ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ვითარების კონტროლის გასამყარებლად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, სიტუაცია საფრთხილოა, თუმცა არა საპანიკო.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, დღეს კლინიკებში ინფიცირებულთა 37 პროცენტი წევს, თუმცა, მათი რაოდენობა 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მისივე თქმით, კონკრეტულად, 5500 ადამიანი წევს და აქედან მხოლოდ 1000-ს სჭირდება ჟანგბადი, დანარჩენებს კი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვაყურეობის ქვეშაც შეუძლიათ მკურნალობა.
ჯანდაცვის ექსპერტებმა პრემიერთან შეხვედრისას, პანდემიასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებები მიიღეთ?
- ქვეყანაში ვითარება საკმაოდ საფრთხილოა და ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. რეალურად, ახლა კრიტიკულ ზღვარზე ვიმყოფებით. სწორედ, შეხვედრა ამას მიეძღვნა - თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული როგორც პანდემიის, ასევე ეკონომიკური კუთხითაც. ნებისმიერ შეზღუდვას, რომელსაც მობილობა მოჰყვება, ინფექციის გავრცელების შენელების ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ, ოპტიმალური ზომების მიღებაზე იყო მსჯელობა. ამ სიტუაციაში რა არის საუკეთესო და რა ჯობია ეპიდემიის სამართავად. სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება, ამაზე ყველა ვთანხმდებით, საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე. მინდა ხაზი გავუსვა, ყველაზე ეფექტიანად, სწორედ, წერტილოვანი შეზღუდვები შეანელებს პანდემიის გავრცელებას და ამაზე იყო ძირითადად მსჯელობა.
თბილისი, სადაც პანდემიის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დაიკეტოს?
- საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ სადაც გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, აუცილებელია ეს გავრცელება შენელდეს. თითქმის ყველა დიდ ქალაქში ანალოგიური ვითარებაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩაკეტვით არ ჩაიკეტება. ადამიანების არავითარი სახლში გამოკეტვა არ მოხდება. ეს ეფექტურიც არ იქნება, რადგან საზოგადოება ცნობილი ფრაზით „კოვიდის დაღლილობით“, მართლაც რომ დაიღალა. ჩაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. საუბარია, რამდენიმე კვირიან წერტილოვან „ლოქდაუნზე“, რომელიც დღეს არის. რაც მთავარია, პასუხისმგებლობა მაქსიმალურად ყველამ უნდა გაიზიაროს - მთავრობამ, მოსახლეობამ, ექიმებმა და მათ შორის პოლიტიკურმა ძალებმაც. პოლიტიკური პროცესი პანდემიის ხელშემწყობი კი არ უნდა იყოს, პირიქით, რადგან ეს ეროვნული საფრთხეა და ყველამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.
თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, რომ ნოემბერში მეორე ტალღა დაიწყებოდა და მართლაც ასე მოხდა. დღეში 3 ათასზე მეტი ინფიცირებული გვყავს და გარდაცვლილთა რაოდენობამაც მოიმატა. ამის ფონზე საავადმყოფოებში ადგილები არაა, მათთვისაც კი, ვინც მძიმე მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში გამოსავალს რაში ხედავთ?
- პრემიერთან შეხვედრისას ერთ-ერთი საკითხი ეს იყო. პირველი ის, რომ გავრცელების მასშტაბი უნდა შემცირდეს, რადგან თუ ვითარება ასე გაგრძელდება, რეალურად ვერანაირი სისტემა ვერ გაუძლებს.
