რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერალური სათათბიროს, ფედერალური საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი, ერთმანეთს ონლაინ-ფორმატში შეხვდნენ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მიზეზი, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, სადაც საუბარია შეხვედრის დროს განხილულ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, სადაც ასევე ნახსენები იყო გავრილოვის ვიზიტის დროს მომხდარი მოვლენები.
„ურთიერთგაგება დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში, ქართველი ნაციონალისტების მიერ, ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება და, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც მოიგეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე გასული წლის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქნედებები რუსეთის მხრიდან არაერთხელ ყოფილა.
ვახტანგ მაისაია: საინტერესოა კრემლის საინფორმაციო სააგენტოებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და პოლიტიკურად თავხედური განცხადებები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ, თურმე, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დროს განხილულა გასული წლის ივნისის მოვლენები, გაუგებარია რა შუაში იყო გავრილოვის ვიზიტი და მისი თავხედური ქმედება, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. ბატონმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ეს საკითხი არ განხილულა. მე ბატონ ზურაბს პირადად ვიცნობ და აბსოლუტურად მჯერა, რომ ის სიმართლეს ამბობს. კარასინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით ლაპარაკობენ აბსოლუტრად სიცრუეს, რაც გასაკვირი არაა.
საბჭოთა პროპაგანდისტული მედია-ტექნოლოგია მათთვის კარგადაა ადაპტირებული. აქ საინტერესოა ის, რომ თუ ეს საკითხი იყო განხილული, ამაშიც არ ვხედავ პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია, ქართული ანდაზა გამოვიყენოთ: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ამ კუთხით შეიძლებოდა ამის განხილვა. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, პოლიტიკური ღირსება. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. რუსეთი ჩვენი მტერია. ეს ოფიციალურად ასეა, სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ასევე, მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ კი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები აუცილებელია. ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობები, მე თუ მკითხავთ, არ უნდა იყოს პრობლემა, თუმცაღა, არაა სასურველი, როცა ქვეყანა შენი პოლიტიკური მტერია, მასზე იყო მიჯაჭვული სავაჭრო-ეკონომიკური კუთხიდან გამომდინარე.
სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თემა, ალბათ სულ მალე უფრო აქტუალური გახდება, მით უმეტეს, რომ უკვე ხშირად ისმის განცხადებები ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, ეს დადასტურდა კიდეც. არსებული ინფორმაციით, სოჭში, ვლადიმერ პუტინის და ასლან ბჟანიას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რკინიგზის საკითხი იყო, ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიკაოთ ამ შემთხვევაში?
- როცა მთიან ყარაბაღში განხორციელდა იძულებითი მშვიდობის ოპერაცია, ვლადიმერ პუტინი დემონსტრაციულად, პირადად შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. ეს მაშინ, როცა პუტინი საკუთარ სამხედროებსაც კი დისტანციურად ესაუბრებოდა. როგორც ჩანს, კრემლმა საქართველოს მესიჯი გამოუგზავნა, რომ კრემლი არ მიიღებს აზერბაიჯანულ ვარიანტს, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით კრემლს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამას ნიშნავდა ბჟანიას შეხვედრა პუტინთან.
როგორც სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი და ეს რუსეთის პოლიტოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, ამ შეხვედრაზე აქტიურად განიხილებოდა ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივა. ეს საკითხი ბჟანიამ წამოსწია. როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კარასინი ამზადებენ საფუძველს იმისათვის, რომ ეს იდეა ჩვენთან დიალოგის ფორმატში შემოაგდონ. რუსეთის ფედერაციისა და კრემლის ინტერესები გასაგებია, მათ, როგორც ჩანს, სასიცოცხლოდ სჭრიდებათ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო კორიდორის გახსნა. საუბარია რუსეთის დაკავშირებაზე ირანთან, შემდგომში კი სპარსეთის ყურის საპორტო ინფრასტრუქტურასთან გასვლა, რათა რუსეთმა შეძლოს ჩინეთის საზღვაო დერეფანში აქტიური მონაწილეობის მიღება. ეს საკითხი რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სერიოზულად განიხილება – როგორ უნდა ჩაერთონ იმ მეგაპროექტში, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს. ამ გზის ორი პროექტი არსებობს: სახმელეთო და საზღვაო. რუსეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, ორივე გზის მარშრუტის მონოპოლიზაცია განახორციელოს. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის იდეის შემოგდებას. რუსეთი არაერთხელ გამოთქვამდა ამაზე მზაობასა და სურვილს. როგორც ჩანს, რუსეთი უკვე ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების ზონა გაზარდოს.
