„საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“ ვგმობთ არაკარტოგრაფების მიერ შედგენილ ექსპერტიზებს და მოვუწოდებთ, კონსულტაციები მიიღონ პროფესიონალი კარტოგრაფებისაგან“

„საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“ ვგმობთ არაკარტოგრაფების მიერ შედგენილ ექსპერტიზებს და მოვუწოდებთ, კონსულტაციები მიიღონ პროფესიონალი კარტოგრაფებისაგან“

თენგიზ გორდეზიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ყოფილი სახელმწიფო კომისიის მიერ ძირითადი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტის სახით ამ საქმეში გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის 1:500 000 მასშტაბის ადმინისტრაციული რუკა, რომელიც წარმოადგენს ე.წ. „სინკას“. რომელზედაც არ იკითხება რელიეფი და სხვა ზოგადგეოგრაფიული ელემენტები.

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია–კარტოგრაფიის ასოცირებულ პროფესორთან, გეოგრაფიის დოქტორთან, თენგიზ გორდეზიანთან.

მინდა პირველი შეკითხვა ზოგადი კუთხით დაგისვათ. როგორც ვიცი, საპატრიარქომ 2018 წლის მაისში, თხოვნით მოგმართათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რათა მასალები, რომელსაც ის ფლობდა საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის შესახებ, შეგესწავლათ. ამ მასალებით იკითხებოდა, რომ დავითგარეჯის კომპლექსის ორი ობიექტი – ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი დაკარგვის საფრთხის ქვეშ იდგა. ზოგადად, რა შეგიძლიათ გვითხრათ როგორც კარტოგრაფმა და მეცნიერმა, რა ტიპის მართებული თუ უმართებულო პოზიციები დაინახეთ ამ საქმის შესწავლისას?

თენგიზ გორდეზიანი: 2018 წელს საპატრიარქომ ოფიციალური წერილით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რათა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეომორფოლოგია–კარტოგრაფიის კათედრის მეცნიერებს ანალიტიკურად შეგვესწავლა ის კარტოგრაფიული და ისტორიული წყაროები (რუკები და ხელმოწერილი ტექსტური დოკუმენტები), რომელიც იმხანად ხელთ ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს. პრობლემის შესასწავლად მოწვეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების მკვლევარი რევაზ თოლორდავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ამ მასალების შესწავლის პარალელურად, უნივერსიტეტში შევხვდით დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიმანდრიტს, მამა კირიონს (ზაზა ონიანს), რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, ქართველთათვის ამ საკრალური არეალის, საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის აუცილებლობის შესახებ.

იმ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოდგენილ იქნა ჩვენს წინაშე შესასწავლად, როგორც ისტორიული, ისე კარტოგრაფიული წყაროების მიხედვით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი – ჩიჩხიტურის კოშკი საფრთხეში იყო დაკარგვის თვალსაზრისით, ხოლო ზედ მწვერვალ უდაბნოზე გადიოდა საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. თუმცა იმ ატლასში, რომელიც შედგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძისა და მისი მოადგილის თედო გორგოძის მიერ (ეს პიროვნებები ორთავე პროფესიონალი კარტოგრაფები არიან), არის 1937 წელს დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტი (ფურცელი), რომელიც დაიბეჭდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის) დაკვეთით და ითვლება საქართველოს სასაზღვრო ზოლისათვის ე.წ „მორიგე რუკად“, ხოლო ამ ტოპორუკის პლანშეტების საფუძველზე 1938 წელს შედგენილი და გამოცემულია (ასევე სსრ კავშირის შინსახკომის დაკვეთით) 1:500 000 მასშტაბის, საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის კედლის რუკა, რომლის მიხედვითაც დავითგარეჯის მთელი სამონასტრო კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაშია.

