ქუჩის აქციებთან მიმართებით მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ერთიანი არ არის. თუკი „ნაცმოძრაობის“ დირექტივებს დამორჩილებულ წვრილ-წვრილ პარტიებს ქუჩის აქციებისკენ გაურბით თვალი, არიან ისეთი ოპოზიციონრებიც, რომლებიც არასდროს დადგებიან იმ აქციებზე, სადაც „ნაცმოძრაობაა“ წარმოდგენილი. საუბარია ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებზე, რომლებიც, ასევე, თვლიან, რომ მათ მიმართაც გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ქუჩის აქციების ნაცვლად სამართლებრივ გზას დაადგებიან.
რისთვის მისცა ხმა ამომრჩეველმა ოპოზიციურ პარტიებს - ქუჩაში დგომისთვის, თუ საპარლამენტო ცხოვრებისთვის?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამომრჩეველს იმიტომ არ მიუცია ოპოზიციისთვის ხმა, რომ ისინი ქუჩაში დადგნენ და საპროტესტო აქციები გამართონ. ამომრჩევლებმა მისცეს ხმა იმიტომ, რომ პროგრამები, ინიციატივები, ხედვები გაიტანონ პარლამენტში, იბრძოლონ და განახორციელონ საპარლამენტო ცხოვრება, რაც პარტიებს შორის ბრძოლას გულისხმობს. ამიტომ ანალიტიკოსი იმის მომხრეა, შეუწყდეთ დაფინანსება იმ პარტიებს, რომლებიც არ აპირებენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას.
„შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პოლიტიკაში გამოცდილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უმცირესობაში არიან, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც მიაღწიონ, თუ მათ პოლიტიკური ბრძოლით დაჯაბნეს მოწინააღმდეგე. თუმცა ამის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან იქ ძირითადად წარმოდგენილნი არიან ისევ და ისევ ძველი სახეები, რომლებსაც რა შეუძლიათ პარლამენტში, ჩვენ უკვე ვნახეთ წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში - ძირითადად დესტრუქცია, ხმაური და არავითარი პოზიტიური დღის წესრიგი. კი ბატონო, მე უკვე ვნახე სოციალურ ქსელებში ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლების გამოხმაურება, რომლებიც არ მიესალმებიან მათ გადაწყვეტილებას, არ შევიდნენ პარლამენტში და წავიდნენ რადიკალურ სცენარზე“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, თეორიულად რომც დავუშვათ ხელახალი არჩევნების ჩატარება, არ გამოირიცხება, ოპოზიციურმა პარტიებმა იმაზე უფრო ნაკლები ხმა მიიღონ, ვიდრე ახლა აქვთ, იმდენად დისკრედიტაცია განიცადეს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტიკური თუ პოლიტტექნოლოგიური კუთხით.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი მოინახება. კერძოდ, შეიძლება მოინახოს გამოსავალი იმ კუთხით, რომ მანდატების გასანაწილებლად რიგგარეშე პროპორციული არჩევნები დაინიშნოს. ოღონდ ეს რიგგარეშე არჩევნები მთლიანი მანდატების კი არა, ზუსტად იმ მანდატების გასანაწილებლად უნდა დაინიშნოს, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა.
„თუ თვითონ არ უნდათ ეს მანდატები, მაშინ სხვა პარტიები რიგში დგანან და მათ გაინაწილონ. ეს ერთ-ერთი გამოსავალია. რასაკვირველია, აქაც კანონმდებლობა გადაიხედება და პარლამენტში შესვლის მოწინააღმდეგე პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ამ სიგიჟის დაფინანსება წარმოუდგენელია. მათ მანდატი იმიტომ მიიღეს, რომ პარლამენტში მივიდნენ და გააკონტროლონ ხელისუფლება. თუ ამის გაკეთებას არ აპირებენ და ქვეყნის დამხობა უნდათ, ამაში ფულს ვინ გადაუხდის? ამიტომ ბიუჯეტიდან დაფინანსება მათ არ უნდა მიეცეთ, თუკი ისინი სიას ჩახსნიან და იტყვიან, ჩვენი სია არ მონაწილეობს ამ პროცესში. არც იმას გამოვრიცხავ, ასეთ შემთხვევაში, პრეცედენტი იქნას დაშვებული და, თუ შენ უარს ამბობ პროპორციულად მინიჭებულ მანდატზე, ის მანდატი განაწილდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნებით. ეს არ ნიშნავს იმ 61 მანდატის გადანაწილებას, რომელიც უკვე განაწილდა და, რაც წაიღო მმართველმა პარტიამ, არამედ საუბარია იმაზე, რაც დარჩა გაუნაწილებელი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge- სთან საუბრისას.
დავით ზარდიაშვილის აზრით, დემოკრატიისთვის გამოსავალი უნდა არსებობდეს. ამიტომ, იმედია, ოპოზიციაში ვიღაცას ეყოფა ჭკუა და ამ სიგიჟეს, ადრე თუ გვიან, გაემიჯნება. მანამდე კი, თუ პარლამენტში არ შევლენ და სიებს მოხსნიან, არც დაფინანსება არ ეკუთვნით და შესაძლებელია, ახლად შეკრებილმა პარლამენტმა იმსჯელოს და აიცილოს მარტო დარჩენის საფრთხე.