თავიდან, ყველა ვისაც სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა საავადმყოფოში გადაგვყავდა. ამით შეიქმნა მოლოდინი, რომ თუ კოვიდი გაქვს, აუცილებლად საავადმყოფოში უნდა დაწვე. ამასობაში მოსახლეობის 80 პროცენტს საავადმყოფოში დაწოლა სულაც არ სჭირდება. ამისთვის ოჯახის ექიმი არსებობს. კი, თავიდან მათთან დაკავშირება გაჭირდა, მაგრამ შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც ყველას შეეძლება გაიგოს თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. დღეს, ვისაც არ აქვს სიპტომები და არ წარმოადგენს რისკფაქტორის ჯგუფს, ჯობია სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. დღეს ჩვენ ინფიცირებულთა 37 პროცენტი სავადმყოფოებში გვიწევს, არადა, არაუმეტეს 20% უნდა იყოს. ზოგი ისეთი წევს, ვისაც არ სჭირდება, იკავებს ადგილს და ვისაც მართლა სჭირდება, მათთვის ადგილი აღარაა.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტროს დავალება მიცემული აქვს, რომ მაქსიმალურად შეძლონ საწოლების გათავისუფლება. პირიქით, დღეს საავადმყოფო სახიფათო ადგილია. თუ ადამიანს საშუალება აქვს, რომ სახლში იმკურნალოს, ეს უფრო უკეთესია. წარმოიდგინეთ 5500 ადამიანი წევს საავადმყოფოში და აქედან 1000-ს სჭირდება ჟანგბადი. პრაქტიკულად, დანარჩენებს შეუძლიათ ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.
ინფიცირებულების ასეთი მატების ფონზე თუ არის საკმარისი მედიკოსების რესურსი, მთავარი ინფექციონისტი ბატონი თენგიზ ცერცვაძეც კი დაინფიცირდა, ვისი იმედიც მთელს საქართველოს აქვს?
- ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. თუ არ შევაჩერეთ ინფექცია და გავრცელების ტემპი არ დავარდა, ექიმები არ გვეყოფა. მარტო საწოლების რაოდენობას რა აზრი აქვს, თუ ექიმი არ გვეყოლება?! ამიტომ, ეს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ერთი პლუს ის არის, რომ იმ ექიმებმა, რომლებმაც კოვიდინფიცირება პირველ ეტაპზე გადაიტანეს, დღეს უკვე გამოჯანმრთელდნენ და თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ. რაც მეტი მოიხდის, მით უფრო მეტი იმუნური ექიმი იქნება. პერსონალიც დაიღალა, რუტინული სამუშაო აქვთ, ხან ცვლებიც კი არ ჰყავთ. ასე რომ, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ამიტომაც მოხდა ექიმებისა და სტუდენტების გადამზადება. უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ ექიმების დახმარების პრობლემა აღარ შეიქმნას.
როგორც ექიმი და ჯანდაცვის ექსპერტი, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ვინც კორონავირუსი მოიხადა, შესაძლოა, ის ისევ დაინფიცირდეს?
- რამდენიმე შემთხვევა იყო, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, ბათუმში მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ 6 თვის წინ ჰქონდა და შემდეგ ისევ გაუმეორდა. მსოფლიოშიც რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. თუმცა, მასობრივად არ ხდება. მეორედ როდესაც ემართებათ, იმაზე მსუბუქად გადააქვთ, ვიდრე პირველად. მეორედ დაინფიცირება დაახლოებით გრიპის ვირუსს ჰგავს. ამიტომაც არის, რომ ყოველ წელს გრიპზე ვაქცინაციას ვაკეთებთ. თუმცა, მასობრივი განმეორებითი ინფიცირება არ არის.
სეზონური გრიპის პიკი არის უკვე?
- ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, თუ იმ რეგულაციებს დავიცავთ, რომელიც კორონავირუსისას არის გათვალისწინებული, ჩათვალეთ, რომ გრიპის პიკი არ გვექნება, რადგან თავის დაცვის საშუალებები იგივეა.
კორონავირუსის მეორე ტალღა დაახლოებით როდის გადაივლის?
- გარკვეული ზომებს თუ ახლა მივიღებთ, ორი კვირა სჭირდება რომ ეფექტი გამოჩნდეს. თუ რეგულაციები ვერ დავიცავით, კონტროლი ვერ დავამყარეთ, პირბადეები არ გავიკეთეთ, გაგრძელდა მასობრივი თავშეყრები, მაშინ დეკემბრამდე გაგრძელდება.