რკინიგზის აღდგენის საკითხი, შეიძლება ორ მთავარ თემად დავყოთ - ეკონომიკური და პოლიტიკური. ეკონომიკურად რა სარგებელი გვექნება აქედან, რას მოვიგებთ ეკონომიკურად და რას წავაგებთ პოლიტიკურად?
- რომ ვთქვათ, რომ ეკონომიკურად რაიმე სარგებელი გვექნება იმაზე მეტი რაც დღეს გვაქვს, ასე არ არის. სამწუხაროდ, ეკონომიკური თუ ტურისტული ურთიერთობები რუსეთთან ძალიან დიდია, უბრალოდ რუსეთი გამოიყენებს ამ რკინიგზის ამოქმედებას თავისი გეოპოლიტიკური პროცესებისათვის და ჩვენი მოგება დიდი არ იქნება, ერთგვარი ხიფათიც კი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება გავხდეთ სატელიტი რუსეთის გეოეკონომიკური ინტერესების გავრცელების სფეროში. რუსეთი ცდილობს მიუერთდეს ჩინეთის საზღვაო კორიდორს და ეს კორიდორი წაიყვანოს მისი ტერიტორიის გავლით. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს დაარეგულიროს ურთიერთობა პაკისტანთან. ამის რეალური ინდიკაცია იყო, რომ ამ წელს სამხედრო წვრთნებში, მონაწილეობას იღებდნენ პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. საინტერესოა ისიც, რომ პაკისტანი კავკასიაშიც გამოჩნდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირდაპირ დაუჭირა მხარი პაკისტანმა. უკვე შეიქმნა ახალი პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, პაკისტანი, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. მართალია, ამ გაერთიანებას ჯერჯერობით არაფორმალური სტატუსი აქვს, მაგრამ მას რეალური სტატუსი გააჩნია და ბუნებრივია, პაკისტანი ასევე დაინტერესებულია ჩერთოს ჩინეთის ამ პროექტში და პაკისტანური პორტი „კვეტა“ რომელიც არის ჩინეთის მართვის ქვეშ, ფაქტობრივად წარმოადგენს ერთი გზის მთავარ სატრანზიტო ჰაბს. როგორც ჩანს, რუსეთი ამ პროექტში ცდილობს ირანის ჩართვას და ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ჩინური ტვირთები უკვე წავიდეს საკუთარი ტერიტორიის გავლით და სახმელეთო და საზღვაო კორიდორები გააერთიანოს. ჩემი აზრით, სასურველი არ იქნება, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ რუსეთის გეოეკონომიკური ინტერესების განვითარებას. ხოლო პოლიტიკური ურთიერთობები არ გვაქვს. რუსეთი და საქართველო ამ ეტაპზე არიან სამხედრო მოწინააღმდეგეები და ბუნებრივია, რომ უკვე პოლიტიკურ კონტექსტშიც საკითხის დარეგულირება არ მესახება, მანამ არ იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული და არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობა დარეგულირებული. მანამ ეს საკითხები არ არის მოწესრიგებული, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ რუსეთის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების გამტარებლები როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეებზე?!
ისევ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას მინდა დავუბრუნდეთ. თქვენ ეჭვი შეიტანეთ კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდებოდა კრემლს მსგავსი იაფფასიანი პროვოკაციული განცხადებების გავრცელება, რომლის რეალობის დადასტურება ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი თუნდა სტენოგრამის გამოქვეყნებით. მსგავსი ქმედება გასაგები იქნებოდა ცალკეული პოლიტიკური ფიგურებისგან, მაგრამ არა ოფიციალურ დონეზე. გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა საყვირალი თემა, კიდევ რა მიიღო ამით კრემლმა?
