კორონავირუსის გავრცელებამ მედიკოსთა მიმართ ორ უკიდურეს განწყობას დაუდო საფუძველი - საზოგადოების ნაწილი მედიკოსებს გადამრჩენელად, მუშკეტერებად აღიქვამს, ნაწილი კი - პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლად.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ექიმებს აგინებენ, სინამდვილეში, კორონასთან ბრძოლა არის მეორე მსოფლიო ომის დონის ბრძოლა. ამდენად, ექიმების შეურაცხყოფა ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფაა.
როდესაც მედიკოსების პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე საუბრობენ, რამდენად არგუმენტირებულია ეს ბრალდება და რამდენად აპოლიტიკურნი ან პოლიტიკურნი არიან ქართველი ექიმები?
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას, როგორც ერთ ექიმს, ერთ ადამიანს, არავისგან შეურაცხყოფა არ უგრძვნია, პირიქით, პაციენტები ისევ ისე პატივისცემით მიმართავენ, 500 პაციენტს მკურნალობს სატელეფონოდ და 18 წლამდე პაციენტები თავად გაატარა კლინიკაში.
„პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ არც ერთი ადამიანისგან შეურაცხყოფა არ მიმიღია. არც ერთი ჭკუათმყოფელი ექიმის შრომას არ აქარწყლებს, უმადურობა ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, ეს თავად უმადური ადამიანის პრობლემაა და არა ექიმთა პრობლემა. დღემდე დაფასებულია ექიმების შრომა. თუ ვინმე არ გვემადლიერებოდა და ისეთი განწყობა ჰქონდა, თითქოს კორონავირუსი არ არსებობდა, ზუსტად ის ხალხი გვირეკავს, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, მიშველე, ადგილი მიპოვე, შვილი მეღუპება, დედა მეღუპება, დაგვეხმარე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ და დავეხმაროთ, ასევე არიან ჩემი კოლეგებიც, იმაზე არც ვფიქრობთ, ხელფასი გვექნება თუ არა. ახლა ლაპარაკობენ, ექიმებს გაუორმაგეს ხელფასიო, ვინ უნდა გაუორმაგოს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში? სახელმწიფო ყულაბაა, რომ იქიდან ამოიღოს თანხები? რომ მითხრან, საერთოდ არ მოგცემ ხელფასსო, ისედაც ვიმუშავებ“, -აცხადებს მალვინა ჯავახაძე.
ამასთან, მედიკოსს ერთადერთი მოწოდება აქვს ჩვენი მოსახლეობის მიმართ, როდესაც სხვისი საქმიანობის, თუნდაც ექიმის, ეპიდემიოლოგის, ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს საზღვრავენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თავისი საქმე და თავისი პასუხისმგებლობა იდეალურად შეასრულოს. მით უმეტეს, ახლა ყველას დიდი საქმე აკისრია, ყველაზე დიდია სოციალური პასუხისმგებლობა, პერსონალური პასუხისმგებლობა, რომ ადამიანმა არ დამალოს, როცა სიცხე აქვს, ვირუსი აქვს და სხვა ადამიანი არ დააავადოს, იფიქროს იმაზე, რომ მისგან ვინმეს პრობლემა არ შეექმნას. მაშინ ექიმების საქმეც დაფასებული იქნება.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ექიმების პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე საუბარი მართებული არ არის.
„თქვენ გახსოვთ, გაზაფხულზე ექიმების ხელფასი რამდენი იყო? ეს ხალხი 400 ლარზე მუშაობდა. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ექიმებს სტიმული იმისთვის, რომ მათ თავიანთი სამუშაო კარგად განახორციელონ. ეს სტიმული, პირველ რიგში, შრომის ანაზღაურებაა. რაც შეეხება ექიმების აფილირებას პოლიტიკასთან, ყველა ადამიანი სუსტია და მას ყოველთვის ეშინია ლუკმა-პურის დაკარგვის, ამიტომ მთავრობასთან იქნება აფილირებული, ეშმაკთან თუ ჯოჯოხეთთან, ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი ოჯახი გადაარჩინოს და ლუკმა-პური მიიტანოს. ამიტომ ასეთი საუბარი ექიმებთან მიმართებით არ მიმაჩნია მართებულად“,-აღნიშნა ლია ელიავამ.
ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ქართველი ინფექციონისტების მიმართ დამოკიდებულებას ისტორიული ფრაზით აფასებს - „კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა დგას“. სოსო არჩვაძის აზრით, ჩვენი ექიმებიც ეჭვზე მაღლა უნდა დავაყენოთ.
„ეს არის ჩემი პატივისცემა და შლაპის მოხდა თითოეული ექიმის მიმართ. ბევრი მათგანი შეეწირა ამ ბრძოლას და არავის აქვს უფლება, მათ თავდადებაში ეჭვი შეიტანოს. სამწუხაროდ, ეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონეზე მეტყველებს. ამ მიმართულებით ხელისუფლებას მუშაობა დასჭირდება. დამაფიქრებელია თვით ის ფაქტი, რომ ყველა ითხოვს „მინდა-მინდა“, ანუ რა წამოიღოს და რა მიიღოს სახელმწიფოსგან ცალმხრივად, ამ მასაში დაიკარგა იმის განცდა, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის, ერთმანეთის დახმარებისთვის, ემპათიისთვის, ამის კულტივირება უნდა ხდებოდეს მედიასაშუალებებით, როგორ ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში. რა ქცევა იყო ე.წ. შავ პარასკევს? სირცხვილია, ამას ჰქვია ნადიმი ჟამიანობის დროს. მეტი უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირსებას, სახელს, ჯანმრთელობას, სახელმწიფოს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ for.ge-სთან საუბრისას.