„რუსეთის ადგილი ჩინეთმა დაიკავა“

„რუსეთის ადგილი ჩინეთმა დაიკავა“

„რუსეთი მთავარი საფრთხე აღარ არის, მისი ადგილი ჩინეთმა დაიკავა“,- ნათქვამია ნატოს ათწლეულის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, რუსეთი დაღმასვლაზეა, მაგრამ ჯერ კიდევ საშიში ძალაა და ნატოს ბლოკმა ერთსულოვნად, მოსკოვთან თანამშრომლობის გარეშე, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას. კერძოდ, ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების მიხედვით, რუსეთი ჩამქრალი ძალაა, მაგრამ მან აჩვენა, რომ ტერიტორიული აგრესია შეუძლია და მომდევნო ათწლეულში ნატოს მთავარ საფრთხედ დარჩება. ამიტომაც აუცილებელია ნატოს შესაძლებლობის განმტკიცება, რაც თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს უკრაინასა და საქართველოსთან.

რომელი უფრო საშიშია - რუსეთი თუ ჩინეთი?

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნატოს ათწლეულის ანგარიშს ეხმაურება და for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ანგარიშის მიღმა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დიპლომატიური მცდელობა იკითხება. ეს არ ნიშნავს ჩინეთის უფრო დიდ მონსტრად წარმოსახვას, ჩინეთი როგორც იყო წარმოდგენილი საფრთხის მომცველ სახელმწიფოდ, ისევე დარჩა.

„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ რუსეთი ამოაგდეს საფრთხის მომცველ სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან, რაშიც მე არ ვეთანხმები. თუმცა მათი მესმის, მათ ურჩევნიათ რუსეთთან არა კონფრონტაცია და დაპირისპირება, არამედ დიალოგი. მათ უნდათ, რუსეთს უთხრან, ხომ ხედავ, ამოგაგდეთ საფრთხის მომცველ სახელმწიფოთა სიიდან, კეთილი ინებე, გაანძრიე ხელი და გახდი უკეთესი, ანუ ეს არის გარკვეული დიპლომატიური რევერანსი, თორემ რა პრობლემაა, ხელახლა ჩასვამენ რუსეთს საფრთხის მომცველ სახელმწიფოთა შორის. ჩინეთი აქ არაფერ შუაში არ არის, ჩინეთი დარჩა იქ, სადაც არის, რუსეთი გააქრეს ამ ჩამონათვალიდან და უფრო „მეგობარ სახელმწიფოდ“ აქციეს. დაახლოებით ასეთი მცდელობაა ნატოსგან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რუსეთი გონს მოეგოს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამავდროულად, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ნატოს გადაწყვეტილება მაინც უფრო ახლოსაა რეალობასთან, რადგან რუსეთი რომ დატოვონ, როგორც აგრესიული სახელმწიფო, ის უფრო აგრესიული გახდება, ვიდრე ჩინეთი. ამიტომ, თუ ამ ჩამონათვალიდან რუსეთს ამოაგდებენ, შანსები იზრდება, იქნებ, გამოსწორდეს ეს სახელმწიფო.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, ნატოს ასეთი დამოკიდებულება გასაგებია, რადგან ჩინეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, ნატოსთან კონკურენციაში შევიდეს, ვიდრე რუსეთს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნატოს უარს ამბობს იმ საფრთხეებზე, რაც კონკრეტულად ემუქრება საქართველოსა და უკრაინას რუსეთის მხრიდან. ეს ხაზგასმულია, როცა ნატოს მხრიდან თანამშრომლობის გაფართოებაზეა საუბარი.

„ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა დღეს, ვიდრე რუსეთი. ჩინეთი სამომავლო საფრთხეა, რადგან ეს არის აბსოლუტურად სხვა არჩევანი, ჩინეთი არ არის დემოკრატია, ის არის განვითარების ალტერნატიული გზა, ჩინეთი კომუნისტურია, იქ ისევ ერთი პარტიაა, არ არის პოლიტიკური პლურალიზმი, არ დაიშვება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ დღევანდელ დასავლეთთან კონკურენციაში ვერ ვიტყოდი, რომ ჩინეთი ჩამორჩება, პირიქით, ეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა პანდემიის მართვაც და თავისი ეკონომიკაც გაზარდა. ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არც არსებობს, ასეთი მხოლოდ ჩინეთია. ბუნებრივია, დასავლეთს თავისი ცხოვრების წესი აქვს და ამ დასავლეთში შევდივართ ჩვენც, დასავლეთი ჩვენთვის ღირებულებითი არჩევანია, არა მარტო იმიტომ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, არამედ ღირებულებითადაც ჩვენ დემოკრატიის მხარეს ვართ - ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევანი. დღეს ჩვენთვის რუსეთია მთავარი საფრთხე, რაც დასავლეთისთვის - ჩინეთი. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის ჩინეთი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ზოგად კონტექსტში, კი ბატონო, მაგრამ ახლა საქართველოსა და უკრაინის საწინააღმდეგოდ რუსეთია ჩასაფრებული“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

Maverick პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნატოს ათწლეულის ანგარიშს ეხმაურება და for.ge- სთან საუბრისას აცხადებს: „უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ რუსეთი ამოაგდეს საფრთხის მომცველ სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან, რაშიც მე არ ვეთანხმები. თუმცა მათი მესმის".

ძალიან ცუდი მოვლენაა, რომ "ნატო" ასეთ ქართველ პოლიტოლოგებთან, გრანტიყლაპია ასოებთან არ ათანხმებს თავის ათწლეულის ანგარიშს და მათი ვიზირების გარეშე აქვეყნებს... აბააააააააა!
3 წლის უკან
Maverick თუმცა, მისი მეც მესმის!
3 წლის უკან