ოსი სეპარატისტების სამხედრო პოტენციალი მთლიანად რუსული ფულით და შეირაღებით სულდგმულობს. რუსული შეიარაღებული ძალები განაგრძობენ როკის გვირაბიდან შეუზღუდავ გადმოსვლას და ჯავის რაიონსა და ცხინვალში ერთ–ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალების კონცენტრირებას ახდენენ.
რაც შეეხება დიდი და პატარა ლიახვის ხეობის როგორც მაღალმთიან, ასევე ბარის ქართულ სოფლებს, მათ საფრთხე ყველაზე მეტად ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უმნიშვნელოვანეს დასახლებებიდან, სოფელ ზონკარიდან, ფრისიდან და საკუთრივ ცხინვალიდან ყოველთვის შეიძლება დაემუქროს.
როგორც ცნობილია, ცხინვალსა და დიდ გუფთესან ერთად, ამ ტერიტორიაზე არის თავმოყრილი ოსური შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. ხოლო სოფელ ზონკარს, ჯერ კიდევ მშენებარე რუსული სამხედრო ბაზაც უმაგრებს ზურგს.
სეპარარტისტები ბოლო დროს ისე გათავხედდნენ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ქართულ მხარეს ახალგორის რაიონში “ძირგამომთხრელი პროპაგანდის” წარმოებაში ადანაშაულებს.
როგორც ერთი მეტად უცნაური სეპარატისტული ორგანო: ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, აღნიშნული განცხადება ახალგორის ოსური ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ანატოლი მარგიევმა დღეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ახალგორელი მარგიევის თქმით, რაიონში ვითარება კვლავ რთულია. “ქართული მხარე აგრძელებს ძირგამომთხრელი ხასიათის პროპაგანდის წარმოებას, რასაც ისიც უწყობს ხელს, რომ რაიონი ფაქტობრივად, საინფორმაციო იზოლაციაშია".
მისი თქმით, რაიონში ასევე პრობლემაა ის, რომ არ მიმდინარეობს პასპორტიზაცია. მარგიევის მტკიცებით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ახალგორის რაიონში დესტაბილიზაციის საფრთხეც იზრდება.
“სახელმწიფო საზღვარი სათანადო დონეზე არ არის დაცული და ეს დივერსიული და ტერორისტული აქტების დამატებით საფრთხეს ქმნის”.
ამას ის მარგიევი ამბობს, რომელიც, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ახალგორში ჩვეულებრივად, ქართველების გვერდით ცხოვრობდა და ერთ-ერთ სუფრაზე, ქართველებთან ერთად მჯდომი ამბობდა: “მეც თქვენსავით ქართველი ვარ, ჩემი ოსური გვარი რა შუაშიაო..."
სამაჩაბლოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები ასეთი მობილიზებულნი აგვისტოს ომის დროსაც კი არ ყოფილან და აგრესორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართული მხარე პროვოკაციაზე წამოიკიდონ.
გურამ ჯავახიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ცხინვალსა და ჯავაში იმდენი ტანკია შეყვანილი. მძიმე ტექნიკა შემთხვევით რომ არ არის შემოსული, ეს იმითაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები იმდენად ბევრნი არიან, რომ ჯავის სამხედრო ბაზაზე ვერ ეტევიან და უკვე ორი ახალი ბაზის მშენებლობა აქვთ დაწყებული.
ეგენი არ მოისვენებენ, სანამ თბილისამდე არ ჩამოვლენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი გააღიზიანონ და ახალი ომის დამწყებად ჩვენ გამოგვაცხდონ. ძალიან მეცოდებიან ქართველი პოლიციელები, რომლებიც რუსების სროლის დროს იძულებულნი არიან, დაიმალნონ, რადგან სროლის უფლება არა აქვთ და არ უნდათ, რომ პროვოკაციებს წამოეგნონ.
