„ვირუსი რაც უფრო მეტ პაციენტს დაემართება, სხვა ადამიანზე გადაცემის დროს ძლიერდება, უფრო გამოცდილი ხდება და ადვილად ებრძვის შემდგომი მსხვერპლის იმუნიტეტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე.
ოპოზიცია კორონავირუსთან ბრძოლის არაეფექტურობაზე საუბრობს. თქვენი აზრით, რა ხარვეზები გამოვლინდა ჯანდაცვის სისტემაში მომატებული მიმართვიანობის პირობებში?
- რამდენიმე დღის წინ მინისტრის გამოსვლა იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ დაახლოებით 500 საწოლი კიდევ თავისუფალია და ხელოვნური სუნთქვის აპარატის პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, არის ძალიან ბევრი პაციენტი, რომელთა განაწილებაც ძალიან რთულია, კლინიკები გადავსებულია, განსაკუთრებით, ეს თბილისს ეხება. კოვიდი დავარქვით ამ ინფექციას და ყველა პანიკაში ვარდება, როგორც კი მის სახელს გაიგონებს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის გრიპი, რომელიც მასობრივად მოედო მოსახლეობას. შესაბამისად, ადამიანებმა, რომელთაც არც სიცხე აქვთ, არც განსაკუთრებული ჩივილები, შეუძლიათ მოიხადონ ეს ვირუსი სახლში. მთავარია, არ მოაკლდეს ყურადღება მძიმე პაციენტებს და დროულად მოხდეს მათი გადაყვანა სტაციონარში, თუკი მდგომარეობა დამძიმდა.
დამძიმებამდე რომ არ მივიდეს საქმე, ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება „ლოკდაუნი“.
- განსაკუთრებული ჩაკეტვები გამოიწვევს ქვეყნის კოლაფსს, ექიმი ვარ, ჩემთან პაციენტი რომ მოდის და მას ხელფასი არ აქვს, ელემენტარულად, წამლის ფული არ ექნება, მე როგორ უნდა ვუშველო და ვუმკურნალო. ამდენად, განსაკუთრებული ჩაკეტვა, ალბათ, არ გვარგებს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დააწვება. რაც უფრო ჩაკეტავ ადამიანს, ის ისედაც დატვირთულია ემოციისგან და სტრესისგან, ზოგიერთებს ჯერ მარტო პირბადის გამოყენებაც უჭირთ. მე პირადად მიჭირს მთელი დღე პირბადით სიარული, არის ხალხი, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ და ვერ იტანენ პირბადეს. ამ დროს ადამიანს თვითონ ცხოვრება და სიტუაცია აიძულებს, პირბადე გაიკეთოს. ამას რომ დაემატება ეკონომიკური შეზღუდვები და ეკონომიკური პრობლემები, ეს ცუდ რეაქციას გამოიწვევს. თვითონ ის ადამიანებიც, რომლებიც ავად არიან, უფრო მეტად დამძიმდებიან, თუ მათ სტრესი არ მოვუხსენით.
თვით ინფექციონისტებშიც აზრი იყოფა, მათი ნაწილი ამბობს, რომ ორკვირიანი შეზღუდვები ამოასუნთქებდა ჯანდაცვის სისტემას.
- უკვე შიგნით გვაქვს კლასტერები, გარედან არავინ არ ჩამოდის და არავის არ ჩამოაქვს ეს ვირუსი, ახალი კლასტერიც კი არ იქმნება. ადამიანებს თუ ჩავკეტავთ, მაშინ ყველა უნდა დაჯდეს სახლში და ვინმემ მიუტანოს საჭმელი. ბაზრობა თუ ჩაიკეტება, იმ ხალხის მასას რა ეშველება, ვინც იქ ყოველდღიურად 3-4 ლარზე მუშაობს? მაშინ იმ ადამიანებსაც უნდა მივუტანოთ საჭმელი, სასმელი, მედიკამენტები. მაგალითად, ზოგიერთი ისეთი მედიკამენტიც არსებობს, რომელიც ასობით ლარი ღირს, ან, თუ ასობით არა, 50-60 ლარი მაინც ღირს, იმ ხალხს რას ვუშვებით? ჩაკეტვა ძალიან კარგია, მაგრამ რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს, რომელთაც გარეთ გამოსვლას უკრძალავ და მატერიალურ პრობლემების წინაშე ტოვებ მარტო? ეს თუ მოგვარდება, რომ ადამიანს ეკონომიკური პრობლემა არ შეექმნება, მაშინ, კი ბატონო, ჩავკეტოთ.
ოპოზიციის თავყრილობები როგორ შეიძლება აიხსნას კორონაპანდემიის პირობებში?
