„ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო - აი, ეს არ აპატიეს, დანარჩენს აჩვენეს, თქვენ თუ რამეს იტყვით, ამაზე უბედურად მოგექცევითო“

„ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო - აი, ეს არ აპატიეს, დანარჩენს აჩვენეს, თქვენ თუ რამეს იტყვით, ამაზე უბედურად მოგექცევითო“

13 წლის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ შსს–ს მიერ მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე–2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის, ციცინო შავაძის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შსს–ს კუდ–ის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას „სახელმწიფოს მოღალატე“ უწოდეს და წაიყვანეს მანქანით. მომჩივანი, ციცინო შავაძე ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის შედეგად.

მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული თითები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წინასწარი გამოძიება როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტზე და ჩაატარა წინასწარი საგამოძიებო ღონისძიებები, რის შემდეგაც საქმე გადაეცა პროკურატურას.

ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შსს–ს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე–2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ირაკლი შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხული იქნა 120–მდე პირი, დაინიშნა და ჩატარდა – ბალისტიკური, ტრასოლოგიური, სამედიცინო, გენეტიკური და გრაფიკული ექსპერტიზები.

„გამოძიების მიერ, მოპოვებული იქნა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და სხვა არაერთი საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო უწყების მიერ დაზარალებულის უფლებამონცვლედ ცნობილი იქნა გარდაცვლილი როინ შავაძის მეუღლე – ციცინო შავაძე. ამ დროისათვის, საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

მოკლული სამხედროს, როინ შავაძის მეუღლე აცხადებს, რომ საქართველოში როინ შავაძის საქმეზე 12 წლის განმავლობაში სამართალი არ დადგა.

„კარგი, ის მთავრობა უნამუსო იყო, მაგრამ ახლანდელმა რა გააკეთა? მკვლელების მფარველები არიან? 12 წელი რა გააკეთეს, ძალიან მტკივა გული, სამართალი ხომ უნდა დამდგარიყო. ხელახალი გამოძიებისთვის რამდენჯერ მივმართე, ყოველ მეორე თვეს, უამრავჯერ მივმართე. ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. დაავიწყდათ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე და ვაჟკაცი გამოაცალეს ქვეყანას. საერთოდ არაფერს გვეუბნებოდნენ, პირიქით, ჩვენ გვკითხავდნენ. დაკითხულია 400 კაცი. არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, დანაშაული არაფერი იყო და რა ექნებოდათ, მხოლოდ მათი შეცდომები“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

რაც შეეხება შავაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციცინო შავაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი. როგორც ციცინო შავაძე ამბობს, ომიდან დაბრუნებული მისი მეუღლე ამბობდა, მიგვატოვეს, გაგვწირესო და ეს არ აპატიეს.

„აიღეს ვაჟკაცი, რჩეული ბიჭები და დანარჩენს აჩვენეს, რომ თქვენ თუ რამეს იტყვით, ამაზე უბედურად მოგექცევითო. მან იცოდა ისეთი რაღაცა, რომელიც არ აწყობდათ და ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო. აი, ეს არ აპატიეს. ორჯერ მიბრუნდა და მიცვალებულები გამოიტანა. იქ დარჩენა უნდოდა და მოღალატე იყო? იქ ვერ დარჩებოდა, მიცვალებულები და დაჭრილები რომ ჩამოიყვანა?

იმ მთავრობამ იცოდა, რომ ის არ გაჩერდებოდა და ეს არ აწყობდათ. იცოდნენ, ბიჭებისთვის უთქვამს და არის ჩანაწერები, რომ ყველა შევიკრიბებით, ყველაფერს ვიტყვით და ვერავინ გამაჩერებსო. წყალი არ დაულევია ისე მოკვდა. ყავა რომ მოვუხარშე, მითხრა, ვერ ვსვამო. ბიჭები ისე მოკვდნენ, წყალი არ ჰქონდათ, რომ დაელიათ და მე ყავა დავლიოო? შოკში იყო, ძალიან ცუდად იყო“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძის განცხადებით, დაიკითხა 120–ზე მეტი ადამიანი, აქედან 40–მა ადამიანმა აღიარა, რომ შავაძის დაკავებისას არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. მისი თქმით, შავაძის დაკავებისა და მკვლელობის სპეცოპერაციას უშუალოდ აჭარის კუდ–ის უფროსი თემურ პატარიძე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პატარიძეს გავლენიანი მფარველი აღმოუჩნდა. ეს მფარველი კი, მისივე თქმით, დავით ჯანდიერია, რომლის დაც თემურ პატარიძესთან არაოფიციალურ ქორწინებაშია და საერთო შვილი ჰყავთ.

