როგორ ველოდი 31 ოქტომბერს, ვფიქრობდი ჩატარდება არჩევნები და ბოლოს და ბოლოს დასრულდებოდა ეს წინასაარჩევნო ორომტრიალი, როდესაც ოპოზიციის ყველა მხრიდან გვესმოდა თუ როგორ გვპირდებოდნენ ქართველი ოსტაპ ბენდერები ახალი ნიუ-ვასიუკის აშენებას. მაგრამ, დასრულდა არჩევნები და დაიწყო უარესი ხმაური, თითქოს „კავკასიური ცარცის წრე“ განმეორდა - ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. პროტესტანტთა შორის არიან ადამიანები ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა, ჩემი აზრით, მათი ეს რწმენა (სწორედაც, რომ რწმენა) მხოლოდ ოპოზიციონერ ლიდერთა განცხადებებს ეყრდნობა.
მე შევეცდები ობიექტური მეთოდით ვაჩვენო, რომ არჩევნების გაყალბება არ მომხდარა. შესაძლოა, იყო დარღვევები, მაგრამ სერიოზული - არა. ამისათვის გამოვიყენებ ერთ-ერთ აკადემიურ დისციპლინას - „კვლევის მეთოდები“. არავითარი სუბიექტური ემოციები, მხოლოდ მშრალი ციფრები.
კვლევის მეთოდებში არსებობს ორი მნიშვნელოვანი ცნება: საიმედოობა (reliability) და ვალიდურობა/ნამდვილობა (validity). საიმედოა ინფორმაცია, თუ ცდების, ექსპერიმენტების, დაკვირვებების შედეგად ვღებულობთ ერთნაირ მნიშვნელობას. ვალიდურობის/ნამდვილობის შემოწმება რთულია და, ძირითადად რეალური შედეგების მიღების შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ რამდენად ვალიდური, ნამდვილი იყო მიღებული ინფორმაცია. ნათქვამის საილუსტრაციოდ განვიხილოთ სურათი.
აქ ჭეშმარიტება არის წრეების ცენტრში.
მაშინ ზედა მარცხენა სურათზე მიღებული შედეგები არის არასაიმედო (unreliable) და არავალიდური (unvalid).
ზედა მარჯვენა სურათზე გვაქვს ისევ არასაიმედო (unreliable), მაგრამ ვალიდური(valid) შედეგი. (მონაცემები ჭეშმარიტების გარშემო არის გაბნეული).
ქვედა მარცხენა სურათის შედეგები არის საიმედო (reliable - ერთმანეთს ემთხვევა) მაგრამ არავალიდური (unvalid - ჭეშმარიტებიდან შორს არის).
დაბოლოს, ქვედა მარჯვენა სურათზე გვაქვს როგორც საიმედო (reliable), ისე ვალიდური(valid) შედეგები.
ახლა ვნახოთ როგორია ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები და შევადაროთ ის ეგზიტპოლებს. რას ვხედავთ? ეგზიტპოლების საშუალო მნიშვნელობა, ფაქტობრივად, სრულად ემთხვევა ცესკოს შედეგებს (მცირე ფლუქტუაციით)
პარტია ეგზიტპოლების საშუალო % ცესკო სხვაობა %
ქართ. ოცნ. 48.55 48,23 0.32
ენმ 27.33 27,18 0.15
ევ.საქ. 4.3 3,79 0.51
ლელო 3.15 3.16 -0.01
გიორგი ვაშაძე 2.58 3,15 -0.58
პატრ. ალ. 2.3 3,14 -0.84
გირჩი 3.13 2,89 0.24
ლეიბორისტები 1.3 1,0 0.30
ელისაშვილი 1.01 1,2 -0.20
ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის შემთხვევაში ეგზიტპოლების შედეგები არ არის საიმედო (unreliable), მაგრამ არის ვალიდური (valid). შეესაბამება ზედა მარჯვენა სურათს.
დანარჩენი პარტიებისთვის ეგზიტპოლების შედეგები არის როგორც საიმედო (reliable), ისე ვალიდური (valid) (შესაბამება ქვედა მარჯვენა სურათს).
ასე რომ, ბატონებო, დაწყნარდით და გააგრძელეთ მუშაობა პარლამენტში.
ბმული