ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ დიდხანს დარჩება პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების განსჯის საგანი. თავდაპირველი მოსაზრება, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია ამკვიდრებდა, რომ პომპეო ხელისუფლების დასატუქსად ჩამოდიოდა, ვერ გამართლდა. პომპეო არათუ შეხვდა ოპოზიციას, ხელისუფლების შექებაც არ დაიზარა და ოპოზიციას შორიდან დაუტოვა დარიგება, რომ თუ რაიმეს გარკვევა და გაპროტესტება უნდათ, ეს საკანონმდებლო ორგანოს დარბაზიდან გააკეთონ. რა ჩამოგვიტანა და რა წაიღო პომპეომ საქართველოდან, რეალურად რას უკავშირდებოდა მისი ნაჩქარევი ვიზიტი, ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს.
პაატა ზაქარეიშვილი: მისი მთავარი ამოცანა იყო, საქართველო სად არის ახლა. როდესაც რეგიონში ამდენი რამ შეიცვალა, პომპეოს აინტერესებს ახლა აქ რა ხდება. ამიტომაც პომპეომ თავისი მოგზაურობის უნიკალურ, ანუ მოკავშირეთა სიაში ჩასვა საქართველო. ამიტომ ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. ის შეხვდა არასამთავრობოებს და ძალიან მკაფიო კითხვები დასვა სასამართლოზე. გახარიას ის ელაპარაკა არჩევნებზე, ანუ მან ძალიან კარგად იცოდა, ვისგან რა ინფორმაცია უნდა აეღო. გახარიას აშკარად აგრძნობინა, რომ ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით.
პომპეო პირადად არ შეხვდა ოპოზიციას, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ოპოზიციის მიერ დასმული საკითხები მეორე ხარისხის არის ამერიკისთვის?
- ის ფაქტი, რომ ოპოზიციას არ შეხვდა, საინტერესოც კია, რომ შეხვედროდა, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაკრიტიკება მოუწევდა. ამიტომაც ასე ვთქვათ არ აკადრა, რადგანაც ამით გააძლიერებდა ხელისუფლების პოზიციებს. ის, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს ჩვენთვისაა გასაგები, მაგრამ დასავლეთს ეს არ ესმის. ამიტომაც მოუწევდა ეთქვა, რომ იქნებ ეფიქრათ პარლამნეტში შესვლაზე. ეს კი არა, პომპეომ წასვლაც კი ვერ მოასწრო, რომ კობახიძემ ოპოზიციას დასცინა, პომპეო იმიტომ არ შეხვდა, რომ ისინი რუსეთის საქმეს აკეთებენო. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც პომპეოს სჭირდებოდა იყო ის, არის თუ არა ერთგული საქართველო დასავლური ღირებულებების. როგორც კი ის წავიდა, მაშინვე გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე წინასწარ გამზადებული ტექსტი, სადაც ძალიან მკაცრად იყო შეფასებული არჩევნების შედეგები და სიტყვა „ფატალურიც“ კი გამოიყენა, რაც ძალიან მძიმეა და აქვე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
როგორც თქვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა, არის თუ არა საქართველო დემოკრატიული პრინციპების ერთგული და რჩება თუ არა ის ამერიკისთვის სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრად, რატომ გახდა ეს გადამოწმება საჭირო, რატომ შეეპარა ქვეყნის ერთგულებაში დასავლეთს ეჭვი?
- იმიტომ, რომ ბევრი რამ ერთმანეთს მიყვა. ეს არის ანაკლიის პორტი, იგივე არჩევნები, სენატორების და კონგრესმენების ძალიან მკაცრი წერილები, ანუ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ეს. ამ დრომდე, არასდროს არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები, წელს პირველად დადგა ეჭვქვეშ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ძალიან ბევრი საფუძველი არსებობს იმისთვის, ითქვას, რომ არჩევნების რაღაც პროცენტები გაყალბდა, რაც ამდენ ხანს ხელისუფლებას არ გაუკეთებია, ვინაიდან ეს არ სჭირდებოდა. ახლა ისე გაუჭირდა, მეც კი, როდესაც ყოველთვის ვიცავდი „ქართულ ოცნებას“, მე დღეს ამას ვეღარ ვამბობ. ერთად შეკრული ოპოზიცია კი მაფიქრებინებს, რომ შეიძლება მათ წარმატებას მიაღწიონ. შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი, ანდა მოესწროს ხელახალი არჩევნები. ამერიკისთვის საქართველო ერთადერთი საყრდენია კავკასიაში. თუ საქართველოს დემოკრატია გამოეცლებათ, მაშინ მთელი კავკასია ჩამოეშლებათ. ეს დემოკრატიული ღირებულებები საქართველოზეა მიბმული. ამ ფონზე, კი ბუნებრივია, მათ აინტერესებთ, საით მიდის მათი მოკავშირე საქართველო, იქით მიდის რასაც ამბობს, თუ სხვა მხარეს. ანუ, ამერიკამ მოსინჯა, რამდენად ერთგულია საქართველო თავისი განცხადებების ნატოში გაწევრიანებაზე.
- ეს „ნატო“-ში გაწევრიანება უკვე ღიმილის მომგვრელიცაა საზოგადოებისთვის, უკვე მრავალი წელია ეს სიტყვები გვესმის, მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობთ, რეალურად, აქტიურ ფაზაში თუ გადავა ეს საკითხი ახლა მაინც?