ჩვენს მიერ შედგენილ იქნა დიდი მოცულობის მქონე სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მე ჩემი ხელით მივიტანე მეუფე შიომდე. ამ ნაშრომმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ამ პრობლემის ადეკვატურად დანახვისა და შესაბამისად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების ეროვნულ საქმეში. მე პირადად მინდა ვისარგებლო ამ ინტერვიუთი და დიდი მადლობა მოვასხენო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიმანდრიტს, მამა კირიონს, რომელიც ყოველდღიურად პირდაპირ თვალებში უყურებს იმ მოვლენებს, რაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არეალში რეალურად ხდება.

მისმა ეროვნულმა ღვთისმიერმა სულმა მოსვენება დაკარგა და მან ჯერ საპატრიარქოს, ხოლო შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის კოლექტივს (დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, მეცნიერების დოქტორი, კარტოგრაფი ნოდარ ხორბალაძე და მოადგილე, კარტოგრაფი თედო გორგოძე) ამცნო ამ სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემის დღის წესრიგში დაყენებისა და სასწრაფოდ გადაწყვეტის შესახებ. მე პირადად შევხვდი, ჩემთან უნივერსიტეტში კათედრაზე, მამა კირიონს და ერთად განვიხილეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ატლასში.

სწორედ ამ ატლასმა გახსნა გზა დავითგარეჯის პრობლების კვლევისათვის. მასში წარმოდგენილია ყველა ის კარტოგრაფიული წყარო, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია იყენებდა, ან არ იყენებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ჯგუფს საჭირო დოკუმენტებით დახუნძლულმა ამ მასალამ გაუადვილა აღნიშნული პრობლების საჭირო ჭრილში დანახვა და შესწავლა.

უნდა გითხრათ, რომ ეს ნაწარმოები შეიცავს დოკუმენტებს, როგორც საქართველოს სასარგებლოთ, ისე პირიქით. მასში წარმოდგენილია ყველა დროის საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკები, თუმცა ჩვენი ყურადღება პირველ რიგში შეჩერებულ იქნა 1937 წელს გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე და მის საფუძველზე შედგენილ 1:500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის კედლის რუკაზე, რომელთა მიხედვითაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია.

ჩაგეკითხებით, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე და საზოგადოებისთვის ალბათ ყველაზე მთავარ ინტერესის ობიექტზე, კერძოდ: 1:500 000–ანი მასშტაბის რუკის დეტალური გაშიფვრა რამდენად სწორია და კარტოგრაფიულად მართებულია 1:200 000–ანი მასშტაბის 1936–38 წლებში გამოცემული რუკით? ან შემდგომ წლებში გამოცემული კარტოგრაფიული მასალებით, უფრო ლეგიტიმური ხომ არ იქნება გაშიფრულიყო 1938 წელს გამოცემული 1:500 000–ანი მასშტაბის რუკა?

– მინდა აღვნიშნო, რომ 1938 წელს სსრ კავშირის შინსახკომის დაკვეთით გამოიცა საქართველოს 1:500 000 მასშტაბის ადმინისტრაციული დაყოფის კედლის ფერადი რუკა, რომლის მიხედვითაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორიაც საქართველოს ფარგლებშია. კარტოგრაფიაში მიღებულია, რომ უფრო წვრილმასშტაბიანი რუკის შედგენა მასზე მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტების საფუძველზე სრულდება.

აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს რუკა იდენტურია 1937 წელს იგივე სახელმწიფო სტრუქტურის დაკვეთით გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკისა. ე. ი. 1:500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის რუკა (რომელის გამოცემულია როგორს ქართულ, ისე რუსულ ენებზე), შედგენილია 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის იმ 24 პლანშეტის გამოყენებით, რომლებიც ერთიანობაში ფარავენ საქართველოს ტერიტორიას.

