თეოლოგთა ნაწილი თვლის, იმისთვის, რომ არ გადაგვეკიდოს აზერბაიჯანი, ხომ არ აჯობებს, დავით გარეჯის სადავო ტერიტორია ნეიტრალურ ზონად დარჩეს და არ გამოიყოს საზღვარი, როგორც ამას უცხოეთის გამოცდილება გვთავაზობს?
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის აზრით, შესაძლოა, ეს ადგილი ნეიტრალურ ზონად დარჩეს, არ გაივლოს გალავანი, რადგან რელიგიური და ეთნო დაპირისპირება მოსალოდნელია.
„რატომ არ გვეუბნებიან, ტერიტორია გაიყიდა, თუ ამის მცდელობა იყო? თუ გაიყიდა, მყიდველი არ არის დამნაშავე? აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვთ სადავო, რომ საიდუმლოდ შეიძინა?“, - აინტერესებს გიორგი ტიგინაშვილს.
პერიოდულად აქამდეც გვესმოდა, ხომ არ ჯობდა, დავით გარეჯის ტერიტორიას დაცული ტერიტორიის სტატუსი შეეძინა და მხარეებს ერთობლივი მართვა-გამოყენება შეძლებოდათ გაზიარებული სუვერენიტეტის არაერთი საერთაშორისო პრეცედენტის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილება გვთავაზობს სხვა პრეცედენტსაც, როცა მხარეები სადავო ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად მესამე მხარეს - ნეიტრალურ სახელმწიფოს ან სხვა ინსტიტუტს მიმართავენ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ნეიტრალურ ზონად გამოცხადება ეს უკვე მკრეხელობაა.
„შე დალოცვილო, მაშინ შეიძლება შენი ღმერთიც დათმო და ნეიტრალურად გამოაცხადო, ისიც შეიძლება, რჯულზე, ეროვნებაზე უარი თქვა. ნეოლიბერალიზმი მეტი არაფერი არ არის. ეს უტილიტარიზმია, ანუ საკუთარ იდენტობაზე უარი შეუძლიათ თქვან, მათ შორის, სქესობრივ, ბიოლოგიურად განსაზღვრულ იდენტობაზეც კი, ოღონდ სარგებელი მიიღონ, ანუ ბინძური ვნება დაიკმაყოფილონ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და ფიქრობს, რომ ისტორიული უსამართლობაა, რაც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა საქართველოს ძირძველ ტერიტორიებთან მიმართებით.
აქ მარტო დავით გარეჯზე არაა საუბარი, არამედ კიდევ ერთ ქართულ ძეგლზე- ბერთუბანზე, რომელიც ახლაც, იმ რუკითაც კი აზერბაიჯანის მხარეს ხვდება. ეს კიდევ ცალკე დიდი უბედურებაა, რომ არაფერი ვთქვათ იმ უზარმაზარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც თურქეთის მხარესაა.
ანალიტიკოსის აზრით, ნაცვლად იმისა, ქართველმა ილაპარაკოს იმაზე, ადრე თუ გვიან, რაღაცნაირი ფორმით ეს ძეგლები დაუბრუნდეს თავის ნამდვილ პატრონს-საქართველოს ეკლესიას, თუკი სახელმწიფო ვერ პატრონობს და მის იურისდიქციაში არ არის ბედის უკუღმართობის გამო, ახალ-ახალი შემოთავაზებები გვესმის.
დავით ზარდიაშვილის თქმით, ის მაინც უნდა მოვახერხოთ და იყო კიდეც ამაზე საუბარი, რომ, მაგალითად, იერუსალიმში ჯვრის მონასტერი გამოვისყიდოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისრაელის ტერიტორიას ვითხოვთ, უბრალოდ, ეს ძეგლი იქნება ჩვენი საპატრიარქოს საკუთრებაში. ასევეა დღევანდელ თურქეთთან მიმართებითაც, საქართველოს ეკლესიას რა სიმდიდრეც აქვს, ძველი ტაძრები, იმის ნახევარზე მეტი, გრიგოლ ხანძთელის დროინდელი, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.
„ჩვენ ეს ღიად უნდა ვთქვათ, თურქეთი რომ გვიყენებს პრეტენზიებს, ხანდახან გვესმის ხოლმე მათგან, ბათუმი თითქოს თურქული ქალაქია, შესაგებელი ხომ უნდა ამას? ღიად უნდა ვთქვათ, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე რაც არის, ეს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ჩვენ ამ ტერიტორიას არ ვითხოვთ, მაგრამ ადამიანურად, ყველანაირი სამართლით, ეს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა და ადრე თუ გვიან, ან გამოვისყიდით ამას, მოლაპარაკების გზით ეს ოდესმე იქნება საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ვინც მისი ნამდვილი პატრონია. აქ საუბარია, რომ ბერთუბანიც კი უნდა დავუბრუნოთ, ოღონდ როგორც ტერიტორია არა, არამედ, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ქონება. ეს მატერიალური ძეგლი ჩვენი საპატრიარქოს საპატრონოა. ჩვენს ეკლესიას ეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული, რაც მისი შეუვალი, უდავო და უპირობო უფლებაა. ვინ შეიძლება ამაზე გვედავოს? ისტორიული უსამართლობა და ბედუკუღმართობაა, რომ ეს ძეგლები საქართველოს ტერიტორიის მიღმაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საპატრიარქოს მიღმაცაა. აქ ნებისმიერი სხვა შეხედულება ეროვნული ღალატია. იგივეა, რასაც ნეოლიბერალები სჩადიან სქესის დროს. მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ კარგად თქვა სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, კი ბატონო, ჰომოსექსუალები ჯანდაბას, მაგრამ პედერასტებს ვერ ვიტანო. რა ნეიტრალიტეტზეც ცალკეული თეოლოგები ლაპარაკობენ, ამას ჰქვია სულიერი პედერასტობა, საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა და საწინააღმდეგო სქესად გამოცხადება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბარში.
თეოლოგ გოჩა ბარნოვის აზრით, რთულია იმაზე საუბარი, ღირს თუ არა დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის ნეიტრალურად გამოცხადება.
„აზერბაიჯანს იქ რა საქმე უნდა ჰქონდეს, ტაძარი იქ არ აქვს, სამლოცველო იქ არ აქვს და არაფერი. რამდენად რეალურია ეს ნეიტრალიტეტი, მე არ ვიცი, მაგრამ, თუკი რაიმე გამოსავალი იქნება საერთაშორისო სტანდარტებით, ის უნდა გააკეთონ. ახლა ვითომ დავით გარეჯის პრობლემა აწუხებს საქართველოს საპატრიარქოს და ამ დროს ტაძრები დაამახინჯეს ცხინვალსა და აფხაზეთში და ერთი საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებიათ რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ. ე.ი. ერთ ტერიტორიაზე ადარდებთ ტაძრების ბედი და მეორე ტერიტორიაზე არ ადარდებთ?!“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას გოჩა ბარნოვი.