„საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ“, - ეს განცხადება ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა გააკეთა. მსგავსი გამოსვლა პირველი არ არის, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ორგანიზაციაში მიღებაზე საუბრობს. ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო მიმართვები გააქტიურდა, თუმცა იკვეთება საინტერესო ტენდენცია, მსგავსი განცხადებებით ის გენერლები გამოირჩევიან, რომელთაც კონკრეტული თანამდებობა აღარ უჭირავთ.
ისიც ვიცით, რომ ბოლო სამი ათწლეულია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი განიხილება, თუმცა, უახლოეს მომავალში არა თუ წევრობის, მაპ-ის მიღების შანსიც ძალიან მცირეა. დაპირებას კი დაპირება მოსდევს, მაგრამ საბოლოოდ შედეგის დადგომა ჯერ კიდევ შორს არის. როგორც ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, საქართველო პატარა ნაბიჯებით მიიწევს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.
ამის ფონზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცდა, რასაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება და აღნიშნავს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისთვის საქართველო ღირებული პარტიონიორია.
„დღეს ჩვენ მეორე სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ მიმოვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. იგი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ყირიმში და სულ უფრო მეტად ათავსებს ძალებს შავი ზღვის რეგიონში. ნატო ამას პასუხობს წარმომადგენლობის გაძლიერებით ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში. საქართველო და უკრაინა არიან ნატოს ღირებული პარტნიორები. მათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს მისიებში.
დღეს ჩვენ კვლავ განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამები და ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან გაჟღერებული განცხადებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ნატო-ში ინტერგაციის საკითხს ეხება, For.ge ექსპერტებს გაესაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველომ გარკვეული გზა გაიარა, თუმცა, დღეს მიღწეული შედეგების ფონზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ალიანსში გაწევრიანების კუთხით. მისივე თქმით, შესაძლოა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი მოულოდნელად დადგეს და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
„მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობაზე იყვნენ, გარკვეული დრო გავიდა. სიტუაცია შეიცვალა, მათ შორის საქართველოში, მის ირგვლივ. საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და დღეს იგი სხვა არის, ვიდრე მაგალითად, ადრე იყო. გარდა ამისა შეიცვალა კონტექსტი და სიტუაცია ირგვლივ.
დღეს საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ბევრი მიზეზის გამო, როგორც სტრატეგიული მოკავშირე, ვიდრე ის 90-იან წლებში. ამიტომ გასაგებია, რომ მასზე ყურადღება გამახვილდა. საქართველომაც გადადგა ნაბიჯები მრავალი მიმართულებით. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, - ეს უბრალო ფრაზა არ არის.
დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს მოვლენა შეიძლება მოხდეს საკმაოდ მოულოდნელად და სწრაფადაც კი. მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში, ასევე ევროატლანტიკურ არეალში და რა მდგომარეობა იქნება იმ დროისთვის საქართველოში.
ჩვენთვის მთავარია საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს საქართველო და მათ შორის საჭირო ფორმაში. ამის გარანტიის მომცემი არის მუდმივი მზადყოფნა იმისათვის, რომ თუ დაისმევა საკითხი მოკავშირეთა მიერ და ერთსულოვნად თქვეს, რომ საქართველო ღირსია, და იგი ნატო-ში უნდა იქნეს მიღებული, ეს ნატო-ს ინტერესებშია. როგორც კი ეს მომენტი დადგება, საქართველო მაშინვე გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა შორეულია და მხოლოდ დაპირებები ისმის. მისივე თქმით, წლების შემდეგ, შესაძლოა, ალიანსმა მნიშვნელობა დაკარგოს და საქართველოსთვის ისეთივე საჭირო აღარ იყოს, როგორც დღეს არის.
„გადამდგარი გენერლები მკერდში მჯიღს ირტყამენ და იძახიან, რომ საქართველო თავის დროზე უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ხელში არ იყო მაშინ?! 90-აინ წლებში, როდესაც რუსეთს ხმის ამოღება არ შეეძლო. მაშინ, როდესაც შევარდნაძემ პირველად თქვა, ნატო-ს კარზე მივუკაკუნეთო. მაშინ ნატო-მ გვითხრა, რომ თქვენთან დემოკრატია არ არის. მაშინ დასავლეთში არავინ გამოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ, როდესაც 1952 წელს თურქეთი ნატო-ში მიიღეს, რომელი დემოკრატია იყო მაშინ თურქეთში?!
მიღწევად თვლიან იმას, რომ ოდესღაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ოდესღაც საქართველოს დასჭირდება ნატო-ს წევრობა?! - ეს მუდმივი არ არის ისევე, როგორც დედამიწა ბრუნავს. შეიძლება 20-30 წლის შემდეგ საერთოდ არ დაჭირდეს საქართველოს ნატო-ს წევრობა და რუსეთიდან არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდეს. არ ვიცით რუსეთი რა გზით წავა და პუტინის შემდგომი რუსეთი როგორი იქნება.
ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულება საკმარისი იქნებოდა. სიმბოლურად, ერთი-ორი სამხედრო ბაზა რომ იყოს განთავსებული საქართველოში, ეს იქნებოდა აბსოლუტურად მისაღები ჩვენთვის. ნატო მაინც არ მიგვიღებს, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერ დავაბრალებთ სუსტია და ამიტომ არ გვღებულობენო. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას შეუძლია კარები აუტალახოს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, ბაიდენს, რომელიც მეტი ყურადღებით გამოირჩევა, ვიდრე დონალდ ტრამპი. სამხედრო ვალდებულებაა საჭირო, რომელიც შეაჩერებს რუსეთს და ბორდერიზაციას, შეაჩერებს აგრესიას.
თუ ჩვენთან იქნება აშშ-ს სამხედრო ბაზები, მშვიდად შეგვიძლია დაველოდოთ როდის გაგვიხსნიან ნატო-ს კარებს. ამერიკელ ჯარისკაცს რუსეთი არასდროს ესრვის საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ღმერთმა ნუ ქნას საქმეში გამოვცადოთ როგორია ჩვენი არმია. 2008 წელს გამოვცადეთ და ვნახეთ შედეგი“ - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.