ქვეყნის მთავარ ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტიც უნდა დამტკიცდეს. თბილისის მერიამ, ბიუჯეტის პირველი ვერსია საკრებულოში გადაგზავნა, რამაც ოპოზიციისა თუ დამოუკიდებელ დეპუტატებში უკმაყოფილება გამოიწვია. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაში ადანაშაულებს.
კახა კალაძემ ოპოზიციას დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან გასცა პასუხი. მერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია.
„ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველად ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძესთან კითხვები აქვს, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს ვატო შაქარიშვილს. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე პუნქტი არ მოსწონს. შაქარაშვილის განცხადებით, კახა კალაძემ პიარისთვის და პანდემიის ფონზე ღონისძიებების დასაგეგმად თანხები გაზარდა.
„ბიუჯეტთან დაკავშირებით, მე არარაციონალურ ხარჯებზე და არაპროფესიონალურ განაწილებაზე ვსაუბრობ, რადგან ბიუჯეტი მოსახლეობის გადასახადებიდან შედგება. მე პრეტენზიები მაქვს, პრიორიტეტების არასწორად განაწილებაზე. ამას კი იმიტომ აკეთებს მერია, რომ კორუფციული სქემები შეფუთოს.
მე საუბარი მაქვს კონკრეტულ მუხლებზე, კერძოდ, 5 მილიონი ლარი ხმარდება კონკრეტული თანამდებობის პირების პოპულარიზაციას. ეს ხდება სხვადასხვა არხებითა და მედია საშუალებების მეშვეობით, რომელსაც საზოგადოებასთან საჭირო ინფორმაციის გავრცელება ჰქვია. 4,5 მილიონი ლარია გამოყოფილი ეკონომიკის ხელშეწყობისთვის. 8 მილიონი ლარი კი ღონისძიების ორგანიზებისთვის უნდა დაიხარჯოს. რა გამოდის, ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პანდემიის გამო შეწყვეტილია, ამისთვის მერიამ კი 8 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
სხვა მხრივ პრობლემა არ მაქვს. პირიქით, როდესაც წინა ბიუჯეტის განხილვა იყო, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ხელფასების მომატებას ვითხოვდი. ეს წლის დასაწყისში ვერ მოხერხდა და სექტემბერში მცირედით მოემატათ. ადამიანები, რომლებიც დედაქალისთვის მუშაობენ, ეს იქნებიან ბაღის აღმზრდელები, ბიბლიოთეკარები თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ამ ადამიანებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. ამაზე პრეტენზიებს ხაბეიშვილი გამოთქვამდა, რომელიც მარტო ტყუილს აჟღერებს. მე გეტყვით ვინ უნდა არ აიღოს ბიუჯეტიდან ხელფასი - ესენი არიან, ოპოზიცია, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან, საკრებულოში არ დადიან, არც ერთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ ხელფასს იღებენ და მანქანაც ემსახურებათ. ასე რომ, ვიდრე სხვის ხელფასებზე დაიწყებენ საუბარს, საკუთარს მიხედონ. მე ვლაპარაკობ მარტო ბიუჯეტის არასწორად განაწილებაზე, ხოლო კალაძე კი მარტო ხაბეიშვილს პასუხობს და ჩემს კითხვებს უპასუხოდ ტოვებს“, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
კოლეგას პასუხობს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია 840 მილიონ ლარზე მეტია. მისივე თქმით, თანხები ღონისძიების ორგანიზებაზე კიარა, არამედ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად დაიხარჯება.
„თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია 840 მილიონ ლარზე მეტია. საკრებულომ ეს პროექტი მერიას რეკომენდაციებით დავუბრუნეთ. ველოდებით, რომ ახალ პროექტში კიდევ დამატებითი თანხები იქნება მობილიზებული.
რაც შეეხება ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების მატებას, ეს მარტივი სპეკულაციაა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებით მოხდება ბავშვთა სააგენტოს ფუნქციონირება. ასევე, ბიბლიოთეკარებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გაეზრდებათ შემოსავალი. თუკი, ვინმე ფიქრობს, რომ პანდემიის ფონზე, დამსახურებული ბიბლიოთეკარებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერა არ უნდა ხდებოდეს, ეს მათი გადასაწყვეტია.
მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად მუნიციპალიტეტის თითოეული პრიორიტეტი შენარჩუნებულია და მომავალი წლის ბიუჯეტი ჩვენი თანაქალაქელების უმთავრეს ინტერესებზე იქნება მორგებული“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.