„თუ „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება, თითო გადაცილებული დღე ნიშნავს თითო 24 დღის გადაწევას“

„თუ „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება, თითო გადაცილებული დღე ნიშნავს თითო 24 დღის გადაწევას“

„საქართველოს კორონავირუსის ვაქცინა წელს არ ექნება“, - ამბობს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე. მისი თქმით, კოვიდ-19-ის მატება მას შემდეგ შემცირდება, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ გამოცხადდება. ამის შემდეგ კი, შესაძლოა, ინფიცირების ტალღა დეკემბერში შემცირდეს.

კოვიდ-19-თან ბრძოლის საწინააღმდეგოდ, მთავრობა რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როდის გადავა პიკი და ვართ თუ არა დღეს ჯოგურ თერაპიაზე გადასულები, for.ge-ის ამ კითხვებს გიორგი ფხაკაძე პასუხობს.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ კოვიდ-19-მა პიკს მიაღწია?

- დღესდღეობით პიკისთვის არ მიგვიღწევია. ეპიდემია აღმავალია და ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ეს ციფრები ყოველდღიურად გაიზრდება, ვიდრე რამე ზომებს არ მივიღებთ. ვირუსს ციკლურობა ახასიათებს, თუმცა შესაძლებელია, რომ ციკლური კუთხით დეკემბრის ბოლოსთვის ვირუსის აგრესიულობა შევამციროთ. მაგრამ, რადგან ახალი ვირუსია, მასზე ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. დაველოდოთ დეკემბრის ბოლოს და თავად ჩაცხრება, ეს არასწორი მიდგომა იქნება. შესაბამისად, ვიდრე მკაცრ ზომებს არ მივიღებთ და გადამდებთა ჯაჭვს არ გავწყვეტთ, სამწუხაროდ, ვირუსი საქართველოში გავრცელდება.

ანუ, თქვენ გამოსავალს ხედავთ მთლიან „ლოქდაუნში“ და არა წერტილოვანში როგორც ეს დღეს გვაქვს?

- სამწუხაროდ, დავაგვიანეთ. წერტილოვანი „ლოქდაუნი“ ეფექტური მაშინ იყო, როდესაც კლასტერები გვყავდა, მაგრამ ახლა ეპიდემია გენერალიზებული გახდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ახლა საუბარია რადიკალურ გზებზე - პირველ რიგში, ვირუსი უნდა შევაჩეროთ. მეორე საკითხია ის, რომ ამ ინფექციას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა შევამციროთ. რეანიმაციები გადატვირთულია და რაც მეტი ინფიცირებული იქნება, გარდაცვალების რაოდენობაც კიდევ უფრო მოიმატებს.

თქვენი ნაამბობიდან გამოდის, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დრო ჩაკეტვა არ უნდა მომხდარიყო, მარტო წერტილოვანი „ლოქდაუნი“ უნდა მომხდარიყო?

- მთავრობამ რაც კარგი გააკეთა, უნდა ითქვას. გავრცელების პირველ ეტაპზე, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. ფაქტობრივად, საქართველოში კოვიდის პირველი ეტაპი არ ყოფილა. ჩვენ პირველ ტალღას გადავურჩით, რადგან სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. თუმცა, მეორე ტალღის დროს, ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, პირველი ტალღის მაგალითი არ გამოიყენა. როდესაც ვირუსის გავრცელება გაიზარდა, ქვეყანა რომ ჩაკეტილიყო, ახლა იქნებოდა ისეთი სიტუაცია, როგორიც იყო პირველი ტალღის დროს.

სამწუხაროდ, მთავრობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიღებული იქნა შვედური მოდელი. აღსანიშნავია, რომ თავად შვედეთშიც კი აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. ახლა, საქართველო არასწორი გზით მიდის. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო შვედეთი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა და ისეთი რესურსი, რომ შვედურ სისტემას მივყვეთ. ასევე, არ გვყავს ისეთი სამეზობლო, სადაც ჩვენს პაციენტებს გადავიყვანთ. შესაბამისად, საზღვარს უნდა გადავხედოთ და ვნახოთ, ვისთან ერთად ვცხოვრობთ.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, მინიმუმ 28 დღით მთლიანი „ლოქდაუნის“ გამოცხადებაა. ამით, ვირუსის ტალღა ჩაიწევს და 28 დღის შემდეგ, წერტილოვანი გახსნები შესაძლებელი იქნება.

შვედურ მეთოდს ჯოგურ თერაპიას უწოდებენ. გამოდის, რომ საქართველომ ამ მეთოდს მიმართა? და რამდენად გაამართლებს?

- რაც შეეხება ჯოგურ იმუნიტეტს, ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია - ეს არის არაეთიკური, არაპროფესიონალური და საერთოდ, არაჰუმანური მიდგომა. დღევანდელ დღეს საერთოდ ამორალურია ამ საკითხზე საუბარი. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ვაქცინის იმუნიტეტზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავაინფიციროთ მეტი ხალხი, ეს გამოსავალი არაა. ამ მიდგომას მეც ვეწინააღმდეგები.

თქვენ რამდენად ხართ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან?

- მე ყველასთან ღია ვარ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვისაც ჩემი მოსაზრება აინტერესებს, ყველას ვესაუბრები, ჩემს გამოცდილებებს ვუზიარებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ნაკლები რესურსი.

ნაკლები რესურსად და ინფიცირებისგან თავის დაცვად შიძლება მარტო პირბადის ტარება ჩაითვალოს?

- ამის საშუალება გვქონდა, მაგრამ გაგვეპარა. დღეს წერტილოვანმა შეზღუდვებმა აზრი დაკარგა, ვინაიდან ვირუსი ძალიან არის გავრცელებული. პრაქტიკულად, სხვა გზა აღარ დაგვჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია და დავიბანოთ ხელები, რაც შეიძლება ხშირად, სხვა გზა აღარ დაგვრჩენია.

ვაქცინა რამდენად მალე იქნება ხელმისაწვდომი?

- მე გეუბნებით, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ვაქცინა არ იქნება. სავარაუდოდ, ზამთარს კოვიდის ვაქცინის გარეშე გავივლით. რა თქმა უნდა, მომავალი წელი ვაქცინების წელი იქნება. ვფიქრობ, ბაზარზე რამდენიმე ვაქცინა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო წამალიც კი გამოჩნდება. სხვათა შორის, წამალზე უფრო მეტი იმედი მაქვს, ვიდრე ვაქცინის. მომავალი წელი, კოვიდის მკურნალობის წელი იქნება. თუმცა, საქართველომ ეს სეზონი რამენაირად უნდა გადაიტანოს.

მეორე ტალღა დაახლოებით როდის შეწყდება?

- როდესაც დავინახეთ, რომ ეპიდემია ხელიდან „გაგვივარდა“, შეგვეძლო ზომები მაშინვე მიგვეღო და დეკემბერში პიკი მინელდებოდა, მაგრამ ჩვენ ზომებს არ ვიღებთ. ნებისმიერი ზომა, რომელიც გატარდება, შედეგს 24-28 დღის შემდეგ მოგვცემს. ანუ, ქვეყანას ახლა თუ ჩავკეტავთ, შედეგს 24 დღეში დავინახავთ, მაგრამ თუ „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება, გამოდის ასე - თითო გადაცილებული დღე, ეს ნიშნავს თითო 24 დღის გადაწევას.

არაგველი641 ნაცბოზბანდამ მიაღწია საწადელს ვირუსის საკითხებში.
3 წლის უკან