- კატეგორიულად მოვითხოვ, როგორც ექიმი და ინფექციონისტი, რომ ყოველგვარი თავშეყრა შეწყდეს. არა მგონია, ეს თავშეყრები წესების დაცვით მიმდინარეობდეს. თუ მაინცდამაინც სრული წესების დაცვით მიმდინარეობს და ყველა ადამიანი ერთ მეტრზე მეტ დისტანციას იცავს, ყველას პირბადე უკეთია და ხელებს იბანენ შესვლა-გამოსვლის დროს, კი ბატონო. თუმცა ცოტა მეეჭვება, ასე ხდებოდეს.
ჟანგბადის მიწოდება ბინაზე რამდენად შესაძლებელია და შეიძლება თუ არა მძიმე პაციენტების სახლში მკურნალობა, თუკი საავადმყოფოში მათი ადგილი აღარ არის?
- მთავარი ის კი არაა, პაციენტს ჟანგბადს მივაწვდით თუ არა, მთავარია, ავადმყოფს გვერდში ჰყავდეს ექიმი, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს, პაციენტს ჟანგბადი სჭირდება თუ არა. ყველაზე მეტი დეფიციტი უკვე პროფესიონალი ექიმებია. პაციენტს თუ ჟანგბადი სჭირდება, ის სტაციონარში უნდა იყოს, ან მაშინ უნდა გაკეთდეს კარვები, როგორც ხდებოდა ადრე, ეპიდემიოლოგიურად მძიმე მდგომარეობის დროს, და ექიმის გარეშე არ უნდა ხდებოდეს ჰაერის უკმარისობის მქონე პაციენტის მკურნალობა. თუ პაციენტს არ აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემები, ის ბინაზე უნდა მკურნალობდეს. გრიპი ახლა უმეტესობას ემართება და კლავს კიდეც ადამიანებს და უფრო მეტი გადარჩება ხოლმე. ისპანკამ 20 მილიონი ადამიანი მოკლა. თუ იწყება სუნთქვის უკმარისობა, იქ არის პნევმონია, მაშინ კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფომ, რომ ექიმს შეეძლოს ამ პაციენტთან მისვლა არა დღეგამოშვებით, არამედ ყოველდღიურად, ყოველთვიურად უნდა მოხდეს ფილტვების კორეგირება და, თუ მდგომარეობა დამძიმდება, პაციენტს უნდა შეეძლოს, გამოიძახოს ექიმი და დროზე მივიდეს საავადმყოფოში. ასე თუ არ მოხდა, არ მიმაჩნია სწორად, მარტო ჟანგბადი მიუტანო პაციენტს, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.
არის მოსაზრება, რომ კორონა უფრო აგრესიული გახდა, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, რადგან ეს ვირუსი ტვინზე ახდენს გავლენას...
- კი ბატონო, მე ეს ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, როცა დაიწყო ამ ვირუსის გავრცელება და თბილისში 2-3 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ განვაცხადე, თუ არ მოხდა ამის იზოლირება და, თუ მოხდა გავრცელება, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ჰქვია ვირუსის პასაჟირება. ვირუსი რაც უფრო მეტ პაციენტს დაემართება, სხვა ადამიანზე გადაცემის დროს ის ძლიერდება, უფრო გამოცდილი ხდება და ადვილად ებრძვის შემდგომი მსხვერპლის იმუნიტეტს. ამიტომაა ამდენი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ამიტომ ბინაზე პაციენტის დატოვება და ჟანგბადის მიტანა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აქვს, არ შეიძლება.
ცალკეულ დაწესებულებებში არის კოვიდის დადასტურების შემთხვევები, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს დაწესებულებები ჩაკეტვას არ აპირებენ. ეს დასაშვებია?
- კომუნისტების დროს მახსოვს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს პოლიცია დასდევდა და ძალით მიჰყავდათ სპეციალურ ვენეროლოგიურ განყოფილებაში, სადაც მათი გამოკვლევა ხდებოდა. თუ მათ ჰქონდათ ვენერიული დაავადება, ჩაკეტავდნენ და ძალით მკურნალობდნენ. დაახლოებით ეს უკვე კრიმინალია, როდესაც ადამიანს ინფექცია აქვს და ის არ იკეტება. ყოველ შემთხვევაში, ერთი ინფიცირებული ადამიანიც კი გარეთ რომ გავიდეს, გეომეტრიული პროგრესიით გავრცელდება ეს დაავადება.
როდის ვარაუდობთ პიკის გადავლას?
- იმედი მქონდა, ზაფხულში, სიცივეები რომ არ იქნებოდა, მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი აღარ გავრცელდებოდა. პირიქით მოხდა, ვირუსი უფრო გააქტიურდა. ამიტომ სანამ ვაქცინა არ შემოვა, ამ მდგომარეობაში ვიქნებით. უბრალოდ, თუ ვაქცინა არ გვექნება, მაშინ ყველა მოიხდის ამ ვირუსს, ან, სამწუხაროდ, ვერ მოიხდის.