Grand Funk Railroad - ტრიო ლოკომოტივის ენერგეტიკით (ნაწილი II)

Grand Funk Railroad - ტრიო ლოკომოტივის ენერგეტიკით (ნაწილი II)

1972 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა Grand Funk Railroad -თვის, მსმენელისთვის კი განსხვავებულობით გამორჩეული ამ ჯგუფთან მიმართებაში, რადგან თუკი სხვადასხვა ჰარდ-როკ კოლექტივებში ჩვეულებრივი ამბავი იყო ერთი მუსიკოსის მეორეთი ჩანაცვლება, Grand Funk ამ მხრივ განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან აქ მუსიკოსების რაოდენობა შეიცვალა.

ტრიოდან კვარტეტის სტრუქტურაზე გადასვლა Grand Funk Railroad-ში კლავიშებიანი ინსტრუმენეტების ჟღერადობის დანერგვას უკავშირდება. ამის მცდელობები და რაც მთავარია საჭიროება, იქამდეც შეინიშნებოდა და „კლავიშნიკის“ როლს  მარკ ფარნერი ტვირთულობდა ხოლმე. საშტატო მუსიკოს ქრეიჯ ფროსტის მოსვლა კი ალბომს Phoenix-ს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ 10 სიმღერისაგან შემდგარი ალბომის ინსტრუმენტულ გახსნაში, ჰამონდის პარტიას კვლავაც მარკ ფარნერი ასრულებს. ფროსტი კი უკვე მეორე სიმღერიდან შემოდის და ჯგუფის ჟღერადობას მთელი დანარჩენი 35 წუთის მანძილზე ამდიდრებს და ალამაზებს. სინამდვილეში კი Phoenix, თავიდან ბოლომდე მარკ ფარნერის ქმნილებაა და მისი დამსახურებაა ოდნავი ჯაზ როკის, ოდნავი ბლიუზისა, თუ რა თქმა უნდა როკ’ნ’როლის ფონზე აღმოცენებული Grand Funk Railroad-ის  მანამდე არარსებული  მელოდიურობის  საოცარი ნაზავი. ალბომს გამოარჩევს ერთიანი ხასიათი, რაც სიმღერათა მრავალფეროვნების ფონზე არ იკარგება. ასეთი სიმდიდრე კი მომავალში არამარტო Grand Funk-თვის, არამედ ზოგადად არაერთი როკ ნაწარმოებისათვის, სანატრელი გახდება. ცვალებადი რიტმების, გიტარისა და ორღანის მოპასუხე სოლოებისა თუ Freedom Is For Children-ისა და Someone-ს ულამაზესი მისამღერების ფონზე, გამოირჩევა ზოგადად როკ შედევრი, რომლის მსგავსი ფენომენიც, ვინძლო როკ რეპერტუარს არც კი ახსოვდეს. ალბომის სამწუთიანი ბოლო  კომპოზიცია Rock’n”Roll Soul გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მელოდიის ორიგინალობით, უცნაურია განვითარებითაც, რადგან იქ არაფერი მეორდება. მისამღერი, თუ ასეთად მივიჩნევთ, ორია, მათ შორის კი პაწაწინა გიტარ სოლოა. ორღანის შევარდნაზე მგრძნობიარე მსმენელს ტანთ ჟრუანტელი უვლის, ხოლო ბოლო დრამ გადასვლა და „უდროო“ გაჩუმება კი სიმღერის თავიდან მოსმენისკენ გვიბიძგებს.

პირველმა „კვარტეტ ალბომმა“ ნამდვილად გაამართლა და Grand Funk Railroad-ის  ხელწერაში იქამდე არგაგონილ ზომიერებაზე მიანიშნა. აქ ყველა ინსტრუმენტი შესანიშნავად ისმის და ალბომიც გადასარევი ჩაწერილია, მაგრამ უკვე ვეღარ გავიგონებთ თუნდაც E Pluribus Funk-ის მსგავს ველურ ჟღერადობას. აქ ინსტრუმენტები კარგად ბალანსირებულია და მელ შაჩერის ბასის განუმეორებლობაც ჩვეულებრივ - კარგ ბასისტობამდე დადის.

ბევრისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან „ჩვეულებრივი“ Grand Funk Railroad არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ მუსიკალური კრიტიკა ჯგუფს უკვე „ცივილური“ რაკურსით მიუდგა და უკვე მომდევნო ალბომიდან ქებასაც კი შეუდგა, რადგან როგორც ალბომმა We’re An American Band, ასევე იმავე სახელწოდების სიმღერამ, ამერიკის ჩარტების უმაღლესი პოზიციები დაიკავეს. რვა სიმღერისგან შემდგარი ალბომი ხასიათით მკვეთრად განსხვავდებოდა თავის წინამორბედისაგან და ჯგუფმაც რომ საკუთარი თავისთვის მკაცრი განაჩენი გამოიტანა, ეს უკვე მომდევნო ალბომებმა დაგვანახა.  We’re An American Band ზუსტად იმ წკიპზეა ჩაწერილი, რომელიც რეპერტუარს შედევრის დონეზე ინარჩუნებს, მაგრამ გაგრძელება ამ იდეას სრულყოფილი ვეღარ ექნებოდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჯგუფზე უარყოფითად იმოქმედა დონ ბრიუერის პირველადგილოსანმა სიმღერამ, რამაც მას „აგრძნობინა“, რომ შეეძლო ჯგუფში მარკ ფარნერის დონის სტატუსით დამკვიდრება. იგივე პრობლემას სამ წელიწადში პიტერ სეტერას პირველადგილოსანი If You Leave Me Now-დან გამომდინარე, Chicago-ც გადააწყდა, რადგან სიმღერის პოპულარობამ შესანიშნავ ბასისტსა და მომღერალს „აგრძნობინა“, რომ ჯგუფში რობერტ ლემისა და ტერი კეტის ადგილი შეეძლო დაემკვიდრებინა... ასეა თუ ისე, We’re An American Band-ში თუკი დონ ბრიუერის გახშირებული ვოკალი მარკ ფარნერის აშკარად გაზრდილი გიტარული ოსტატობის ფონზე, საკმაოდ ეფექტურია, უკვე მომდევნო ალბომებიდან მოყოლებული, იგი თანდათანობით უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდება, განსაკუთრებით, როდესაც ბღავილურ ინტონაციებში გადავა.