ამ საზარელ მკვლელობის საქმეში დავით ჯანდიერის ინტერესებზე საუბრობს როინ შავაძის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე. for.ge-სთან საუბრისას პაპიძე აცხადებს, რომ ჯანდიერი მფარველობდა დამნაშავეებს, იყენებდა თავის ურთიერთობებს და გავლენას.

„რა თქმა უნდა, დავით ჯანდიერი დაინტერესებული იყო და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც დაინტერესებულია ამ საქმით. ჯანდიერი დაინტერესებული იყო, რომ ამ საქმეს არ ჰქონდა ის სამართლებრივი დასასრული, რაც რეალურად უნდა ჰქონდა. ანუ, არ გამოვლენილიყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები. ჯანდიერს ეს ინტერესი ჰქონდა იმ ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია თემურ პატარიძესთან.

აჭარის ა–რ კუდის ყოფილ უფროსს, თემურ პატარიძეს დაკითხვაზე დაუსვეს ასეთი კითხვა – „როინ შავაძის ბადრაგირებას რატომ ახდენდით თბილისში, ამის რა აუცილებლობა იყო, როდესაც ბათუმში იყო წინასწარი დაკავების იზოლატორი?“, რაზეც პატარიძე პასუხობს, რომ მერაბიშვილის დავალებით მიგვყავდაო. მერაბიშვილს არ კითხეს დაავალე თუ არა პატარიძესო, იმიტომ, რომ პატარიძე იყო თეა წულუკიანის მოადგილის, დავით ჯანდიერის დის ქმარი და საპროცესო გაუკეთეს. ჯანდიერი მფარველობდა პატარიძეს. ისე გააფუჭეს ეს საქმე, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს და ახლა უნამუსოდ ამბობენ, რომ დასკვნით ეტაპზე არის საქმეო. რა დასკვნით ეტაპზე საუბრობენ ეს ჯამბაზები“, – აცხადებს რამინ პაპიძე.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ 4–5 წლით ადრე, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მტკიცებულებების გაცნობის ეტაპზე თქვა, რომ არ გააჩნდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შავაძე წამებით იქნა მოკლული.

„ამ მიწერ–მოწერებში დრო გავიდა და დღეს, სამარცხვინოდ გენერალური პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ თითქოს დასკვნით ეტაპზე არიან. ამას იძახიან წლებია. ესენი არიან არტისტები, მატყუარები. დიახ იტყუებიან. 120 კაცი დაკითხულია ჯერ კიდევ 2015 წელს. ფაქტიურად დიდი ხანია ამ საქმის გამოძიება დასრულებულია. გამაგებინეთ, 12 წელი რომელ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას სჭირდება? დიახ, მათ გააფუჭეს საქმე. 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ იყო შანსი, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. მაგრამ ჯანდიერის მეთაურობით ეს საქმე კიდევ გაყალბდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე და ყველა ის ადამიანი დაისჯება, ვინც გააყალბა ეს საქმე. თავიდანვე ამ საქმის გაყალბებას ხელმძღვანელობდა მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში რესან კონცელიძე, იმდროინდელი პროკურორი, რომელიც ამ საქმის ფაბრიკაციით იყო დაკავებული, ვასილ როინიშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ჰყავთ გადმოყვანილი და დანიშნული. როინ შავაძე მოკლა მიშა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამ ხელისუფლებამ ყველა დამნაშავე დააწინაურა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამინ პაპიძემ.