„კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს - სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში“, - წერს სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.
ამასთან, საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას.
ქვეყანაში შექმნილი პანდემიასთან დაკავშირებით for.ge-ის კითხვებს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია პასუხობს.
ქვეყანაში შექმნილი პანდემიის გამო სავადმყოფოები გადატვირთულია, ამაზე თქვენც წერდით სოციალურ ქსელში. ამის გამო მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს. თქვენ რაში ხედავთ ამ მხრივ გამოსავალს?
- რესურსი ჯერჯერობით არის. თუმცა, კლინიკების საწოლების რაოდენობა, სასტუმროების საწოლების ხარჯზე გავზარდეთ. ყველა კლინიკას გვაქვს 2-3 სასტუმრო მომაგრებული. მაგალითად, ბოჭორიშვილის კლინიკას 4 სასტუმრო აქვს მომაგრებული. იქ მყოფ ინფიცირებულებს მეთვალყურეობას უწევენ ექიმები, რომლებიც ჩვენთან კავშირში არიან. იქიდან შესაძლებელია, როგორც ტომოგრაფიული კვლევები, ასევე ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც. თუ პაციენტი დამძიმდა, მაშინ კლინიკაში გადმოყვანა ხდება. ეს მოსახერხებელი მეთოდია. სასტუმროში მკურნალობა ბევრად კომფორტულიც არის. სად 4 კაცთან ერთად წოლა და სად მარტო მკურნალობა?!
მოქალაქეები ასევე პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზეც, რომ საავადმყოფოში მოხვედრა „ჩაწყობით“ ხდება...
- ამ მხრივ მთხოვნელები მეც ძალიან ბევრი მყავს. თუმცა, ყველას ვეუბნები, რომ ადგილი არ მაქვს. როგორც კი ადგილი გამოჩნდება, ის დაწვება ვინც პირველი მოვა და ვისაც საავადმყოფოში მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება. ამჟამად ძალიან ბევრი გამინაწყენდა. საშინლად არ მომწონს ეს ვითარება, ის უნდა დაწვეს, ვისაც სჭირდება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ავადმყოფს სულაც არ სჭირდება, მაგრამ წვება. არ ვიცი ამას რისთვის აკეთებენ, შეიძლება რომ იტრაბახონ, აი, ბოჭორიშვილში ვწევარო?! არ ვიცი.
ჩვენთან ინტერვიუში ჯანდაცვის ექსპერტმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში დღეს ინფიცირებულთა 37 პროცენტი წევს, როცა ეს მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდს 20 პროცენტს. საავადმყოფოებში ადგილების უკმარისობა ხომ არ გამოიწვია იმან, რომ ეპიდემიის პირველ ეტაპზე ყველა საავადმყოფოში წვებოდა?
- ეპიდემიის პირველადი გავრცელებისას ყველა ქვეყანაში ასეთი მიდგომა იყო. თავიდან ასე იყო, ვიდრე პისიარ ტესტი უარყოფითს არ აჩვენებდა, მანამდე პაციენტი საავადმყოფოში იყო და ხან თვეზე მეტხანსაც კი რჩებოდა. ეპიდემიის საწყის ეტაპზე ეს იმიტომ ხდებოდა, რომ კაცობრიობას ვირუსის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
სიმართლე გითხრათ, გაზაფხულზე მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ ძალიან მაგრად იმუშავა. რის შედეგად შეძლეს, ეს მეორე საკითხია - მოჰყვა ჩაკეტვა და ა.შ. სამაგიეროდ, ამან კარგად იმუშავა და პაციენტს ფუფუნება ჰქონდა, რომ საავადმყოფოში დიდხანს ემკურნალა.
კლინიკების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ საველე კარვები დაიდგას, რომლებიც გათვლილი იქნება 100, 300 ან და 500 პაციენტებზე. დღეს ამის საჭიროება არის?