აქედან ლოგიკურია დასკვნა, რომ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის საშუალებით, რასაკვირველია, ზუსტად იშიფრება ნახსენები 1:500 000 მასშტაბის რუკა. თქვენი კითხვის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება 1936–38 წლების შემდეგ გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებს, ვუპასუხებ, რომ რასაკვირველია, მათი გამოყენება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის რუკას, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს 1937 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის 24 პლანშეტი (ფურცელი). მე აქ ვგულისხმობ 1938 წელს გამოცემულ 1:500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის რუკას და არა იმ რუკას, რომელიც გამოყენებულ იქნა კომისიის მიერ. ამ უკანასკნელზე ქვემოთ მოგახსენებთ.

როგორც ამ დარგის სპეციალისტი და მეცნიერი სად ხედავთ პრობლემას და რას ფიქრობთ, სად იქნა დაშვებული მთავარი შეცდომა?

– საერთოდ, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის წარმოებისათვის გამოიყენება 1:50 000, 1:100 000 და 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები. აქედან უფრო ხშირად ამ მიმართულებით გამოიყენება 1:50 000 და 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, რადგან ეს მასშტაბები წარმოადგენს სამხედრო მასშტაბებს და ამ რუკებზე დატანილია ყველა სამხედრო–სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები (ტრიანგულაციის პუნქტების, ხიდები, გზები, აეროდრომები, სამხედრო დანიშნულების შენობა–ნაგებობები და ა.შ).

საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ყოფილი სახელმწიფო კომისიის მიერ ძირითადი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტის სახით, ამ საქმეში გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის 1:500 000 მასშტაბის ადმინისტრაციული რუკა, რომელიც წარმოადგენს ე.წ. „სინკას“ (ქართულ ენაზე – „ლურჯი სინჯი“), რომელზედაც არ იკითხება რელიეფი და სხვა ზოგადგეოგრაფიული ელემენტები. მასზე არ არის ასახული იზოჰიფსები, რომელთა საშუალებითაც განისაზღვრება ნებისმიერი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან, განისაზღვრება ზედაპირის დახრილობა, ფერდობთა ექსპოზიციები და იშიფრება რელიეფის ფორმები. ამ სივრცულ ინფორმაციას კი საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

აქვე აღვნიშნავ, რომ კომისიის მიერ გამოყენებულ იქნა აღნიშნული რუკის მხოლოდ ერთი პლანშეტი, რომელსაც არ ახლავს ლეგენდა, ე.ი. პირობით ნიშანთა სისტემა, რომლითაც ვკითხულობთ რუკაზე ასახულ სივრცულ ინფორმაციას. მის გარეშე კი ეს რუკა (უფრო სწორად რუკის ნაწილი, ერთი პლანშეტი), რომელიც ისედაც „ლურჯი სინჯია“ არ წარმოადგენს სრულფასოვან კარტოგრაფიულ ნაწარმოებს და ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია. აქვე თვალი უნდა გავუსწოროთ ამ რუკის მეორე და საკმაოდ არსებით ნაკლს (თუნდაც ყველა პლანშეტისა ერთად, ანუ მთლიან რუკის) – სასაზღვრო ზოლის სიგანე 20 მეტრია ერთი ქვეყნის ფარგლებში.

ე.ი. საქართველო–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლის სიგანე 40 მეტრს შეადგენს. 1:500 000 მასშტაბის ფუძის სიდიდე 5 კმ–ია (ე.ი. რუკაზე გაზომილ 1 სმ–ს ადგილზე 5 კმ შეესაბამება), ხოლო ამ მასშტაბის ზღვრული სიზუსტე კი 500 მეტრს შეადგენს (ე.ი. რუკაზე გაზომილ 1 მმ-ს ადგილზე 500 მეტრი შეესაბამება). არაპროფესიონალი მკითხველისათვისაც კი აშკარაა, რამდენად უმართებულოა 1:500 000 მასშტაბის რუკის გამოყენება (თუნდაც არა „ლურჯი სინჯის“, არამედ ამ მასშტაბის ტოპორუკისაც კი) სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის წარმოებისათვის, 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკასთან შედარებით, სადაც ზღვრული სუზუსტე 200 მეტრს შეადგენს.

არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, როგორ ფიქრობთ, მეზობელ ქვეყანასთან, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში 1:200 000–ანი მასშტაბის რუკის წარდგენას კარტოგრაფიულად მყარი და ძლიერი საფუძველი აქვს? რა საწინააღმდეგო არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს ამაზე აზერბაიჯანულ მხარეს? რა თქმა უნდა, მე არ გეკითხებით პოლიტიკური კუთხით, არამედ მინდა როგორც ამ დარგის მეცნიერმა პროფესიული ნიშნით მიპასუხოთ.

– იმ კარტოგრაფიული წყაროებიდან, რომლების ჩემი თანამონაწილეობით შემდგარმა პროფესიონალ კარტოგრაფ–ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის წარმოებისათვის, რასაკვირველია, ყველაზე მყარ კარტოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს 1937 წელს სსრ კავშირის შინსახკომის დაკვეთით გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც ითვლება „მორიგე რუკად“ და 1936 წლის სსრ კავშირის კონსტიტუციის მიხედვით, მოკავშირე რესპუბლიკებს შორის დადგენილი საზღვრების ამსახველ ძირითად კარტოგრაფიულ დოკუმენტს წარმოადგენს.

ისტორიულად ცნობილია, რომ 1936 წელს დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და აღნიშნული კანსტიტუციით განისაზღვრა საზღვრები, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხოლო ეს საზღვრები ყველაზე ზუსტად სწორედ 1937 წელს გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზეა ასახული. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, მას ვერ ექნება საპირისპირო კარტოგრაფიული წყარო, რადგან იმ დროისათვის სხვა კარტოგრაფიული დოკუმენტი ფიზიკურად არ არსებობს.

შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ახლად მოპოვებულმა 1936–38 წლებში გამოცემულმა 1:200 000–ანი მასშტაბის რუკამ, რომელსაც დედანთან დამოწმების ბეჭედი არტყია, გარდამტეხი და გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველო–აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში?

– საქმე ისაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ პრობლემის კვლევის საწყის ეტაპზე გააჩნდა 1937 წელს გამოცემული 1:200 000 ტოპოგრაფიული რუკის ასლი, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საქმეში. ამ რუკის დედანთან დამოწმებული ბეჭდის მქონე რუკის მოპოვება, რასაკვირველია, დიდი საქმეა და ამ ეროვნული ქმედებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო დავით ხიდაშელს, რომელმაც დიდი მოცულობის, ესოდენ საჭირო კარტოგრაფიული ფონდი ჩამოიტანა საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარისათვის, ეს რუკა გახდება სახელმძღვანელო კარტოგრაფიული დოკუმენტი, მომავალი სამუშაოების წარმოების პროცესში.

თქვენი აზრით, 1938 წელს გამოცემული 1:500 000–ანი მასშტაბის რუკა, რომელზეც ამიერკავკასიის რესპუბლიკების მიერ ხელი მოეწერა, 1:200 000–ანი მასშტაბის რუკის გარდა, კარტოგრაფიული გაშიფვრისთვის საჭიროებს სხვა შემდგომი წლების კარტოგრაფიულ მასალებს? ანუ დავაკონკრეტებ, 1:200 000–ანი მასშტაბის რუკით სრულად და დეტალურად იშიფრება 1:500 0000–ანი მასშტაბის რუკა?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1:500 000 მასშტაბის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული რუკის გამოყენება კომისიების მიერ იყო სერიოზული შეცდომა. თუ კომისიებს უნდოდათ გამოეყენებინათ 1:500 000 მასშტაბის კედლის რუკა (რაც, კიდევ ვიმეორებ, არ გამოიყენება ასეთი სამუშაოებისათვის), მაშინ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ იმავე 1938 წელს, სსრ კავშირის შინსახკომის მიერ გამოცემული რუსულენოვანი საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის რუკა, რომელიც საქართველოს მიმდებარე ტერიტორიებსაც ასახავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს რუკა 1937 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტების საფუძველზე არის შედგენილი. ხელმოწერილი 1:500 000 მასშტაბის რუკა, რასაკვირველია, ამ რუკით ვერ გაიშიფრება, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს არის არასრულფასოვანი რუკა („სინკა“ – „ლურჯი სინჯი“), რომელიც არასწორად ასახავს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე.

