ეპიდვითარების დამძიმება ყველაზე მეტად მედიკოსებზე აისახება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ქვეყანაში 4800-მდე მედიკოსია დაინფიცირებული. დაავადებული ექიმებისა და ექთნების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში პროფესიონალები აღარ დარჩნენ.
სწორედ ეს კრიზისია მთავარი მიზეზი, რის გამოც კლინიკების ასოციაცია ეკატერინე ტიკარიძის გადადგომას მოითხოვს. მათი თქმით, აუცილებელია პაციენტთა სწორი გადანაწილება და, თუ მიღებულია, რომ პაციენტთა რაოდენობა 15-20% იყოს, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტთა 37% არ უნდა მკურნალობდეს, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს.
ასევე, საგანგაშოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ექიმებს შორის. უკვე ათამდე ექიმია გარდაცვლილი.
ინფექციონისტი ლევან რატიანი ხშირად ამბობს, რომ დადგება დრო, ექიმებიც გამოვიფიტებითო. ხელისუფლება კარგა ხანია, ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს და ალტერნატივად სტომატოლოგებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე-მეხუთე კურსის სტუდენტების ჩართვას ფიქრობს. ასევე, კორონას მართვაში დახმარებას სთხოვს პენსიონერ ექიმებს.
რამდენად შესწევთ უნარი სხვა პროფილის მედიკოსებს, კორონას მართვაში დაეხმარონ ინფექციონისტებს?
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ კადრების კატასტროფული სიმწირის დროს ნებისმიერი სამედიცინო პერსონალის ჩართვა აუცილებელია. სხვა პროფილის მედიკოსების მობილიზება შეიძლება, ოღონდ ამას ნოემბრის დასაწყისში კი არ უნდა ვამბობდეთ, ამას გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებოდა. ერთ და ორ დღეში სხვა პროფილის ექიმს, მათ შორის, სტომატოლოგს, კოვიდის საკითხებში ვერ გავარკვევთ. ამას კვირები, თვეები და კარგი ტრენინგი სჭირდება. ნოემბერში რომ ვიწყებთ, ან გავაკეთებთ ფაციფუცში უხარისხოდ და ნაცვლად იმისა, ისინი დაეხმარონ სისტემას, პირიქით, თვითონვე გახდებიან დაინფიცირების წყარო და ახლად დაინფიცირებულ კლასტერებსაც მივიღებთ.
„კიდევ უფრო შორს წავალ, არ არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, სასწრაფოს ექიმმა არ იცის, სად არის თავისუფალი ადგილი, მაშინ, როცა პროგრამული უზრუნველყოფით ჩვეულებრივი ექიმი დააჭერს ხელს და დაინახავს, უახლოეს საავადმყოფოში სად არის ადგილი, ან ვთქვათ, ორ საათში სად თავისუფლდება ადგილი, არ მოუწევთ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიარული, ან დღეებით ლოდინი, თავისუფალი ადგილის მოლოდინში. ამ ყველაფრის ფონზე ყოველდღიურად ვისმენთ, 600 ადგილი გვაქვს თავისუფალიო, სად არის ეს ადგილიები, თუ ადამიანები 3-4 დღე ვერ მიჰყავთ ჰოსპიტლებამდე? ან კიდევ, სად არის ეს ადგილები, როცა ბათუმიდან ან სხვა ქალაქებიდან თბილისში მოჰყავთ პაციენტები? სულ ახლახანს ბავშვი დაიღუპა გზაში გადმოყვანისას. თუ არის ეს ადგილები, მაშინ ჩვეულებრივი პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო, რომ ეს ექიმებმაც დაინახონ, არ ალოდინონ ადამიანები და არ ატარონ კლინიკიდან კლინიკაში“, - აცხადებს სერგი ჩიხლაძე for.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, განმარტავს, რომ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში სტუდენტებისა და სხვა პროფილის ექიმების ჩართვა ნებაყოფლობითია, დაძალებით ვერავის დავაძალებთ, მაგრამ, თუ რესურსების უკიდურესი სიმწირეა, ვინც დათანხმდება, შეიძლება მათი ჩართვა ამ საქმეში. უფროს კურსელებს მაინც სამედიცინო განათლება აქვთ მიღებული, სტომატოლოგია კი სხვა დარგია, მაგრამ მედიცინა სტომატოლოგებსაც ნასწავლი აქვთ და უფრო ადვილია მათი ჩართვა. ყოველ შემთხვევაში, ექთნის ან ექიმის დამხმარეს ფუნქცია ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ შეასრულონ, ამას კარგი მომზადება სჭირდება და ახლა თუ გადავამზადებთ ამ ხალხს, ამის შედეგი შეიძლება იანვარ-თებერვალში გვქონდეს. ასე სწრაფად ვერ მოხდება, ან თუ მოხდება, მაშინ ახალი კლასტერები გაჩნდება.
რაც შეეხება პენსიაზე გასულ ექიმებს, სერგო ჩიხლაძის თქმით, ასაკთან ერთად რისკი მატულობს. თუმცა მოქმედ ექიმებს შორის ბევრი ასაკოვანიცაა და საკმაოდ კარგად უძღვება თავის საქმეს.
იმუნოლოგ დავით ნანობაშვილის აზრით, საინტერესოა, პენსიონერი ექიმები როგორ უნდა დაეხმარონ სახელმწიფოს კოვიდის მართვაში? მაქსიმუმ, ქოლცენტრებში თუ იმუშავებენ, თორემ პენსიონერების კოვიდინფიცირებულებთან გაშვება ნიშნავს, რომ ყველანი დაიღუპებიან.
„რაც შეეხება მეოთხე-მეხუთე კურსის სტუდენტებს, ასე მარტივი არ არის ექიმობა, სტუდენტები ტექნიკურად ექთნობის მაგივრობას თუ გასწევენ, თორემ სტუდენტი ვერ შეძლებს პაციენტის მართვას, ეს არ არის მარტივი. ვისაც იოლი ფორმები და მარტივი სიმპტომები აქვს, მას საერთოდ არ სჭირდება ექიმი, სახლში უნდა იჯდეს და დისტანცირებულადაც შეიძლება მათი კონსულტაცია. ვისაც მძიმე ფორმა აქვს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა და მედიკამენტოზურ-ინსტრუმენტალური ჩარევა სჭირდება, მას სპეციალისტის მეთვალყურეობა ესაჭიროება, სტუდენტი ამდენს ვერ გაქაჩავს. ასე რომ, მედიკოსთა რესურსი იწურება“, - აღნიშნა დავით ნანობაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ მკურნალობა, რომელიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტს სჭირდება, დიდ კვალიფიკაციას არ მოითხოვს და შესაძლებელია ამისთვის სტომატოლოგები, სტუდენტები გამოვიყენოთ. ოღონდ ექიმის სურვილიც უნდა იყოს, ყველა ექიმს ვერ დააძალებ, გინდა თუ არა, კოვიდპაციენტებს უმკურნალოს. რაც შეეხება რეანიმაციას და ინტენსიურ თერაპიას, იქ უკვე სხვა პროფილის ექიმთა გადამზადება ასე იოლი არ იქნება.
„შეიძლება გადავამზადოთ თერაპევტი, ქირურგი, მაგრამ ყველა სტომატოლოგს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ვერ გადაამზადებ და ვერ დასვამ რეანიმაციაში. ამისთვის სრულიად განსხვავებული დონის ექიმია საჭირო“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ ჩვენთან საუბრისას.