„ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა“ - ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც ახლახანს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაიდო. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ახალი შეთანხმება 2008 წლის პროცესების გაგრძელებაა და კრემლის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთში 12 ნოემბერს ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სწორედ „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა“ დამტკიცდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ პროგრამის დამტკიცება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს რეგიონის რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფაქტია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები და პოზიცია არცთუ ისეთი მკვეთრი და აშკარაა, როგორიც რეალურად უნდა იყოს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უნდა შეცვალოს, ხოლო რუსეთის მიმართ პოზიცია გაამკაცროს. თუმცა, ამის ფონზე, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ შეშფოთება გვესმის და არანაირი კონკრეტული ნაბიჯი ქართულ მხარეს არ გადაუდგამს.
კერძოდ, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და რა შედეგს მოუტანს საქართველოს, ამ საკითხთან დაკავშირებით, For.ge ექსპერტებს გაესაუბრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ აფხაზებმა ქართულ მხარეს დიალოგი და შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა, რადგან შიდა პოლიტიკური პროცესებით არის დაკავებული. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება და ამაზე თბილისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე რეაგირება.
„ქართულ მხარეს არავითარი აღქმის უნარი არ გააჩნია. აფხაზები ეხვეწებოდნენ შეხვედრას და დააიგნორეს. ქართული მხარე ვერ აღიქვამს ამ ყველაფერს და იმის წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ძალიან უცნაურად იქცეოდა ხელისუფლება, როდესაც აფხაზეთის მხრიდან წამოვიდა თხოვნები. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი.
რუსებმა აშკარად აგრძნობინეს აფხაზებს, რომ „პატრონი არ ჰყავთ“ და დაიწყო ანექსია, სადაც რუსეთი ახდენს აფხაზური კანონების რუსულ კანონებებზე მორგებას. ეს პრივატიზაციისთვის სჭირდება. კანონი ისე შეიცვლება, რომ აღარ იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, მაგალითად ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ა.შ. გამოდის სახელმწიფო საკუთრებიდან ბევრი ისეთი ობიექტი, რომელიც ამდენი ხანი სახელმწიფო საკუთრებაში იყო, თუ გამოცხადდება მისი პრივატიზაცია, სხვის საკუთრებაში გადავა. ვიღაცა იყიდის და ვინ იქნება ეს? - რუსი, ვიღაც ინვესტორი და გამდიდრდება.
ამ მიმართულებით მიდის სერიოზული პროცესები, რათა გასახელმწიფოებრივი ობიექტების შეძენა შეიძლებოდეს ინვესტორების მიერ. ალბათ, რუსი ბიზნესმენები შეიძენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ ობიექტებს. ქართულმა მხარემ თვალები უნდა გაახილოს. შეიძლება გვიანაა, მაგრამ უნდა მივიდეს აფხაზურ მხარესთან და კითხოს, - „რა გავაკეთოთ“? ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ დროსაც კეთდებოდა ეს, გვქონდა კონტაქტები აფხაზურ მხარესთან. ეს ურთიერთობები უნდა დაადგინოს ხელისუფლებამ და კითხოს აფხაზებს, რა უნოდოდათ, როდესაც თქვეს, რომ დიალოგი სურდათ. შეიძლება რაღაც აქვთ სათქმელი, თუმცა, ქართულ მხარეს ახლა ამისთვის არ სცალია, დაკავებულია შიდა პოლიტიკური პროცესებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
კიდევ ერთი ექსპერტი გიორგი კანაშვილი თვლის, რომ ქართული მხარის პოლიტიკა შესაცვლელია, რადგან უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. მისი თქმით, ახალი შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაიდო, 2008 წლის ანექსიის გაგრძელებაა.
„ეს მიმართულება არის 2008 წლის პოლიტიკის გაგრძელება, კონკრეტულად, 2014 წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. შემდეგ 2015 წელსაც დაიდო მსგავსი ხელშეკრულება. ორივე იყო პასუხი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე - თუ თქვენ დასავლეთით ინტეგრირდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტერიტორიების შემდგომ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში.
ამჟამინდელი ხელშეკრულებით აფხაზეთი შესაძლოა, სულ უფრო მეტად ჩაეწეროს საერთო რუსულ კონტექსტში. 2014 წლის ხელშეკრულებაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ აფხაზები ეტაპობრივად უნდა მიუახლოვდნენ იმ სოციალურ სტანდარტებს, რომლებიც სამხრეთის ფედერალურ ოკრუგშია. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სულ უფრო მეტად ჰარმონიზაცია ხდება რუსეთის ფედერაციასთან, ანუ ანექსიისკენ მიდის პროცესები.
საქართველოს ხელისუფლებას მართებს საკუთარი პოზიციის მნიშვნელოვანი გადახედვა ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბოლო წლებია, რაც ჩვენი დღის წესრიგი არ გაგვაჩნია - ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და პერიოდულად ვგმობთ მიმდინარე პროცესებს. ეს უნდა კეთდებოდეს, მაგრამ დამატებით უფრო პროაქტიული პოლიტიკა უნდა გვქონდეს. უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან, სოციალური და ეკონომიკური კავშირების დამყარება აფხაზებთან და ოსებთან.
არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ ხელშკერულების გამო დიდი ხმაური ატყდეს და საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვეს, მაგრამ დროა, უფრო პროაქტიული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე, სამწუხაროდ, წლებია, საქართველოს სახელმწიფო ვერ იცლის სხვა საკითხებისთვის და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა For.ge-სთან.