„ე.წ. ლოკდაუნს მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის, 21 ნოემბრის შემდეგ გამოაცხადებენ“ - ქვეყნაში ეპიდვითარება მძიმდება

„ე.წ. ლოკდაუნს მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის, 21 ნოემბრის შემდეგ გამოაცხადებენ“ - ქვეყნაში ეპიდვითარება მძიმდება

კორონავირუსის შემთხვევების მორიგი ანტირეკორდის შემდეგ, სპეციალისტები კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებაზე. ფაქტია, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში დღითიდღე მძიმდება და მდგომარეობის გაჯანსაღების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა, ინფექციონისტების ნაწილი თვლის, რომ ქალაქების ჩაკეტვით მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება და მხოლოდ ეკონომიკას მიადგება დიდი ზიანი. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ქალაქების ჩაკეტვის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ მიიღებს, ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ არის მოსალოდნელი, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

მანამდე კი, ვხედავთ, მდგომარეობა ქვეყანაში დღითიდღე უარსედება და 8 დღეში ეპიდვითარება შესაძლოა, უფრო მეტად დამძიმდეს. წინა დღის მონაცემებით, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფექციონისტების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ეს მზარდი რიცხვია და კოვიდინფიცირებულთა დღიური რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს. ასევე მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევათა ზრდაც.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერვაძის პროგნოზი გამართლდა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა 3 000 გადააჭარბა. ამასთან, ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ქალაქების ჩაკეტვა მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ამ გადაწყვეტილების არმიღებით ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება, რადგან ინფიცირების 3 000-ზე მეტი შემთხვევა უკვე სერიოზული სიგნალია. აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება, როგორც კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები, ასევე პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის პროგნოზით, შემთხვევების კლებას არ უნდა ველოდოთ, უბრალოდ, იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი შემთხვევების კიდევ უფრო აღმასვლა არ დაიწყება.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს სწორედ არჩევნების მეორე დღეს მოხდეს.

„რაც არ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა, გარედან უკვე არაფერი შემოდის. შიგნითა „კლასტერები“ უკვე იმდენი გვაქვს, რომ სრულიად საკმარისია და ამაზე დიდი პრობლემა არ მგონია შეიქმნას. ინფიცირებულების ძალიან დიდი რაოდენობაა. უნდა ველოდოთ ვაქცინას, მეტი არაფერი დაგვრჩენია. ან ყველამ უნდა მოიხადოს მეტ-ნაკლებად, ვისაც თანდაყოფილი იმუნიტეტი გააჩნია, რაზეც ლაპარაკობენ და არც არის გამორიცხული, რომ რაღაც არსებობს, რადგან არის ხალხი, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტიც აქვთ და არ ემართებათ ეს ინფექცია.

უნდა გამომუშავდეს იმუნური ფენა მოსახლეობაში, რაც ან დაავადების გადატანის შემდეგ ხდება ან აცრის. თუ აცრა იქნება, ბევრად უკეთესი სიტუაცია შეიქმნება. ის, რომ უნდა ჩავკეტოთ ქვეყანა, ეს უკვე არაფერს წყვეტს. თუმცა, სხვა გზა უკვე აღარაფერი დარჩა და შეიძლება ჩაიკეტოს.

არჩევნები რომ დამთავრდება, ალბათ, მერე ჩაკეტავენ. მანამდე ამას არავინ გააკეთებს. უკვე იმდენი ვითმინეთ და არჩევნების პირველი ეტაპი ასე თუ ისე ჩავატარეთ, რომ ახლა ნამდვილად სისულელე იქნება არჩევნების გადადება და რაღაცის მოლოდინი. ჩატარდება არჩევნები და ალბათ, მერე იქნება საუბარი ჩაკეტვაზე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისფულება ამ ეტაპზე „ლოკდაუნს“ არ გამოაცხადებს, რადგან ეს ხელს შეუშლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაში, რაც არ აწყობს. მისივე თქმით, რეალურად ყველაფერი ჩაკეტილია, შემდეგი ნაბიჯი კი შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება იყოს.

„ამ სიტუაციიდან ე.წ. ლოკდაუნი გამოსავალი არ არის, რადგან ეფექტურობას, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავ. რაც უნდა გაკეთებულიყო წინა თვეებში, როდესაც კორონავირუსთან მიმართებაში მშვიდი პერიოდი გვქონდა, სამწუხაროდ, არც მთავრობამ და არც ჯანდავის სამინისტრომ თითი არ გაანძრია და მივიღეთ დაკეტილ ქვეყანაში აფეთქებული სიტუაცია და გაზრიდილი ლეტალური შემთხვევები. დაკეტვას მაშინ ექნებოდა აზრი, როდესაც ლოკალურად იყო, მაგალითად, აჭარაში აფეთქება. მაშინ შესაძლებელი იყო აჭარის რეგიონის დაკეტვა.

ერთგვარი „ლოკდაუნი“ ნაწილობრივ ისედაც არის: „კომენდანტის საათი“, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული განათლების სისტემა და მუშაობაზე უწყებების უმეტესობა. შემდეგი ეტაპია, რომ უბრალოდ ტრანსპორტი გაჩერდეს და დაიკეტოს ყველაფერი, რაც ისედაც ნიშნავს ჩამონგრეულ ეკონომიკის ჩამონგრევას და კატასტროფულად ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო ჩამოშლას.

ამიტომ, „ლოკდაუნის“ გამოცხადება გამოსავალი არ არის. თუ ახლა ჩაიკეტება ქვეყანა, სავალალო შედეგი იქნება, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკონომიკისთვისაც. თუ ეს მოხდება, სავარაუდოდ, უფრო არჩევნების მერეა მოსალდონელი. არჩევნები ხელისუფლებას ფორმალურად ჩასატარებელი აქვს, გასაგებია, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს.

მეორე ტურამდე ალბათ, ამას არ იზამენ, მეორე ტურის შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესებზე. თუ რატომ შეიძლება გააკეთოს ეს ხელისუფლებამ, არის სწორედ პოლიტიკური პროცესების ჩახშობა. ამის მცდელობა ექნებათ „ლოკდაუნის“ გამოცხადებით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ For.ge-სთან.