ის, ვინც გაბედავს და პატრიარქს დაუყვირებს, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს!

ის, ვინც გაბედავს და პატრიარქს დაუყვირებს, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა გოჩა კელენჯერიძემ, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო, 1997 წლის 16 ივნისს იძულებით დატოვა საქართველო. მას ესპანეთის სამეფომ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. 2004 წლიდან კი ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო. მცირე ხნით მუშაობდა მთარგმნელად ესპანეთის ლტოლვილთა ოფისში, შემდეგ მადრიდის ჯანდაცვის სისტემაში. 2001 წლიდან არის ესპანეთის შსს-ს ექიმი, მადრიდის ექიმთა კოლეგიისა და "ამნესტი ინტერნაციონალის" ესპანეთის სექციის წევრი.

ბატონ გოჩას ესპანეთში დავუკავშირდით და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ვთხოვეთ:

2008 წლის აგვისტოს ომი პირდაპირ ეთერში რომ იხილეს, ესპანელმა მეგობრებმა გაოგნებულებმა მკითხეს - თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო?


ყველა დროისა და რჯულის დამპყრობელი იყო გაერთიანებული ამ ანტიადამიანურ რეჟიმში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რომელმაც საქართველო დაცალა ქართველებისგან, რეპრესიები მოუწყო ქართულ ეკლესიას. ის, ვინც გაბედავს და პატრიარქს დაუყვირებს, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს! ნაცმოძრაობის პროვინციული ფაშიზმი ეფუძნებოდა აპარტეიდს და არა რასიზმს, განსხვავებით ჰიტლერული ფაშიზმისაგან. სააკაშვილის რეჟიმის მეთოდები ევროდეპუტატებმა სამართლიანად მიიჩნიეს ნეოლენინიზმად. სააკაშვილის რეჟიმმა ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით გადაიტანა პარლამენტი თბილისიდან, გაანადგურა ქართული კულტურა, ისტორია, ღირსება, რჯული... ებრძოდნენ ყველას და ყველაფერს, რასაც ქართველი და ქართული ჰქვია, მათ შორის, გოგებაშვილის "დედაენას", ილიას, ვაჟას... ვაცხადებ და როგორც ექიმი მოვითხოვ საზოგადოებისათვის საშიში მანიაკისა და ჯალათი დიქტატორის სააკაშვილის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას! არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!

- ახალ მინისტრთა კაბინეტს როგორ შეაფასებთ?

- პირველ რიგში, დედაქალაქის მერი არ შეიძლება იყოს ნაცჯალათი უგულავა. თბილისის მერიას არანაკლები ძალა და გავლენა აქვს, ვიდრე ბევრ მინისტრს რეალურ ცხოვრებაში. ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული ფრთის ლიდერები არიან. დიასპორის მინისტრი, ბატონი კოტე სურგულაძე არჩევნების წინა პერიოდში მადრიდში გავიცანი. სხვა მინისტრებს პირადად არ შევხვედრივარ და ყველას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში. მხოლოდ ბატონ სოზარ სუბარზე მინდა შევაჩერო ყურადღება და კიდევ ერთხელ მივმართო მას, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანური ციხის შექმნა შესაძლებელია და ამისათვის მხოლოდ იმის დაჯერებაა საჭირო, რომ პატიმარი ადამიანია! სიკეთეს ვუსურვებ სუბარს, როგორც ადამიანს, მაგრამ ჩემი პროფესიული სინდისი და ქართული ციხეების სავალალო ყოფა მავალდებულებს განვაცხადო, რომ ის, როგორც მინისტრი, არაკომპეტენტურია, რაც არ შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი იყოს!..

- სააკაშვილი და მისი გუნდი იქადნიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან...

- ჯერ კიდევ ნაცების განკარგულებაშია თბილისის მერია, ასევე, მიშას ამნისტიით შერჩეული ასობით კრიმინალი, საელჩოების ნაწილი და თვითონ პრეზიდენტის სავარძელი, ბოკერიას უშიშროების საბჭო, კრიმინალი კუბლაშვილის ანტიადამიანური სასამართლო... შეხედეთ, როგორ ამწვავებს სააკაშვილი ვითარებას და შეგნებულად ყოფს ქართველებს ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად. ნაცმოძრაობას ახლა უფრო მეტად აქვს გახსნილი ხელ-ფეხი ბარბაროსობის ჩასადენად, რაზეც პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ნაციონალებს არ შეუძლიათ თანამდებობების გარეშე ცხოვრება, ისინი სისხლიან ნაცრევანშს ამზადებენ და ყველას პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მათ ქადილი ტყუილია და ნაცბანდა ვეღარ მოახერხებს შურისძიებას. მათი შეჩერება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ნაცბანდა უნდა აიკრძალოს საქართველოში - მიშა საშიშია!

- სააკაშვილს ახლოს იცნობთ?
- სააკაშვილს ახლოს ვიცნობ, როგორც სპეციალისტი კრიმინოლოგიური ფსიქოანალიზისა და მინდა, ყვირილით გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება და ყველა ქართველი, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ქართველთმოძულის იზოლირება.მე ახლოს ვიცნობ და ზედმიწევნით ახლოს მიცნობენ ტერორისტები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და სხვები. სწორედ ისინი იყვნენ და არიან ჩემი რეაბილიტაციისა და დაბრუნების წინააღმდეგნი. 1992 წელს, თბილისის სახელმწიძო უნივერსიტეტში, გიგა ბოკერია სიცხიანი გურუსავით, დუჟმორეული ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ მე ყველაზე საშიში ვიყავი. ჩემს ხსენებაზე ახლაც ასე იქცევა...

- რატომ?

- ამ კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი სამართლიან გარემოში. ერთს კი ვეტყვი, ნუ გეშინიათ გიგა, გოკა და გივი - მე დავბრუნდები!..