Shinin’ On-ის ამავე სახელწოდების სოლოების კასკადით აღსანიშნავი გახსნა,  ვოკალური თვალსაზრისით, ერთგვარად დაუმუშავებელი სიმღერაა, რადგან ბრიუერი ზედმეტად ხმამაღლა მღერის. გაცილებით ლამაზად ჟღერს უკვე ფარნერის ვოკალზე გადანაწილებული ამ სიმღერის საკონცერტო ვერსია 1975 წლის ალბომ Caught In The Act-ში.  სხვა მხრივ კი Shinin’ On აღსანიშნავია პირველადგილოსანი კლასიკური ჰიტით The Locomotion, მინი ორკესტრის თანხლებით ჩაწერილი ნატიფი  To Get Back In-ითა და მარკ ფარნერის შესანიშნავი სოლოებით დახუნძლული Little Johnny Hooker-ით.

1974 წელს  Grand Funk Railroad-მა არსებობის მანძილზე, ალბათ ყველაზე სუსტი ალბომი All Girls In The World Beware!!! ჩაწერა. როგორ გრანდიოზულადაც არ უნდა ჟღერდეს ძახილის ნიშნებ დართული სახელწოდება, რეპერტუარი მაინცდამაინც ვერც სუსტი სქესის წარმომადგენლებს მოხიბლავდა. ლამაზი Memories-ის, რბილი  და სასიამოვნო Responsibility-ისა და Bad Times-ის, თუ კლასიკური Some Kind Of Wonderful-ის გვერდზე, რამდენიმე გაურკვეველი სიმღერაა, რომელთაც კეთილად Grand Funk Railroad -ის მოყვარულებიც კი ვერ მოიხსენიებენ...

მომდევნო ალბომ Born To Die-ს გარეკანზე კი კვარტეტმა კუბოებში გადაინაცვლა და მსმენელს დაშლის მოახლოების შესახებ, შესაძლოა სწორედ რომ ამ ფორმით აუწყა. შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ ალბომმა ივარგა. Born To Die არის იშვიათი ნიმუში თითიდან გამოწოვილი დიდი ნამუშევრებისა. Grand Funk-თვის იდეურად ახალი, აქ მხოლოდ ინსტრუმენტული Genevieve გახლავთ. ბრიუერი ისევ თავისას „უბერავს“, ოღონდ წინა ალბომებთან შედარებით ნაკლებს. ფარნერმა კი Talk To The People-ს საქსოფონის სოლოზე აყოლილ გიტარ სოლოს მსგავსი რამდენიმე ახალი მიგნებით გაგვაკვირვა. უცნაურია ბოლო სიმღერა Good Things. Grand Funk ჰიპები, სადებიუტო ალბომშიც კი არ ყოფილან. აქ კი საოცარმა პიროვნულმა სილაღემ, ფარნერი სულიერად მიიყვანა 60-ების ლაღი მხედერების ტიპის სიმღერის შექმნამდე, სადაც გიტარ სოლო თითქოს ზედ ჰარლეი დევიდსონზეა დაკრული.

ამ სიმღერამ დაასრულა არამარტო უდიდესი ჯგუფის ეპოქა, არამედ მისი 7 წლიანი თანამშრომლობა Capitol Records-თან. მომდევნო და ბოლო სტუდიური ალბომი Good Singin’ Good Playin’, ჯგუფმა ფრენკ ზაპას პროდიუსირებით, MCA Records-ზე ჩაწერა. ზაპამ საკუთარი კვალი Grand Funk-ს სიმღერებს შორის პაუზების გაქრობასა და რამდენიმე ეპიზოდში მარკ ფარნერის მანამდე არნახულ და მასთან მიახლოებულ  სოლო გიტარ ხელწერაზე დაატყო.

ალბომი კვარტეტ ალბომებს შორის, ყველაზე მეტად დაახლოებული გამოდგა Grand Funk ტრიოსთან. მისი მეორე ნაწილი გამორჩეულად ჰარდ როკულია, ხოლო დამაბოლოვებელი Going For The Pastor  კი გვაოცებს გაფრენილი სოლოთი, რომელსაც დასასრული არ უჩანს, მაგრამ უნდა დამთავრდეს, რადგან ვინილის დისკი დაახლოებით 45 წუთს გრძელდება.

სამწუხაროდ ჯგუფმა დავიწყებას მისცა ეს ალბომი, აჰყვა უვიც მუსიკალურ პრესას, უწოდა რა საკუთარ ნამუშევარს „სისულელე“ და მომდევნო პერიოდის საკონცერტო ალბომებში, აქედან სიმღერებს აღარც ასრულებდა.

ჩვენც დავასრულეთ ნაამბობი დიდი ჯგუფის შესახებ, რომელმაც ტრიოდაც ივარგა და კვარტეტადაც, თანაც ყველაფერი მოასწრო ისე კარგად, რომ ყველას გვაგრძნობინა, დროა დავიშალო, იმდენი რამ დაგიტოვეთ საინტერესოდ მოსასმენიო...

(დასასრული)