქმით, 24 დეკემბერს ქვეყანაში ყველაფრის გახსნა შესაძლოა სახიფათო იყოს და ბოლო ერთი კვირა გვაჩვენებს, რისი გახსნა შეიძლება და რისი არა. ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნამ, ახალი წლის შემდეგ, შესაძლოა მორიგი ახალი შემთხვევების მორიგი ტალღა გამოიწვიოს და რაოდენობა 8-9 ათასამდე გაიზარდოს, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. შესაბამისად, ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო.

„ე.წ. შავი პარასკევის მაგალითმა ანახა, რომ საზოგადოების შეგნების ხარისხი არ არის მზად იმისთვის, რომ ამ სწორ, ასე ვთქვათ, მიშვებას სწორად მოექცეს. სამწუხაროდ, იმ დღის მაგალითმა აჩვენა, რომ ბიზნესიც ვერ აღმოჩნდა თავის ადგილზე და ვერ დაიცვა ის წესრიგი, რაც არის მთელ ცივილურ სამყაროში მიღებული. ამიტომ, ეს ძალიან საკამათო თემაა. ეს იქნება, ალბათ, გარკვეულწილად, მენეჯმენტის საკითხი, რასაც მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს. ალბათ, იქნება შეხვედრა სპეციალისტებთან მომავალ კვირებში, როცა ჩვენ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური საიტუაცია მოგვცემს იმის შეფასების საშუალებას, ვიმსჯელოთ, ღირს თუ არა საერთოდ ამ რისკზე წასვლა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ მასობრივი ტესტირების შედეგია, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო და გარკვეული როლი დაწესებულმა შეზღუდვებმაც იქონია. თუმცა, მიიჩნევს, რომ წინასაახალწლო პერიოდში რეგულაციები დროებით უნდა მოიხსნას.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მასიური ტესტირება შეამცირებს ახალი შემთხვევების რაოდენობას, რადგან ამ შემთხვევაში გადამდებლობაც მცირდება. რა თქმა უნდა, შეზღუდვებმაც თავისი გააკეთა. შეზღუდვების მოხსნა გარკვეულწილად მაინც ახალი შემთხვევების ესკალაციას გამოიწვევს, რადგან ქართველები ტრადიციული ხალხი ვართ და დაიწყება სირბილი ბაზრობებზე, ახალი წლისთვის მზადება და ა.შ. შესაბამისად, შეიქმნება კონტაქტები და ახალი შემთხვევები ისევ გაიზრდება.

თუმცა, მეორე მხრივ, ხალხი გაწვალებულია და ასე ჰაერში მათი დატოვებაც არ შეიძლება. მომხრე ვარ, რომ გარკვეულწილად მოიხსნას შეზღუდვები, რადგან ესკალაცია მაინც ისეთი აქტიური არ იქნება. ამას, თან ერთვის ადამიანების მასიური გამოკვლევა და თუ გაგრძელდა კლება, 24 დეკემბრამდე კიდევ დრო არის, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, მივცეთ თუ არა ხალხს გარკვეული თავისუფლება.

ინფექცია არ გავრცელდება, თუ ყველა დაიცავს იმ წესებს და კანონებს, რომელიც შექმნეს ექიმებმა და რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. თუ ეს ადამიანები დაიცავენ თავს, შეზღუდვების მოხსნა იმდენად პრობლემას არ შექმნის. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, შეზღუდვები მოვხსნათ თუ არა. რაოდენობა იმიტომ არ წავიდა კლებისკენ, რომ ტესტირება შემცირდა. წარმოვიდგინოთ, რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, რომელთაც კლუნიკური ნიშნები არ ჰქონდათ. ამ ადამიანების სოციალური იზოლირება მოხდა და ისინი აღარ არიან ინფექციის გადაცემის წყარო. ამან გამოიწვია ახალი შემთხვევების შემცირება. ამასთან, ეს ისევ უნდა დავაბრალოდ მასიურ ტესტირებას და არა იმას, რომ ტესტირება შემცირდა. სიცივეა, ზამთარია და ყველაზე კარგი პერიოდია ინფექციის გადაცემის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაწესებული რეგულაციების მოხსნის წინააღმდეგია. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, წინასაახალწლო პერიოდში გატარებული შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს. შედეგად, ყველანირი შრომა წყალში ჩაიყრება.

