„ამერიკელები თუ გადაიტანენ ვირუსს, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამისგან დაცულნი ვიქნებით. ჩვენმა მოსახლეობამაც, ყველა რეგიონმა უნდა გადაიტანოს კორონავირუსი, რომ რეგიონში არ გავრცელდეს და პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს“,- აცხადებს for.ge- სთან საუბრისას აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.
მალვინა ჯავახაძე: ტერმინი „ლოკდაუნი“ არ მიმაჩნია სწორად. ქართული შესატყვისი ტერმინია „შეზღუდვები“. არსებობს მკაცრი შეზღუდვები და არსებობს ლოკალური შეზღუდვები. ეპიდემიოლოგიურ ერთ-ერთ ღონისძიებად ითვლება შეზღუდვების დაწესება, როდესაც დაავადების გავრცელება უკონტროლოა. ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვიყავით, როდესაც დაავადების გავრცელება უკონტროლო იყო. მოდით, შევთანხმდეთ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვირუსის გავრცელება და ვირუსით ავადობა არაკონტროლირებადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი მუდმივად მანამ იქნება გარემოში, ყველა რეგიონში, სანამ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი, დაახლოებით 70-80%- მდე არ გადაიტანს, რადგანაც მსოფლიო პანდემიაა. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ვირუსით ავადობა არ მოხდეს აფეთქებითი ხასიათით, ანუ არ დაავადდეს იმაზე მეტი ადამიანი, ვის მომსახურეობასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, ეს პირველადი რგოლი იქნება, თუ ჰოსპიტალური სექტორი. ეს არის ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მიზანი.
ანუ თითქმის ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს კორონავირუსი და ეს გარდაუვალია?
- რა თქმა უნდა, პერიოდულად მიჰყვება და გადაიტანს ამას საზოგადოება ერთ წელს, ორ წელს, იმის შემდეგაც. მანამ, სანამ მოსახლეობის დიდი პროცენტი არ გადაიტანს, ვირუსი გარემოში მუდმივად იქნება. ამერიკელები თუ გადაიტანენ, სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამისგან თავისუფალი ვიქნებით. ზუსტად ჩვენმა მოსახლეობამაც უნდა გადაიტანოს, ყველა რეგიონმა უნდა გადაიტანოს, რომ იმ რეგიონში არ გავრცელდეს. თუ ევროპასა და ამერიკაში იქნება ავადობა, ჩვენ ამით დაცული ვერ ვიქნებით. ჩვენ დაცული ვიქნებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი გადაიტანს ვირუსს და ჩვენს პოპულაციაში ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები ექნება მოსახლეობის დიდ ნაწილს და მიმღებელი არ ვიქნებით ამ ვირუსის მიმართ.
დაახლოებით ეს იგივეა, რაც ჩინეთში ხდება, სადაც კორონავირუსის მძიმე ტალღამ გადაიარა და ახლა იქ ვირუსის თითო-ოროლა გამოვლინებაა, ისიც სხვა ქვეყნიდან შეტანილი?
- დიახ, ჩინეთმა უკვე გადაიტანა, იმ რეგიონში ჩამოყალიბდა პოპულაციური იმუნიტეტი და ვირუსის ცირკულაცია მასობრივი აღარ არის. ჩვენებიც რომ გადაიტანენ, უკვე ჩვენთანაც აღარ იქნება ვირუსი. ამიტომ ყველა რეგიონში უნდა მოხდეს ვირუსის გადატანა. ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ჩემთვის, როგორც ინფექციონისტისთვის, უდიდესი შინაგანი გამარჯვებაა, რომ ჩვენ პირველი დარტყმა არ მივიღეთ, მასიური დაკეტვით პირველი ტალღა და მასიური ავადობა იმ ეტაპზე ავიცილეთ, რადგან ეს იყო უცნობი ვირუსი და ჩვენ არ ვიყავით მზად ამ დაავადების დასამარცხებლად, არც სამედიცინო სექტორის, არც მოსახლეობის თვალსაზრისით. ძალიან მაღალი ლეტალობა გვექნებოდა, რომ ეს მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, დასაწყისში გვქონოდა და მაშინდელი ჩაკეტვები არ ყოფილიყო. დღეს ამ ავადობას ჩვენ უკვე მომზადებულნი შევხვდით, დაავადების ეტაპები უკვე ვიცით, დაავადების მართვაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს, ჩვენი უცხოელი კოლეგების და მეცნიერების გამოცდილებას ვიზიარებთ და ვხედავთ, რომ ბევრად ნაკლებია ლეტალობა საქართველოში. ეს ვირუსი ისე იმართება, როგორც უნდა იმართებოდეს.
ხომ არ აჯობებდა, შეზღუდვები უფრო ადრე დაწესებულიყო?
