„ეს ალიევის ტრიუმფია - რა ტერიტორიებიც მამა ალიევმა დაკარგა, შვილმა დაიბრუნა“

„ეს ალიევის ტრიუმფია - რა ტერიტორიებიც მამა ალიევმა დაკარგა, შვილმა დაიბრუნა“

იწყება თუ არა „კავკასიაში ახალი ერა“, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მილოცვამ მწვავე შეფასებები გამოიწვია. განსაკუთრებით, ეთნიკური სომხები აღშფოთდნენ, რომ რეგიონში მშვიდობა არ არის და პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეფასებებში უფრო ფრთხილი უნდა იყოს.

ზურაბიშვილის მილოცვას აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელიც გამოეხმაურა და გაკვირვება გამოხატა, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას ამტკიცებს და დასავლეთს კეტავს?

9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს გაგზავნის. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

ილჰამ ალიევი კი ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობს ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნების გამო და ამბობს, რომ აზერბაიჯანის მიწების მრავალწლიანი ოკუპაცია სრულდება.

მომხდარ ფაქტს ქართველი ანალიტიკოსები განსხვავებულად აფასებენ. მათი ნაწილის აზრით, თუ აქამდე სომხეთი ყარაბაღით იყო დაბმული რუსეთზე, ახლა გათავისუფლდა ამხელა ყარაბაღული ტვირთისგან და, პარალელურად, გათავისუფლდა რუსეთის მარწუხებისგან, რაც მისალოცია. ზოგიერთი ანალიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ ამ სცენარში გამარჯვებულია მხოლოდ რუსეთი, ის შემოდის და ძლიერდება კავკასიაში. საუბარია იმაზეც, რომ არა მარტო რუსების, არამედ თურქული ძალების ერთობლივი მონიტორინგი უნდა მოხდეს ყარაბაღის ტერიტორიაზე, რაც პესკოვმა უარყო.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელის ყარაბაღში შემოყვანა პრინციპული არ არის რუსეთისთვის, რადგან გიუმრში მთელი არმია უდგას რუსეთს, სომხეთი ისედაც მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე და რუსეთს იქით ვერსად წავა. უბრალოდ, ყარაბაღის მოვლენებს შეიძლება ფაშინიანის გადადგომა მოჰყვეს, მაგრამ, ვინც სომხეთის სათავეში მოვა, ის ხელახალ ომს დაიწყებს აზერბაიჯანთან? ეს ხომ გამორიცხულია?

სოსო ცინცაძის განმარტებით, კომპრომისი მოხდა, ალიევმა მთლიანი ყარაბაღი, არცახი, სტეფანაკერტი ვერ დაიბრუნა, მაგრამ სტრატეგიულ გამარჯვებას მიაღწია, რომ ქალაქი შუში, რომელიც სტრატეგიულია ყარაბაღში და ლაჩინის დერეფანი, რითაც სომხეთი უკავშირდება მთიან ყარაბაღს, უკვე აზერბაიჯანის საკუთრებაა. მთიანი ყარაბაღი ამის შემდეგ არის ანკლავი და რამდენ ხანს გაძლებს ანკლავად, არავინ იცის, მას სომხეთთან კავშირი აღარ აქვს. თუკი ალიევმა ლაჩინის დერეფანი თავის კონტროლს დაუმორჩილა, მაშინ უკვე დროის ამბავია და აზერბაჯიანი შეეცდება, მთიანი ყარაბაღი ეკონომიკური ბლოკადით მოახრჩოს. მით უმეტეს, ყარაბაღი ისედაც მწირი რეგიონია, პრაქტიკულად, ის სომხეთის ხარჯზე არსებობდა.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრით სომხეთი რუსეთისგან გათავისუფლდება, მას წარმოდგენა არ ჰქონია, რა ხდება რეგიონში. ვერ ვიტყვით, რომ ამით სამხრეთ კავკასიაში სიმშვიდე დაისადგურებს. გარდა ამისა, თურქეთიც ვერ იქნება კმაყოფილი ამ შედეგით. თურქებს ყარაბაღში რუსები არ შეუშვებენ. ეს არის რუსეთის ბრწყინვალე დიპლომატიური გამარჯვება. ამით პუტინის ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში გაიზარდა, მაგრამ თურქეთის მიზანი რა იყო? - მინსკის ჯგუფში თვითონაც შესულიყო, მაგრამ ამიერიდან მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებები უკვე აღარ შედგება, ვინაიდან თითქმის ყველაფერი გარკვეულია და თურქეთი თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ამ დროს ყველამ ვიცით, რა დიდი როლი შეასრულა თურქეთის დახმარებამ ალიევის გამარჯვებაში.