ასევე მინდა შეგეკითხოთ ერთ არსებით საკითხზე,1938 წელს გამოცემული 1:500 000–ანი რუკა, მიუხედავად მისი წვრილმასშტაბიანობისა, თქვენ, როგორც კარტოგრაფს გაძლევთ იმის ინფორმაციას, რომ დავითგარეჯის კომპლექსის ორ შემადგენელ ობიექტთან – ჩიჩხიტურთან და უდაბნოსთან საზღვარი საქართველოს სასარგებლოდ გადის?

– კომისიების მიერ ხელმოწერილ 1:500 000 მასშტაბის ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ რუკაზე, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი საერთოს არ არის ასახული და ამ რუკის მიხედვით საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გაურკვეველია. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ინტერვიუში აღვნიშნო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიმანდრიტის მამა კირიონის წვლილი ამ პრობლემის დღის წერსრიგში დაყენების ეროვნულ საქმეში. რომ არა მამა კირიონი, ეს პრობლემა ქართველთათვის პრობლებად დარჩებოდა და ალბათ - სამუდამოდ.

სწორედ მამა კირიონმა შემახვედრა ორჯერ მეუფე შიოს საპატრიარქოში, რომელმაც ჩემგან როგორც მეცნიერი–კარტოგრაფისაგან მოისმინა პრობლების კარტოგრაფიული ნაწილის არსის შესახებ და ამის შემდეგ ამ პრობლემაზე მუშაობა უფრო გააქტიურდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს აქტიურობით და ნოდარ ხორბალაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული მრწამსით ანთებულ კარტოგრაფთა ჯგუფის თავდადებული მუშაობისა და მცდელობის მეოხებით, ქართველთათვის ეს საკრალური საკულტო ძეგლი (მთელი კომპლექსი) ფესვმაგარი ჩვენი სამშობლოს –საქართველოს შემადგენლობაში დარჩება. ყველა ქართველმა ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი.

ბატონო თენგიზ, მეცნიერი ჯანო კეკელია რომელიც კომისიის წევრი იყო, ივერი მელაშვილის მიერ დიკლოზე 4,2 კვ.კმ დაკარგვაზე საუბარობდა, ამის და სხვა ამგვარი საკითხების გამო, პროტესტის ნიშნად კომისია დატოვა. თქვენ თუ იცით ამ ინფორმაციის შესახებ რამე და თუ შეგიძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება.

– პროფესორი ჯანსუღ კეკელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარტოგრაფია–გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი იყო. იგი გახლავთ საქართველოს საზღვრების შესახებ ორჯერ გამოცემული მონოგრაფიის ავტორი და ამ თემაზე მრავალი სამეცნიერო სტატიისა და საგაზეთო წერილის ავტორი.

სწორედ ბატონი ჯანსუღი იქნა მიწვეული პირველად კარტოგრაფებიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში. იგი ხმალამოღებული იბრძოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დასაცავად. დიკლოს მთასთან დაკავშირებით დეტალების შესახებ მე ვერ მოგახსენებთ, თუმცა მას, ზოგადად, ჩემთან ნასაუბრები აქვს დიკლოს მწვერვალის პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის შესახებ მას რამდენიმე საგაზეთო წერილიც აქვს გამოქვეყნებული.