არადა, საკმარისია ჩვენებმა ერთხელ მაინც გაისროლონ, რომ იქვე, ცხინვალში მყოფი რუსი ჟურნალისტები მზად არიან ამ კადრების გადასაღებად. მაგათაც ეგ უნდათ. ქართველებს ახალი ომის დაწყების მოთავეებად დაგვასახელებენ და ეგრევე შეტევაზე გადმოვლენ. საინტერესო კიდევ ისაა, რომ როდესაც რუსები სროლებს იწყებენ, ევროპელი დამკვირვებლები სადღაც აორთქლდებიან ხოლმე და სად იკარგებიან, კაცმა არ იცის...
ე.ი. გამოდის, რომ ქართულ მხარესა და ევროკავშირს საერთოდ არაფერი შეუძლია...
– ამათ რაც შეუძლით, ის გააკეთონ და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ვგულისხმობ, წყლის პრობლემის მოგვარებას. თქვენც იცით, რომ სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა დაწყებულია. შუა ზამთრის დროს, ალბათ ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას. გაზაფხულისათვის კი, იმედია ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება".
რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე.წ. იდეოლოგიურ და საინფორმაციო ფრონტზე ბრძოლას. რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო “ქამარშემოჭერილი" ფედერაციული ბიუჯეტიდან, მაინც საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება რუსი და დასავლელი ჟურნალისტების მოსასყიდად და მათთვის ისეთი ტიპის სტატიებისა თუ სიუჟეტების შესაკვეთად, სადაც საქართველო აგრესორად, რუსეთი კი განმათავისუფლებლადაა წარმოჩენილი.
თბილისელი პროგრამისტი დავით მურღულია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინტერნეტში, სკანდინავიისა და ნიდერლანდების გაზეთების გარდა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გამომავალ გაზეთებში აქვს ნანახი სტატიები, სადაც ქართველები აგრესორებად არიან გამოყვანილი. რიგით ევროპელთა უმეტესობამ კარგად იცის, ხშირ შემთხვევაში ვინც დგას ამ სტატიების უკან, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ გახურებულ საინფორმაციო ომში, საქართველოს ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში სტატისტის როლშია და მსოფლიოში საერთო აზრის შესაქმნელად, ზოგადი მიმართვების გარდა, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.
დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლების: ქვემო და ზემო ნიქოზის, ტყვიავის, კარალეთის, ერგნეთის და მეღვრეკისის რეაბილიტაციაზე ევროპის ქვეყნებმა კრედიტის სახით (გრანტი საქართველოს მხოლოდ აშშ-მ გამოუყო) გამოყოფილი ერთი მიალიარდი ევროს განხარჯვა უკვე დამთავრდა და ამჟამად, გორის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში სახლები მთლიანად არის აღდგენილი. რასაც ვერ ვიტყვით ფრონის ხეობის სოფლებზე, სადაც ოკუპანტებმა არანაკლები ნგრევა მოიტანეს.
ფრონის ხეობის სოფელი, ცერონისი, ამავე ხეობის სოფლებთან - ავლევსა და ნულთან ერთად, ერთ-ერთია, რომელიც თითქმის მთლიანად დაინგრა, გადაიწვა და განადგურდა. სოფელ ცერონისში ამჟამად განადგურებულია 45 სახლი და მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელს ახლა ქართველი პოლიციელები და ევროპელი მონიტორები აკონტროლებენ, ჯერჯერობით მშენებლობები არ დაწყებულა. ცერონისელები ძირითადად ღია ცის ქვეშ, ან საქონლის სადგომებში ცხოვრობენ და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ მშველელი მათაც გამოუჩნდებათ.
მევლუდ ხინჩაგაშვილი, სოფელ ცერონისის მკვიდრი: “ამბობენ, თქვენც დაგეხმარებითო, თუმცა ამჯერად მშენებლები მხოლოდ ლიახვის ხეობაში იყვნენ, აქეთკენ კი ჯერ არავის გამოუხედავს. არადა, თავადაც იცით, რას გავს აქაურობა. სეპარატისტებმა, კარებები და ფანჯრებიც კი დახსნეს სასწაულებრივად გადარჩენილ სახლებს. წინ კი გრძელი ზამთარია..."