სადელიმიტაციო–სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე ჩვენების შეცვლას არ აპირებს. მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ დაკავებას არ ელოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი – უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, კერძოდ – 3 500–მდე ჰა ფართობის მიწის გადაცემისაკენ მიმართული გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა თვდაპირველი ჩვენების შესცვლას, რადგან ის გარეჯის საქმეზე დაკავებულების სასარგებლოდ აღიქმებოდა საზოგადოებაში, მალხაზ მიქელაძემ უპასუხა, რომ ჩვენებას არავის სასარგებლოდ არ იძლევა.
„მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას. მე ჩვენებას ვიძლევი იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად ხდება. არ ვაპირებ ჩვენების შეცვლას. არ ველოდები დაკავებას, რატომ უნდა მოველოდე?!“, – განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.
მალხაზ მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტ ივანე ჩიტაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ჩიტაშვილი განმარტავს, უცნობია, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არის ის გამოძახებული.
„მხოლოდ და მხოლოდ, ვიცით ის, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ არის დაბარებული. როგორც გამომძიებელმა განმარტა, მიქელაძე დღეს მოწმის სტატუსით არის დაბარებული“, – განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო–სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004–2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო. ამ კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ 1:200 000–ანი მასშტაბის რუკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო გამოთვლების წარმოება, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა იმ მიმართულებით, რომ როგორმე დაემტკიცებინათ, 1:200 000 მასშტაბიანი რუკის უვარგისობა.
ამ მიზნით კომისია ცდილობდა მოენახათ ავტორიტეტული კარტოგრაფი, ვინც შეძლებდა კომისიის წევრების – პოლკოვნიკის, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის, ნოდარ ხორბალაძის და თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, თედო გორგოძეს საწინააღმდეგო არგუმენტაციის პროფესიულად ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით სწორედ მალხაზ მიქელაძე დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ თენგიზ გორდეზიანს, რომლისგანაც თანხმობა ვერ მიიღო. for.ge–სთან საუბრისას ნოდარ ხორბალაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მიქელაძე უწევს კოორდინირებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატების პროტესტს.
დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს. საქმეშე დევს 2015 წელს კომისიის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯალაღონიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც წერია: „თუ ჩვენ 1938 წლის რუკის მიხედვით მოვითხოვთ და მივედავებით აზერბაიჯანს, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი დაკარგავს 6 500 ჰექტარს“.
გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯის ცალკეულ მიწებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უწყებამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. პროკურატურამ საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.