მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების და იქ რუსეთის როლის გაძლიერების კონტექსტში, ევროპაში აშშ–ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ნატოს ყოფნის გაძლიერებას, აშშ–ის სამხედრო–საჰაერო და სამხედრო–საზღვაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ბენ ჰოჯესი „ეუობზერვერ“–ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უნდა გაუგზავნონ საქართველოს მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლივი გაწევრიანების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებდა, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერება, ჰოჯესის თქმით, შეაგნებინებს რუსეთს, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. როგორი იქნება ნატოს შემდეგი სამიტის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ საქართველოში უკვე დაიწყო დისკუსია ამერიკული ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი აქტუალური აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ გახდა. პომპეოს ვიზიტი ვაშინგტონის გეგმებს უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს: „ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა აშშ–ის მუდმივი ყოფნა საქართველოში. რა თქმა უნდა, მე ღიად ვერ ვისაუბრებ ამის შესახებ, გასაგები მიზეზების გამო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს, ურყევია აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როფორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ზალკალიანის განცხადებით, ამერიკელ მაღალჩინოსთან საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა.
„რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ვთანხმდებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება. მათი მხრიდან არის სრული მზაობა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამერიკელი დიპლომატი, უკრაინაში აშშ–ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლი და ნატო–ში ყოფილი წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი არ ფიქრობს, რომ მალე მოხდეს საქართველოში ამერიკული ბაზის შექმნა, მაგრამ მიესალმება საკითხის გარშემო დისკუსიის დაწყებას.
„აშშ არსებით სამხედრო განლაგებას სადაც გადაწყვეტს, დამოკიდებული იქნება აშშ–ის სამხედრო მოთხოვნილებებიდან, რამდენად აქვს აზრი, რომ აშშ–მ საქართველოში მუდმივად ყოფნა გადაწყვიტოს. როგორც იცით, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს ზოგ ძალებს, ასევე, გამოიყვანს ავღანეთიდან, შუა აღმოსავლეთიდან. ამასთანავე, აშშ–ში, კოვიდ 19–ის გამო ეკონომიკური აღდგენის ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, შესაბამისად, უახლოეს მომავალში მსგავსი ახალი ნაბიჯებისთვის ბევრი თანხები არ იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი რამის რეალურად მოხდენისთვის შესაბამისი დრო არ არის, თუმცა ამის წინ წამოწევა და დისკუსიის თემად ქცევა მისასალმებელი ინიციატივაა“, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.
საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების მნიშვნელობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი იხსნებს 1918–21 წლებს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე იდგნენ ბრიტანული სახმედროები, თუმცა ბრიტანულმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს სწორედ მაშინ, როდესაც სახეზე იყო წინასაანექსიო პერიოდი. მისი თქმით, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს და ხელისუფლებას გააჩნდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა საქართველოს ანექსია.
„მე ვფიქრობ, რომ ამერიკელი საჯარისო დანაყოფების საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი არის. გარკვეულწილად ის ხელს შეუწყობს საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას. მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს ის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესი, რომელმაც შესაძლებელია შეიწიროს ქვეყნის სუვერენიტეტი, ან გარკვეული სახის ახალი ტერიტორიული რღვევა გვქონდეს სახეზე. თუ ეს მოხდება ამ პირობების დაცვით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ დაწყებულმა დისკუსიამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე, მაშინ როდესაც ჩვენს ყოველდიურობაში ვაკვირდებით მცოცავ ანექსიას, კუხალაშვილი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო კონცეფციაში პირდაპირ განიხილება ასეთი დაახლოება და ასეთი ქმედებების განვითარება მასთან ახლოს მყოფ რეგიონში, როგორც მტრული ქმედება.
„აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო დაძაბოს საქართველოსთან დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციას ამის საკმაოდ კარგი ბერკეტები აქვს. თუ ბოლო მოვლენებს განვიხილავთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პრაქტიკულად, ეს არის საბოტაჟური ქმედებები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ვფიქრობ, გარკვეული საყრდენები რუსეთის ფედერაციას ამისათვის გააჩნია“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
თუ პრეცედენტზე არის საუბარი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ყველაზე ოპტიმალური პრეცედენტი არის კანადური კონტიგენტის განლაგება როგორც ეს იყო ბალტიის სახელმწიფოებში და პოლონეთში, რომლებიც დღეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პირდაპირი ობიექტია. მაგრამ როგორც მაისაია აცხადებს, კანადური კონტიგენტი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებში მოქმედებდა ნატოს მე–5 მუხლის გათვალისწინებული კონტექსტით.
„ნატოს სამიტზე დაფიქსირდა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს და ამიტომ, ნატოს ხელმძღვანელობამ აამოქმედა ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი და ამის საფუძველზე მოხდა ამერიკული კონტიგენტის განლაგება პოლონეთის და ბალტიის ქვეყნებში. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ნატოს კოლექტიური თავდაცვა ვერ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ ამ გაერთიანების წევრი. ამიტომ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ამერიკამ მოგვანიჭოს არანატოს მოკავშირის სტატუსი, ჩვენ გავაფორმოთ ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და ამის საფუძველზეც შესაძლებელია ამერიკული კონტიგენტის განლაგება. ამერიკული კონტიგენტის განლაგება საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რამდენად ხედავენ ისინი გაძლიერებულ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისაგან. ამის გათვალისწინებით უნდა მომზადდეს სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სტრატეგიული კვლევების სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე თვლის, რომ ამერიკის სამხერდო ბაზის გახსნა ყოველდღე არის შესაძლებელი და უახლოეს ათ წელში შეიძლება არ მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია და გამომდინარეობს რეგიონალური სიტუაციიდან, რადგან, მისი თქმით, ანალიზი იმისა, რა და როგორი ტიპის ცვლილებები მოხდა რეგიონში, საჯაროდ ჯერ არ გაკეთებულა.
„ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზი და შეფასება, ეს არ არის მთავარი. მთავარია შესაბამისი ანალიტიკური ცენტრების მიერ გაკეთებული ანალიზი და მერე უკვე შეფასება ხელისუფლების, პირველ რიგში ამერიკის ხელისუფლების და ნატოს ხელმძღვანელობის რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გადაწყდება ეს საკითხი, რამდენად ხიფათის შემცველია გეოპოლიტიკური ცვლილებები დიდი კავკასიის სივრცეში.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვა არის ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე. შავი ზღვის ნაპირზე განლაგებულია ნატოს წევრი სამი ქვეყანა, თუმცა ერთ–ერთი მათგანი, თურქეთი თამაშობს ინდივიდუალურ თამაშებს, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სენატში შეტანილია კანონპროექტი თურქეთის ნატოდან გარიცხვის თაობაზე. ნატოს აქტივობა არა მარტო შავი ზღვის და ხმელთაზღვის აკვატორიაში, არამედ კავკასიაშიც, გარკვეულწილად, პრობლემური გახდა, სირიაში ხომ თავისთავად პრობლემატური გახდა დასავლეთისთვის და მათ შორის ნატოსთვის. ეს კომპონენტები იძლევა იმ ანალიზის პასუხებს, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ“, – აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი მოკავშირეების გაძლიერება და იქ სამხედრო ბაზების განლაგება, როგორიც არის საუდის არაბეთში, კუვეიტში და სხვაგან, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც არეშიძე აცხადებს, მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის არავინ არაფერს გააკეთებს.
„ამერიკული ბაზების აქ განლაგება არის უზარმაზარი ხიფათის შემცველი, ხოლო მეორე მხრივ არის უზარმაზარი ბონუსის მომტანი. ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია ისიც, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული საინტერესო იყოს რუსეთთან გარკვეულ თემებზე დიალოგის შექმნა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია თურქეთის და ირანის აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში და მათი აქტიურობის შეზღუდვა. მოსკოვში გადასარევად ესმით, რომ ამერიკას შავი ზღვისპირეთში საქართველოს გარდა დასაყრდენი არ ჰყავს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მათ ინტერესებშიც შედიოდეს საქართველოს მხარესთან საუბარი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.