- პომპეო თურქეთის მერე ჩამოფრინდა საქართველოში და ეს რაღაცაზე მეტყველებს. ის შეხვდა კონსტანტინეპოლის პატრიარქს და შემდეგ შეხვდა ჩვენს პატრიარქს. აშკარაა რაღაც ინფორმაციები ჩამოიტანა. ალბათ, აინტერესებთ საით მიდის მართლმადიდებლური სამყარო როდესაც რუსეთთან ასეთი დაპირისპირებებია. ბევრი თემები მიება ერთმანეთს. რაც შეეხება ნატოს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებაზე, თუ ის არ მიდის ნატოსკენ? ამიტომ, მათ სჭირდებათ მყარი განცდა იმისა, რომ ქართველებს უნდათ „ნატო“-ში გაწევრიანება, რათა ამერიკამ სხვა ქვეყნებს დააჯეროს, რომ საქართველო ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც კავკასიაში თურქეთი ასე გაძლიერდა, ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს გამოთქმა, „შესაძლებლობების სარკმელი“, სარკმელი კი არა, შესაძლებლობების ჭიშკარი გაიხსნა საქართველოსთვის. ასეთი რამ კავკასიაში არ ყოფილა, როდესაც ყველა მოთამაშე შეიცვალა და ამიტომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ. ამერიკამ ყველა დაინახა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო ვერ დაინახა, არ ჩანს, ამიტომ მას სჭირდება დაინახოს, სად არის საქართველო. მას სჭირდება ინფორმაცია, რა დაუტოვოს დემოკრატ ადმინისტრაციას მომავალში სამუშაოდ.
რეგიონში მიმდინარე ამ რთულ ფონზე, არის თუ არა აუცილებელი საქართველომ საკუთარი პოზიცია გამოკვეთილად დააფიქსიროს, ეს გარკვეულ საფრთხეებთან ხომ არ იქნება კავშირში?
- ყველაზე კარგია სწორედ პოზიციების დაფიქსირება. მკაფიოობამ მისცა წარმატება აზერბაიჯანს, სომხეთი ამით დამარცხდა. მან არ იცოდა, ევროპასთან იყო თუ რუსეთთან, მრავალვექტორული თამაშის წესი ჰქონდა არჩეული სომხეთს, ამას გამოიწვია ის წყალწყალა პოლიტიკა, მოაწერეს ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც არაფერი არ წერია. რუსეთმაც ანგარიში გაუწია არა სომხეთს, არამედ თურქეთს, რომელიც ასე გაძლიერდა რეგიონში. ანუ სიცხადე პოლიტიკაში ყოველთვის მომგებიანია. საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მკაფიო, მდგრადი პოზიცია, რომელსაც ყოველთვის დაიცავს.
ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა რეგიონში, საქართველოსთვის რა საფრთხეები შეიძლება ამ ეტაპზე გამოვკვეთოთ?
- რუსეთის პოზიცია კიდევ უფრო დასუსტდა. რუსეთმა სამხედრო ბაზების რაოდენობით რაც გააკეთა სამხრეთ კავკასიაში, ერთადერთი არა ბაზა, არამედ მხოლოდ შეიარაღებული ფორმირებაა, სამთო მსროლელთა ბატალიონი, რომლებსაც მხოლოდ ავტომატები და ტყვიამფრქვევები აქვთ.
ჯერ ეს პროცესი ბოლომდე არ არის დამთავრებული, არ ვიცით რა რისი სანაცვლოდ იქნება..
- რუსეთს მოუწია დაკმაყოფილებულიყო აზერბაიჯანისა და წარმატებული თურქეთის კონტექსში არ ყოფილიყო დამარცხებული. მას მისცეს საშუალება, დაიცვას სომხური მოსახლეობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რაც მან გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის არ გააკეთა, იმის გაკეთება დაევალა ახლა აზერბაიჯანში, რათა გადაარჩინოს აზერბაიჯანის სახელი, რომ არ დაბრალდეს სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ამიტომ, კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ რუსეთი გაძლიერდა, რა თქმა უნდა, არც შესუსტებულა. რუსეთმა უბრალოდ მოახერხა ამ თამაშის წესებში შეენარჩუნებინა თავისი ადგილი. ამიტომ, თუ წარმატებაზეა ლაპარაკი, წარმატება აქვს თურქეთს და აზერბაიჯანს. რუსეთი აქამდე თვითონ ადგენდა თამაშის წესებს კავკასიაში, დღეს ის უკვე თამაშობს თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ დაწესებული წესებით. თურქეთი არ შემოდის იარაღით, შემოდის ცივილიზებურად, ისლამით, კულტურით, რუსეთი კი გადის. მან ომი მოუწყო თავის მოძმე მართლმადიდებელ ქართველებს. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. სომხებს იმედი ჰქონდათ, რომ გიუმრის ბაზა მათ დაეხმარებოდა, მაგრამ რუსებს ხელიც არ გაუნძრევიათ.
დაბოლოს, რა წაიღო პომპეომ საქართველოდან, ამაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული?
- პომპეომ წაიღო ის, რომ საქართველოსთან საჭიროა მუშაობა. რომ თუ საქართველო მივუშვით, საქართველო ჩაბარდება რუსეთს. ანუ საქართველოს დემოკრატიულ ძალებთან არის საჭირო მუშაობა და მაქსიმალურად უნდა დაგვეხმარონ.