ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჭიროა ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზე გრძელდება აქტიური მუშაობა.
„კულტურის სფეროში თითქმის გაორმაგდა კულტურის ბიუჯეტი. 27 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, 100 პროექტი განხორციელდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ფუნდამენტურად გადაიხედოს ხედვა კულტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს, თეატრის აღორძინება. ჩვენ გვახსოვს, ათწლეულების მანძილზე როგორი იყო ვითარება ამ სფეროებში, კულტურის სხვადასხვა დარგში. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ზოგადად, მაინცდამაინც დადებითი განვითარების ეტაპი არ უდგას მსოფლიო მასშტაბით კულტურის სხვადასხვა დარგს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ. გვჭირდება ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზეც გრძელდება აქტიური მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.