ბატონი ჯანსუღი რამდენიმეჯერ გამოვიდა ტელევიზიითაც და რადიოშიც ბატონი ვანო ჯაფარიძის გადაცემებში (ამის ვიდეოჩანაწერებიც არსებობს). ბატონ ჯანსუღს არაერთჯერ უთქვამს ჩემთან საუბარში იმის შესახებ, რომ მას კომისიაში არ უსმენდნენ და საკითხებს თვითნებურად წყვეტდნენ. იგი ამას ორგანულად განიცდიდა და დიდი ბრძოლისა და მცდელობების შემდეგ იძულებული გახდა პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა კომისია.

ერთ–ერთი საუბრისას მან მითხრა: „ამ კომისიაში ყოფნით კაჟივით ჯანმრთელობა შემერყა და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. ძალიან რთულია, როდესაც რეალობას ამტკიცებ პროფესიონალი კარტოგრაფი და არავინ არ გისმენს. ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც სურთ. ამიტომ წამოვედი კომისიიდან. ვინც უნდათ ის მიიწვიონ ჩემს მაგიერ“.

ჩემთან უნივერსიტეტში რამდენიმეჯერ იყვნენ შეხვედრაზე ბატონი ჯანსუღის მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მე რაც ვიცოდი ამ პიროვნების ნაღვაწიდან, მათ ყველაფერზე ვესაუბრე. ბატონი ჯანსუღი 2013 წლის შემოდგომაზე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა და ეს ეროვნული საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების პრობლემებთან დაკავშირებით, ჩვენ, მის მოსწავლეებს დაგვიტოვა გადასაწყვეტად. ამიტომ ამ პრობლემატიკის ირგვლივ, ყველა ქართველი უნდა დავირაზმოთ და ერთ ენაზე ვილაპარაკოთ. ეს ერთი ენა კი რუკის ენაა, რომელიც რეალობას ღაღადებს.

ბატონო თენგიზ, როგორ უპასუხებდით გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის – ირაკლი უგულავას საველე სამუშაოსა და კარტოგრაფიული მასალის ანალიზს, რომლის შედეგად ასკვნის, რომ 1937–38 წლებში გამოცემული 1 : 200 000 მასშტაბის რუკა მთლიანად აცდენილია სინამდვილეს?

– ამ კითხვაზე პასუხი მე მინდა დავიწყო ქართული კარტოგრაფიის პატრიარქის, პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის ერთგვარი შეგონებით: „კარტოგრაფია ისეთ კეთილ მცხოვან ადამიანს მოგვაგონებს, რომელიც სულ სხვებს ეხმარება, მათი მომავლისათვის ზრუნავს და თავისი ვინაობისა და ღირსების გარკვევისათვის არ იღწვის“. ამ შეგონებაში ჩადებულია კარტოგრაფიის გადაჭარბებული თავმდაბლობა, რომლითაც სარგებლობენ არაკარტოგრაფები და რადგან კარტოგრაფია დღეს პრაქტიკის ისეთი დარგია, რომელიც მატერიალური შემოსავლის წყარო გახდა, ბევრი სხვა დარგის წარმომადგენლებიც, სწორედ კარტოგრაფიას აფარებენ თავს. დიახ, კარტოგრაფია ერთგვარი თავშესაფარი გახდა კარტოგრაფიის ფუნდამენტურ საკითხებში, ბევრი არაპროფესიონალისათვის.

სწორედ ეს არის ცუდი, რადგან ისეთი სენსიტიური და ამასთანავე ეროვნული პრობლემატიკის კვლევისა და შეფასებისათვის, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრები, აბსოლუტურად მიუღებელია არაპროფესიონალთა შეფასებები და ე.წ. „ჭკუის სწავლება“ პროფესიონალი კარტოგრაფებისათვის. თქვენს კითხვაში დასახელებული პირი განათლებითა და პროფესიით ეკონომ–გეოგრაფია და სრულიადაც არაა გასაკვირი, რომ მან არ იცოდეს კარტოგრაფიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგის –მათემატიკური კარტოგრაფიის ფუნდამენტური საკითხები.

