საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყდა. იგი რჩება თავდაცვის მინისტრის პოსტზე და აცხადებს, რომ სურს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას მეტი დრო დაუთმოს. სწორედ თავდაცვის მინისტრის საპასუხისმგებლო საქმიანობის სირთულითა და სრულფასოვნად შესრულების აუცილებლობით ახსნა, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა. თუმცა, ამ განმარტების მიუხედავად, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან ჩამოცილება მაინც ვერსიებისა და ვარაუდების საგნად რჩება.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერ მინისტრის უფლებამოსილება 21 იანვარს შეუწყდა, თუმცა ფაქტი მხოლოდ 23 იანვარს გახდა ცნობილი. ფაქტის გახმაურების შემდეგ გავრცელებულ კომენტარებში ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და მასთან შეთანხმებული იყო:
”ჩვენ გვქონდა საუბარი პრემიერთან 2 დღის წინ. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის პოზიციას. აქედან გამომდინარე, მე არ მინდა ვინმემ არასწორი დასკვნები გააკეთოს ან რაიმე, ასე ვთქვათ, ინსინუაციები. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია და, ჩემი აზრით, ეს მისაღებია, პირველ რიგში, ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე, აღმშენებლობაზე”.
ირაკლი ალასანიას თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების შეკვეცის შესახებ პრაქტიკულად არაფერი უთქვამს 22 იანვარს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, გადაცემა ”აქცენტებში”, სადაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი ჰქონდა. ირაკლი ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი. ზოგადად, კოალიციაში, რა თქმა უნდა, ახლა ნორმალურია, რომ ყველა ერთნაირად ვერ ვიფიქრებთ, განსხვავებული აზრი იყოს, ესეც ნორმალურია, მაგრამ, საერთო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ კოალიციის სიძლიერე არის ის ერთობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია...
ივანიშვილმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა მასთან შეუთანხმებლად ხდებოდა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნულ განცხადებაში განმარტა ისიც, რომ იგი იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას საპრეზიდენტო კანდიდატურის კოალიციის შიგნით შეჯერებისა და თავად კოალიციის ლიდერთან შეთანხმების შესახებ, თუმცა უხერხულობა მაინც შეიქმნა:
” მე თავად ძალიან არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა და მიზეზი გაჩნდა ასეთი უხერხულობის. დაძაბულობა, კიდევ გეტყვით, არ არის. უბრალოდ, ეს იყო აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის. ეს არის ბუნებრივი. რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი რომ არ იძლეოდეს ასეთი ღია საუბრის საშუალებას, ბუნებრივია, ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას”.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ირაკლი ალასანიას პირველი ვიცე-პრემიერის რანგში. ვიცე-პრემიერის პოსტზე რჩება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, რომელმაც , როგორც თვითონ ამბობს, არ იცის რა საუბარი შედგა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის:
”ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი. ზოგადად, კოალიციაში, რა თქმა უნდა, ახლა ნორმალურია, რომ ყველა ერთნაირად ვერ ვიფიქრებთ, განსხვავებული აზრი იყოს, ესეც ნორმალურია, მაგრამ, საერთო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ კოალიციის სიძლიერე არის ის ერთობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია“.
კახი კალაძე ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას ჯარისთვის ამის შემდეგ მეტი დრო ექნება და დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს. თუმცა საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან მის ჩამოცილებას თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის უკეთ შესრულების მიზანს არ უკავშირებს. დეპუტატი აკაკი ბობოხიძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ალასანიასთვის მოვალეობათა შეკვეცა მის პროდასავლურ კურსთან იყოს დაკავშირებული და, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომის შესახებ განცხადების კონტექსტში თავსდებოდეს. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ნიკოლოზ ვაშაკიძემ პოსტის დატოვების მიზეზად საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსთან და სტილთან შეუთავსებლობა დაასახელა და განმარტა, რომ ამაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებიც მოიაზრება.
” მე არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ალასანიას გადაყენება ვიცე-პრემიერის პოსტიდან მის ამ პოზიციებს, - ამას მოვისმენთ ბატონი ალასანიასაგან, - მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტებსაც აუცილებლად აქვს, ეტყობა, თავისი მნიშვნელობა”, – ამბობს აკაკი ბობოხიძე.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით კი, ირაკლი ალასანიასგან უკვე მოვისმინეთ იმ უთანხმოების შესახებ, რომელიც კოალიციის შიგნით არსებობს ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის წესთან და მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა თავად ელენე ხოშტარიასთვის გაცილებით საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ირაკლი ალასანიას სტატუსის დაქვეითება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე:
”ალასანია ნამდვილად არის ის ნაწილი კოალიციის, რომელიც დასავლური და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია და ამ მხრივ, იმ მთელ რიგ მოვლენებთან ერთად, რომელსაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალყურს, იქნება ეს, ვთქვათ, ნიკა ვაშაკიძის წამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროდან თუ პრემიერის განცხადება სომხეთში, ეს მისი დასუსტება კოალიციის შიგნით ნამდვილად ბადებს გარკვეულ ეჭვებს, საით მიდის ზოგადად ქვეყნის საგარეო კურსი”.
ელენე ხოშტარიასგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან ვერ აკავშირებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:
”ამ შემთხვევაში ეს პოსტი მეეჭვება, რომ ქმნიდეს საფუძველს ისეთი ემოციებისთვის, როგორიც გააჩინა ალასანიას გადაადგილებამ. გამორიცხული არ არის ისიც, რომ თვალსაზრისების განსხვავება იყო, ისიც, რომ სტრუქტურული გადააზრება არის თვითონ აღმასრულებელი ხელისუფლების მოწყობისა. შეიძლება ყველაფერმა ერთად იმოქმედა”.
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ გადააზრების მიმართულებით რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ვიცე-პრემიერების თანამდებობის გაუქმებაც კი იგეგმებოდეს.
1532
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85