- ეს განცხადება გააკეთა კარასინმა, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის ზედა პალატის საბჭოს წევრი და ფაქტობრივად, მას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ფორმალური კავშირი არ გააჩნია ამ ეტაპზე. ეს გააკეთა, ჩემი აზრით, ფარული მუქარის სახით და კრემლმა ეს ფორმატი გამოიყენა. რუსეთისგან ასეთი ქმედება პირველი არ არის, ის მუქარას რეალურად ასრულებს მცოცავი ოკუპაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების ჩატარება ეს არის ასევე მუქარა და საფრთხის შემცველი ელემენტი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, რუსეთი გადავიდა საინფორმაციო მუქარაზე, მან ამით კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი რეალური სახე და დაგვანახა, რა არის ეს ქვეყანა დღეს ჩვენთვის.
ძალიან ბევრჯერ დამდგარა კარასინი აბაშიძის ფორმატის გაფართოვების საკითხი, ამდენი წლის შემდეგ, ამ კომისიის მუშაობის რეალურ შედეგებს თუ ხედავთ და ხომ არ ფოქრობთ, რომ უფრო ფართო ფორმატია საჭირო?
- ფაქტობრივად, ეს ფორმატი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონდა პოლიტიკური კომუნიკაცია, ასევე არსებობდა სამხედრო კონფრონტაციის გადაზრდის ტენდენცია. იმისათვის, რომ ეს ორი პრობლემა შემცირებულიყო, ჩვენ გვჭირდებოდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა რაღაც ფორმით. მოგვეგვარებინა თუნდაც იგივე ადამიანის უფლებების თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული, ტურისტული და კულტურული ურთიერთობები შენარჩუნებულიყო. რაც შეეხება ამ ფორმატის გაფართოებას, ეს უნდა მოდიოდეს ორივე ქვეყნის სურვილით. შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მსგავსი სურვილი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავს სურვილს ვერ ვხედავ.
თუმცა, არაერთი განცხადება გვახსოვს ჩვენ პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა მოლაპარაკებების დაწყებას ქვეყნებს შორის..
- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თავისი წინაპირობები აქვს. თუ რუსეთს სურს კეთილი ნების გამოვლენა, მაშინ მოხსნას სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთმა ძალიან დამამცირებელი ფორმით შემოიღო, საქართველო რუსეთმა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან თავისუფლად და ამ დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთს აქვს დისკრიმინაციული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან მძიმე ომი, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა იგივე რუს ტურისტებთან მიმართებაში არანაირი აგრესიის, ეთნიკური შუღლის და სხვა. აი, სწორედ ეს დისკრიმინაციული პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები არის ორი ისეთი წინაპირობა, რომელიც აფერხებს დიპლომატიურ და პოლიტიკური ურთიერთობის განვითარებას რუსეთსა და საქართველოს შორის.
ამ ფონზე, როდესაც მთელ რეგიონში საგრძნობლად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, რუსეთის მხრიდან კიდევ ბევრი მცდელობა იქნება, რომ შეგვავიწროვოს, რა უნდა იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები?
- ამ ეტაპზე, დასავლეთის ინტერესი საქართველოში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. დღეს ჩვენ ვართ პანდემიურ ომში, ამის გამო თავისი პრობლემები აქვს დასავლეთსაც და სამწუხაროდ, მას არ გააჩნია იმდენი შესაძლებლობა, რომ მიხედოს თავის სტრატეგიულ მოკავშირეებს. ევროკავშირში პრობლემებია, ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ კარგად არ არის გამოკვეთილი, იმედია ბაიდენი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიანიჭებს კავკასიის რეგიონს და ალბათ, ჩვენ სტრატეგიულ მეგობრებთან უნდა განვავითაროთ სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, მივაღწიოთ პოლიტიკურ უსაფრთხოებას. ალბათ, საქართველო უფრო უნდა გააქტიურდეს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების კუთხითაც.