საქმე ისაა, რომ ტოპოგრაფიულ რუკებს გასული საუკუნის 50–იან წლებამდე ადგენდნენ მიუფლინგის მრავალწახნაგა პროექციაში. თვით მიუფლინგი, რომელმაც შექმნა ეს უნივერსალური პროექცია, გეოდეზისტი იყო (იგი, ამ კითხვაში წარმოდგენილი შემთხვევისაგან განსხვავებით მათემატიკური კარტოგრაფიის პროფესიონალი იყო). სწორედ ამ პროექციაშია შედგენილი, თქვენს კითხვაში ნახსენები 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელსაც გაუსის ბადე აქვს მათემატიკურ საფუძვლად.

აქედან გამომდინარე, ეს რუკა რასაკვირველია, პირიქით უნიკალური და უნივერსალურია სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სწორად წარმოებისათვის, მით უმეტეს, რომ ეს რუკა წარმოადგენს ე.წ. „მორიგე რუკას“, რომელიც პირდაპირაა მორგებული სსრ კავშირის 1936 წლის კონსტიტუციას. ასე რომ, ეს რუკა სინამდვილეს კი არ არის აცდენილი, არამედ ადეკვატურად ასახავს ობიექტური რეალობის კონკრეტულ სივრცეს, საქართველოს ტერიტორიის ამ მონაკვეთზე. აქვე მოვიშველიებ ქართული კარტოგრაფიის (და არა მარტო ქარრთული კარტოგრაფიის) ძირითადი ავტორიტეტის, პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის დეფინიციას: „რუკა არის ობიექტური სინამდვილის სუბიექტური ანასახი, შესრულებული სპეციფიკური ნიშნობრივი სისტემით - რუკის ენით“.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კითხვაში ნახსენები დასკვნა პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ პროფესიონალი კარტოგრაფებისა, რომლების არიან: 100–ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიების, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორები, ასევე მრავალი რუკისა და ატლასის ავტორები, თანაავტორები და სარედაქციო კოლეგიის წევრები, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილეები, ან ორგანიზატორები. ასე რომ, ასეთი დონის ექსპერტების მიერ შედგენილი ექსპერტიზის შემდეგ ახალი ექსპერტიზის წარმოდგენა, მიმაჩნია, რომ დიდ უხერხულობას ქმნის.

პირადად მე და ჩემი ხელმძღვანელობით ამჟამად არსებული „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“ ვგმობთ არაკარტოგრაფების მიერ შედგენილ ექსპერტიზებს და მოვუწოდებთ მათ, რათა კონსულტაციები მიიღონ პროფესიონალი კარტოგრაფებისაგან. საქმე ისაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის პროფესიონალ კარტოგრაფთა მიერ, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არეალში არაერთხელ ჩატარდა საველე ტოპო–გეოდეზიური სამუშაოები და ამის შემდეგ შედგა ჩვენს მიერ ფუნდამენტური ექსპერტიზა.

ამ ექსპერტიზის შედგენაში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თენგიზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, გოჩა გუგუაძე – გეოდეზისტი, გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის დოქტორანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის აკადემიის პედაგოგი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ზურაბ ლაოშვილი, პროფესორი, გის-ექსპერტი), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პროფესორი, კარტოგრაფი),

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (გიორგი მძელური – კარტოგრაფი–გეოდეზისტი, მთავარი სპეციალისტი, საშა ავეტისოვი – გეოდეზისტი, მთავარი სპეციალისტი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტი (ზვიად თურმანიძე). ამ პიროვნებების კარტოგრაფიულ პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე საუბარი ამ ინტერვიუში ზედმეტად მიმაჩნია. მე არავითარ შემთხვევაში არ ვამცირებ თქვენს კითხვაში ნახსენები პიროვნების ღირსებებს. იგი ჩვენი კოლეგაა და თავის დროზე დაამთავრა თსუ–ის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. ამჟამად იგი გეოსაინფორმაციო სისტემების მიმართულებით მოღვაწეობს. მაგრამ იგი არ არის განათლებითა და პროფესიით კარტოგრაფი. საქართველოში მოღვაწე ყველა კარტოგრაფი ამჟამად „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის“ წევრია და მე, როგორც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზედმიწევნით ვფლობ ინფორმაციას საქართველოში მოღვაწე კარტოგრაფთა შესახებ. მეცნიერ კარტოგრაფთა შორის ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს 7 სამეცნირო ხარისხდაცული მეცნიერ-კარტოგრაფი, ხოლო პრაქტიკული კარტოგრაფიის სფეროში კარტოგრაფთა მთელი არმია მოღვაწეობს საქართველოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში.

