„ბაიდენი პოსტკომუნისტური სივრცის და მასში ახალი დემოკრატიების ინტეგრირების უფრო მეტად მხარდამჭერია“

„ბაიდენი პოსტკომუნისტური სივრცის და მასში ახალი დემოკრატიების ინტეგრირების უფრო მეტად მხარდამჭერია“

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. საერთაშორისო დონეზე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მის გამარჯვებას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკისგან განსხვავებით, ბაიდენის მიდგომა უფრო ლოიალური და საინტერესოა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ გეოპოლიტიკურ რეალობაში ბაიდენის ფაქტორი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია, რადგან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლოა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და მეტად გაღრმავდეს.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობითა და ადმინისტრაციის შეცვლით, ჩვენი ურთიერთობა უფრო პოზიტიური გახდება. შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც გარკვეული მნიშველოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

აღსანიშნავია ასევე, სამხრეთ კავკასიაში კარდინალურად შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ნაწილობრივ ვხედავთ, ძალთა გადანაწილებას. ვგულისხმობ, მთიან ყარაბაღში არსებულ მდგომარეობას და აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთგვარ შეთანხმებას, სადაც რუსეთი „მშვიდობის დამყარებას“ ცდილობს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა გაფართოვდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან აცხადებს, რომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ განვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, რთულია, თუმცა, ელოდება, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეობა უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება.

„ჩვენი ურთიერთობა, ვგულისხმობ პერსონალურს, ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობას, საკმაოდ პოზიტიურია. საერთო ენის გამონახვა, ალბათ, არ გაუჭირდებათ, მით უმეტეს, რომ ბაიდენი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, პოლიტიკური სტრუქტურების გაძლიერების, გაფართოების და პოსტკომუნისტური სივრცის, ახალი დემოკრატიების მასში ინტეგრირების მხარდამჭერია“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა და დასძინა, რომ წინა ადმინისტრაციის მხრიდან სრულიად კონსტრუქციული დამოკიდებულება არსებობდა, თუმცა, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, მოსალოდნელია, რომ ამ ურთიერთობამ უფრო ღრმა ხასიათი მიიღოს.

„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ქარტიაშია ასახული და ხაზგასმული, აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ალბათ, ყველა მიმართულებით გაფართოვდება და გაძლიერდება. პარტიას, რომელსაც წარმოადგენს ჯო ბაიდენი, ამ თვალსაზრისით, ძალიან ღია და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს საქართველოსადმი და საერთოდ, პოსტკომუნისტური სახელმწფოებისადმი.

ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კონსტრუქციული და კორექტული იყო. საქართველომ ძალიან ბევრ რამეს მიაღწია აშშ-ს თანამშრომლობის შედგომი განვითარების კუთხით და იმედი მაქვს, ახალი რედაქციით, ეს პროცესები გაღრმავდება და უფრო აქტიური გახდება. ამის სანდო საფუძველი გვაქვს“ - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ საქართველოსთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, შესაძლოა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, მნიშვნელოვანია დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, ოფიციალურად ვინ გახდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

„ოფიციალურად, ჯო ბაიდენის გამარჯვება არ გამოცხადებულა. თუ გაიმარჯვა, იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, რასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ატარებდა. შეიძლება იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა და ენერგეტიკა იმ ურთიერთობებში, რაც საქართველოსთან არსებობს, კონკრეტულად კი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

დაველოდოთ, კავკასიაში აშშ-სთვის ვითარება როგორი მიმართულებით განვითარდება. არ მგონია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები მოხდეს, რადგან ნატო არ არის მხოლოდ აშშ. ვფიქრობ, დიდწილად მემკვიდრეობა შენარჩუნდება და გაგრძელდება ის ურთიერთობები, რაც გაწერილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში. შეიძლება უფრო აქტიური გახდეს, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი For.ge-სთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სააქართველოში ვიზიტსაც უსაფრთხოებას უკავშირებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კავკასიაში უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა და მოგვარება.

„ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იქნება უფრო მეტი მოთხოვნილება, ზეწოლა და ყურადღება საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ურთიერთობებში რაიმე დრამატულ გარღვევებს არ უნდა ველოდოთ, რადგან აშშ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, აიგება ურთიერთობები საქართველოსთვის.

ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში პომპეო, მისი ძირითადი მიზანი სწორედ ეს იყო. თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ ძირითადად, უსაფრთხოების პრობლემებზე იყო შეხვედრა ფოკუსირებული. რა მოითხოვა აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებისგან და რა მიიღეს, ამას ალბათ უხლოეს მომავალში გავიგებთ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

Maverick ბატონებო, გამოგრჩათ გეი პარადები, გეი ქორწინებები, გეი პროპაგანდა საკოელბში და საბავშვო ბაღებში!
4 წლის უკან
DDDzia ბმული />
РЕЧЬ МАКСИМА ШЕВЧЕНКО О СОВРЕМЕННОЙ РОССИИ!
4 წლის უკან