ისტორიულადაც კი, ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მოყოლებული, დიპლომატიურად სომხეთი რატომღაც სულ აგებდა. დიპლომატიურად სომხეთი დღეს წაგებულია, ვინაიდან ალიევმა გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს მიუახლოვა ომის შედეგად საზღვრები. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ომით დაკარგულს მშვიდობით არავინ აბრუნებს. ეს ალიევის ტრიუმფია, ის შედის ისტორიაში, რადგან, რა ტერიტორიებიც მამა ალიევმა დაკარგა, შვილმა დაიბრუნა, მთლიანად ვერა, მაგრამ შვიდი პროვინცია და, რაც მთავარია, სტეფანაკერტი მოწყვიტა სომხეთს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე შეფასებით, სომხეთმა დიდი ზიანი განიცადა, ახლა მას მიაწყდება ლტოლვილები, ჯერ არავინ იცის, მაგრამ, მინიმუმ, ასი ათასის ფარგლებში იქნებიან ლტოლვილები. როდესაც აცხადებდა ალიევი, 16 სოფელი დავიბრუნეთ, 20 სოფელი დავიბრუნეთო, პრაქტიკულად, ალიევი ნანგრევებს იბრუნებდა, იქ არავინ ცხოვრობდა, რადგან სომხებმა გაყარეს უსაფრთხოების დერეფნის შექმნის მოტივით. ეს იყო უდიდესი დიპლომატიური შეცდომა, რადგან ადრე თუ გვიან აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებდა ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად.

„თავის დროზე, ყარაბაღის მიმდებარე შვიდ აზერბაჯიანულ პროვინციაში, პრაქტიკულად, ეთნიკური წმენდა ჩაატარეს სომხებმა. ომის შედეგად იქიდან აზერბაიჯანელები გაიქცნენ, ახლა კი ომის შედეგად იქიდან სომხები გაიქცნენ. აზერბაიჯანს დიდი ფული დასჭირდება, უკან დაბრუნებული აზერბაიჯანელებისთვის ხელახლა ააშენოს დანგრეული სოფლები, სადაც ტრიალი მინდვრები და ნანგრევებია. რაც შეეხება სომხეთს, დიასპორა ფულს შეუგროვებს და სომეხი ლტოლვილები ისეთ მდგომარეობაში არ ეყოლებათ, როგორც ჩვენი ლტოლვილები არიან, მაგრამ თვითონ ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი, ალბათ, დასრულდება. რა სიტყვებს არ ეძახიან სომხები - გამყიდველი, მშიშარა, ლაჩარი... ჩვენთვის მთავარია, რომ ომი დროზე დასრულდა. თუმცა რუსეთმა მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგო. ამას ვერავინ უარყოფს, ხომ გახსოვთ, როგორი სცენარები იყო - „კავკასიის დიდი ომი“, „საქართველოს რა ეშველება“, „რუსეთი აქ მოითხოვს ჯარის შემოყვანას“, ჩვენი ვაი-ექსპერტების ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, „кто хозяин в доме“, ანუ დაამტკიცა, რომ კავკასიაში პატრონი ისევ რუსეთია“,- განმარტავს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, ეს სცენარი არ განმეორდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რუსეთი იქ არ მოისხამს მშვიდობისმყოფელის მანტიას, რადგან ჩვენი ტერიტორიების ე.წ. სუვერენიტეტი რუსეთს აღიარებული აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის სუვერენული სახელმწიფოა, ომი არ არის და რატომ უნდა შეიყვანოს იქ „მშვიდობისმყოფელები“? თანაც, მშვიდობისმყოფელთა შეყვანა ორივე მხარემ უნდა მოითხოვოს. ყარაბაღის შემთხვევაში, ეს ფაშინიანმაც მოითხოვა, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმაც და ალიევიც დათანხმდა, რადგან 100%-ით ვერა, მაგრამ 80%-ით მიზანს მიაღწია. სომხეთს ჯარები გაჰყავს იქიდან, სტეფანაკერტი დარჩა ნახევრად დანგრეული. რუსი მშვიდობისმყოფელები იქ რადგან გაჩნდნენ, სისხლისღვრა აღარ იქნება, რადგან ერთმაც ან მეორემაც რომ დაიწყოს ომი, მშვიდობისმყოფელებზე უნდა მიიტანოს იერიში, ეს კი უკვე რუსეთთან ომს ნიშნავს. თუმცა რუსი სამშვიდობოები რასაც წარმოადგენენ, ეს ქართველებმა კარგად ვიცით, რადგან ჩვენს კისერზე გამოვცადეთ.

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთისთვის სასურველი რეალობაა ლეგიტიმურ ნიადაგზე შეიარაღებული ჯარების ჩაყენება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამით ის აძლიერებს თავის ყოფნას რეგიონში და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ რეგიონის სამივე სახელმწიფოშია რუსეთი წარმოდგენილი, მას აქვს ბაზა სომხეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სულ ახლახანს მინიმუმ ხუთი წლის ვადით, მან უფლება მიიღო ოფიციალურად დადგეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

„ეს ძალიან დამაფიქრებელი და სახიფათოა ჩვენი რეგიონის სტაბილურობისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის მშვიდობისმყოფელობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ კონფლიქტებზე, რომელიც იმთავითვე რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილი ამდენი ხნის განმავლობაში. ასე რომ, რუსეთის ინტერესშია მართვადი დაძაბულობის კერების არსებობა სამხრეთ კავკასიაში და ერთ- ერთ ასეთ კერას მიეკუთვნება ყარაბაღი. მართალია, ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით თუნდაც დროებით შეწყდა სისხლისღვრა, აზერბაიჯანმა ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყარაბაღის პრობლემა საბოლოოდ გადაწყდა. რუსეთმა ზეგავლენის ბერკეტები ახლა უკვე აზერბაიჯანშიც გაიძლიერა“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.