- ეს წვრილმანი საკითხია, როდის უნდა მიაღწიოს დაავადებამ პიკს, როდის ხდება ავადობის შემცირება, როდის უნდა გამოცხადდეს შეზღუდვები, ეს მკაცრად განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა და არც ერთი ადამიანის, არც მთავრობის, არც ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილება არ გახლავთ, ეს არის წმინდა ეპიდემიოლოგიური გათვლები, რომელიც უშუალოდ განისაზღვრება ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით. ახლა დაავადება მიდიოდა პიკისკენ. თუ 5 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული საქართველოში, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ოთხჯერ მეტი იქნებოდა, რადგან ოჯახის ხუთ წევრს რომ აქვს კორონავირუსი, იქიდან მარტო ერთს აქვს ტესტი გაკეთებული, ისიც თუ აქვს გაკეთებული, კარგ შემთხვევაში, ის ერთია შესული 5 ათას ინფიცირებულს შორის და დანარჩენი ოთხი არაა შესული. ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, 4- 5-ჯერ მეტი გვაქვს ავადობა. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, მივდივართ ჰოსპიტალურ შეზღუდვამდე, როცა კლინიკაში ადგილები აღარ გვაქვს. იმდენი აპარატია, რამდენიც პაციენტი წევს და მეტს ვეღარ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, როცა კითხვა ისმის, რატომ არ შემოიტანა მთავრობამ აპარატი? ვისთვის შემოეტანა მთავრობას აპარატი? მე ექიმი ვარ და მეც გადავიტანე ეს ვირუსი, ორი კვირის წინ გამოვედი კლინიკიდან, მაგრამ კლინიკაში არ დავვაადებულვარ, მე დავვაადდი ოჯახში, ანუ ოჯახის სხვა წევრმა მოიტანა ვირუსი. ისე ვიცავდი თავს, რომ ათი თვის განმავლობაში არ მქონია ეს ვირუსი, კლინიკაში ისეთი კარგი აღჭურვილობა გვაქვს, რომ უშუალოდ კლინიკაში პაციენტიდან არც ერთი თანამშრომელი არ დაავადებულა. დღეს უკვე თანამშრომელთა კოლაფსიცაა, რეანიმატოლოგები, მედპერსონალი, ვინ უნდა მოემსახუროს იმ აპარატებს, ვინ უნდა უზრუნველყოს იმ აპარატების გამოყენება? მედიკოსთა დეფიციტია ქვეყანაში. კი ბატონო, გადაამზადონ ექიმები, მაგრამ გადამზადებული ექიმი მაინც გადამზადებული ექიმია, ხოლო სპეციალისტი სპეციალისტია, გადამზადებული ექიმით კარგ შედეგს იმდენად ვერ მივიღებთ, ესეც გაჭირვების ქმედებაა, ამიტომ არ უნდა მივიდეთ გაჭირვების ქმედებამდე. არ უნდა მივიდეთ იმ კოლაფსამდე, რომელიც ლეტალობას მკვეთრად გაზრდის და ბევრი სიცოცხლე დაიკარგება.
რამდენ ხანში გადაივლოს პიკი და ორთვიანი შეზღუდვის შემდეგ დაახლოებით რამდენით შემცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა?
- ახლანდელი შეზღუდვები შედეგს მოგვცემს სამი კვირის შემდეგ, რადგან არსებობს წინა კონტაქტები, ანუ გუშინდელი, გუშინწინდელი კონტაქტები, რომელთაც ერთკვირიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ექნებათ ავადობა, 3-4 კვირა ჯერ ისევ ავადობა გვექნება წინა კონტაქტების გამო. ჩვენ ხომ ვიცით, ვირუსი გარემოში რომელ პერიოდშია ყველაზე აქტიური, ეს არის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტის შუა რიცხვები, ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ავადობა ისეთი მაღალი აღარ გვექნება, ამის შემდეგ გარემოში ტემპერატურაც მოიმატებს და ვირუსით ავადობაც ნელ-ნელა თავისით შემცირდება. მე, როგორც ინფექციონისტს, მინდა, რომ ავადობა იმ რაოდენობით იყოს საქართველოში, რომელიც მართული იქნება ოჯახის წევრების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის, კრიტიკული დეპარტამენტის მიერ. დაბალი შემთხვევების მეშინია, მაგრამ გარკვეულ ზღვრულზე მეტიც არ გვინდა, რომელიც მთელი ამ სამსახურების კოლაფსს გამოიწვევს. ამით ჩვენ ნელ-ნელა გადავიტანთ ამ ვირუსს ამ წელს, მომავალ წელს და ა.შ. სანამ ვაქცინა არ იქნება და თავდაცვის სხვა საშუალება არ გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, თავდაცვის ორი საშუალებაა, ან ვირუსის გადატანა, ან ვაქცინაცია.