- ვფიქრობ, ჯერ ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ. რასაც თქვენ მეკითხები, ეს არის გაჭირვების ბოლო წერტილი. კი, ზოგიერთ ქვეყანაში სპორტულ დარბაზებშიც კი გაიშალა საველე ჰოსპიტალები, მაგრამ ჩვენ აქამდე არ უნდა მივიდეთ.
მაგრამ ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ?
- ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ადგილები რატომ აქამდე არ გააკეთესო, მაგრამ თუ ადამიანებს სოციალური პასუხისმგებლობა არ ექნებათ, უფრო დიდი საშიშროება გვემუქრება. მაშინ ყოველ მეორე ნაბიჯზე საავადმყოფო უნდა გააკეთო და ყოველი მეოთხე კი, ექიმი ან ექთანი უნდა იყოს. სოციალური ქსელით ადამიანებს სულ მოვუწოდებ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა იქონიონ. თუმცა, ახლაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იძახიან - რა პირბადე, რის პირბადე, პირბადე ახრჩობს და ა.შ. მცოცავი პასუხისმგებლობა რაღაცნაირად ყველაში უნდა გავზარდოთ. ყველაზე კარგი შედეგი აქვს პროფილაქტიკას, ვიდრე მკურნალობას.
დღეს რა პრეპარატებით მიმდინარეობს მკურნალობა ან როგორ ხდება?
- ვირუსის პირველ ეტაპზე მკურნალობისას ბევრი არაფერია საჭირო. წამალი, რომელიც ვირუსს პირველ ეტაპზე მოკლავს ჯერ არ გამოუგონიათ. აუცილებლად გაავრცელეთ, რომ ინფიცირების პირველ ეტაპზე არაფრისდიდებით არ მიიღოთ მედიკამენტები. ვირუსის მეორე ეტაპზე, როდესაც ანალიზებში ცვლილებებია, მაშინ არის საჭირო ანტიბიოტიკები. საერთოდ, ვირუსს ანტიბიოტიკი ვერ შველის. პირველ ეტაპზე საჭიროა ვიტამინის თერაპია და სითხეები. აი, მესამე ეტაპია ფილტვების ანთება. ასევე, ყველამ მინდა იცოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვების ვარჯიში. ეს კი, ბუშტებით არის შესაძლებელი. ხოლო, ვისაც ფილტვების ანთება აქვს, აუცილებლად ერთ პოზაში არ იწვნენ. აუცილებელია 15 წუთი მუცელზე წოლა და პოზიციების შეცვლა.
თქვენთვის რამდენად არის ცნობილი თუ რამდენ კლინიკაშია განთავსებული კოვიდ ცენტრები?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი 60 კლინიკაში არის განთავსებული.
ტესტები რამდენად არის საკმარისი?
- კი, საკმარისია, რადგან ტესტების გამო შეფერხება არ ყოფილა. არც გამიგია, რომ ტესტების გამო კვლევები შეფერხებულიყოს.
თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გატესტვის დროს ადამიანი კოვიდ დადებით აღმოჩნდა, მაგრამ კლინიკაში კვლევების შემდეგ უარყოფითი, ან პირიქით თუ ყოფილა?
- კი, ასეთი შემთხვევა ყოფილა. პისიარ ტესტს ცდომილების თავისი პროცენტი აქვს და ანტიგენის სწრაფ ტესტსაც თავისი ცდომილება აქვს. დაახლოებით ეს ცდომილება 5-10%-ს წარმოადგენს, მაგრამ ამის გამო უარი არ უნდა თქვან ადამიანებმა გატესტვაზე. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და უფიქსირდება ტემპერატურა 37 გრადუსი, სულაც არ არის ასეთ დროს საჭირო ტესტის გაკეთება. ისეა ეპიდემია გავრცელებული, რომ ამის საჭიროება აღარც არის.
თქვენს კლინიკაში რამდენი კოვიდინფიცირებული პაციენტი გყავთ?
- დღევანდელი მონაცემებით 145 კოვიდინფიცირებული გვყავს. დაახლოებით 35 ადამიანი კვლევაზეა. 18 პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, ხოლო 29 ბავშვი გვყავს.