კარტოგრაფია დამოუკიდებელი აკადემიური მეცნიერებაა, რომელსაც გააჩნია თავისი საკუთარი ტრიადა: საგანი, მეთოდი და სპეციფიკური ენა. მას მეცნიერებათა საერთო საკლასიფიკაციო სისტემაში თავის ადგილი აქვს მიკუთვნებული. გეოსაინფორმაციო სისტემები კი ამ დარგის ახალ მეთოდოლოგიურ საშუალებათა სისტემის ერთ-ერთ ფრთას წარმოადგენს. იმის გამო, რომ კარტოგრაფია პრაქტიკაში საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა, ამიტომ მატერიალური შემოსავლის მოპოვების მიზნით პრაქტიკულ კარტოგრაფიაში ამჟამად მოღვაწეობს საკმაოდ ბევრი არაკარტოგრაფი, რომლებიც ძირითადად შემსრულებლები არიან და არა მეცნიერები. ეს სუბიექტები ძირიადად დასაქმებულნი არიან კარტოგრაფიის იმ მიმართულებაში, რომელსაც ჰქვია კარტოგრაფიული წარმოება და ტექნოლოგიურ საშუალებათა სისტემა. ის პრობლემა კი, რომელიც წარმოადგენს ამ ინტერვიუს საგანს, პირველ რიგში, მეცნიერულ ანალიზს მოითხოვს. სწორედ ამიტომ იქნენ ძირითადად მიწვეულნი ექსპერტებად ამ პრობლემის შესწავლის მიზნით 4 მეცნიერ-კარტოგრაფი.

საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ დავითგარეჯის პრობლემა ყველა ქართველთათვის საერთო საქმეა და იგი ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ამჟამად ნამდვილად არ არის დისკუსიის დრო. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანი და არა რაიმე კონკრეტული სამეცნიერო პრობლემის კვლევა, რომელიც მეცნიერული პოლემიკის წარმოებას საჭიროებს. ჩავკიდოთ ერთმანეთ ხელი და ერთიანი ძალით გადავწყვიტოთ ქართველთათვის ეს საკრალური საკითხი.

 

ლაზი მელაშვილსა და ილიჩოვას მეცნიერებად რომ მოიხსენიებენ, ამ სტატიაში მათი მეცნიერობის შესახებ სიტყვაც არ არის ნახსენები. ის ადამიანები, ისეთი რა მეცნიერების წარმომადგენლები არიან, ერთი ცნობილი მეცნიერიც რომ ვერ მოიძებნა, მათთვის კოლეგიალური სოლიდარობა გამოეცხადებინა. ეკონომ-გეოგრაფი უგულავას ადვოკატობა კი, რაღაც ძალიან უსუსურად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს ვინმემ იცის? რა დარგის მეცნიერები არიან ილიჩოვა და მალაშვილი?
3 წლის უკან
ზურაბი ბარბაქაძე. ერთი რამ მაინც გაუგებარია; საქართველო სსრკ-ში ნებაყოფილობით არ შესულა, რატომ ვიყენებთ სსრკ-ს დროს შექმნილ რუქებსა და რატომ ვამბობთ უარს იმ საზღვარზე რომელიც დადგენიალია, მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, ანუ, რატომ ვამბობთ უარს თბილისი ელიზავეტოპოლის გუბერნიების ადმინისტრაციულ საზღვარზე???
3 წლის უკან