„შეზღუდვების დაწესება ყოველთვის მძიმეა ჩვენნაირი ქვეყნისთვის, მაგრამ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რომ გამართლებულიყო ეს ყველაფერი. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც ეპიდსიტაუციის სტაბილიზაცია ჰქვია.

შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, რადგან რეკომენდაციების დაცვას ხალხი დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს, გამომდინარე საახალწლო მზადებიდან. ამიტომ შეიძლება წყალში ჩაიყაროს 2-3 კვირიანი შეზღუდვა, რამაც ეკონომიკა და ადამიანების ფინანსური მდგომარეობა დააზარალა. ამას ერთადერთი გამართლება აქვს, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია მომხდარიყო. თუ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, გამოდის, რომ სულ ტყუილად გვქონდა ეს შეზღუდვები. რისკებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბოლომდე, სანამ გამოცხადებულია ეს რეგულაციები, იყოს შეზღუდვა და შემდეგ მოიხსნას. ახალი წლების პერიოდში მაინც დარჩეს.

ტესტირების რაოდენობა, შაბათ-კვირას შეიძლება შემცირდა, მაგრამ სხვა დღეებში, ისეთივე რაოდენობით ტარდებოდა, რაც შეზღუდვების დაწესებამდე იყო. ამიტომ, ის, რომ სტაბილიზაცია მოხდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იზრდება და ყოველდღიურად მზარდი არ არის, ეს მაინც ნაწილობრივ შეიძლება დავაკავშიროთ რეგულაციებთან, სრულად არა, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, დავაკვირდეთ ამ კვირაში, ვნახავთ დადებით დინამიკას, მინიმუმ ახალი შემთხვევების სტაბილიზაციას, - ახალი შემთხვევების ზრდა არ გვექნება და შესაძლოა, ნელ-ნელა დაიწყოს შემცირება. ამ კვირის ბოლოს უკეთესად გამოჩნდება, რამდენად ეფექტური იყო ის რეგულაციები, რაც გატარდა“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ლაზი ვინც ახლა შზღუდვებს მოითხოვს, საკუთარი მუცლის მონაა.
როცა ასეთი მდგომარეობაა, რატომ მოვითხოვთ სრული სვლით გრიალს. ნუთუ არ შეიძლება ახალ წელს უბნის მარკეტში ნაყიდი სანოვაგით გაწყობილი სუფრით შევხვდეთ ოჯახურ გარემოში? საახალწლო საჩუქრები კარგია, მაგრამ მის გარეშეც ხომ შეიძლება. დავფიქრდეთ ამაზე და ნუ ავიკიდებთ ბაზრობებზე ჯგლერთვით, ინფექციის გავრცელების ხელშეწყობით, სამუდამო ცოდვას.
ბებიაჩემი ამბობდა, "საკუთარმა ტუჩმა, კაცს წინ არ უნდა გაგისწროსო". ახლა ვხვდები რა სიბრძნე ყოფილა ამ სიტყვებში. მაშინ მეგონა, ღვინოს მიძალებულთ თუ ეხებოდა. თურმე საჩუქრებს და განსაკუთრებით საახალწლოდ რესტორნებში ფულს მიძალებული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს გულიხმობდა, რომლებიც თვალით არასოდეს ენახა, მაგრამ სცოდნია რომ ასე მომრავლდებოდნენ.
3 წლის უკან
ლაზი შესწორება: "ვინც ახლა შზღუდვებს მოითხოვს, საკუთარი მუცლის მონაა" უნდა იყოს - "ვინც ახლა შეზღუდვების მოხსნა-შემსუბუქებას მოითხოვს, საკუთარი მუცლის მონაა".
3 წლის უკან