საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ანტირეკორდულად იზრდება. პანდემიის გამო, ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ ხელახლა ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან ყველა დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთი) ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. მისი დარღვევის შემთხვევაში პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე დროებით ჩერდება სააღმზრდელო პროცესი კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებში.
შეზღუდვების ჩამონათვალი ამით არ სრულდება. ორშაბათიდან გათვალისწინებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შემცირება. მეტიც, საკოორდინაციო საბჭო დამატებით კიდევ განიხილავს წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას. შესაბამისად, აკრძალვების სია აუცილებლად გაფართოვდება.
თუმცა, შეზღუდვების ამოქმედება ხდება ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია სწორედ ამ აქციების შედეგად. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ახალი წყარო, შესაძლოა, ხალხმრავალი ადგილები, კერძოდ კი საპროტესტო აქციები და მიტინგები გახდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დროსთან ერთად, შესაძლოა, შეზღუდვები კიდევ გაფართოვდეს. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი სახის დიდი შეკრება ინფექციის გავრცელების წყაროა.
„რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით - ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ, რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან.
კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, ყველამ დავიცვათ დისტანცია, ყველა ჰქონდეს პირბადე, იყოს საშუალება, რომ ხშირად დავიმუშაოთ ხელები. არ იყოს მისალმება იმ ტიპით, რაც გვიყვარს ქართველებს - ერთმანეთთან ჩახუტება, გადაკოცნა და ასე შემდეგ. ამას მგონი ამ პერიოდის განმვალობაში პანდემიამ ცოტა გადაგვაჩვია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბრიდან სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეშიც. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც დაადასტურა, მთავრობა განიხლავს დამატებით უფრო მკაცრ წერტილოვან შეზღუდვებს. მისივე თქმით, ერთგვარი პიკის გადავლის მთავარ ინსტრუმენტს პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი წარმოადგენს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსალოდენელია აბსოლუტურად ყველა მაღაზიის დახურვა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. ინფექციონისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, საჭირო გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რადგან ინფიცირების ერთ-ერთი მთავარ წყაროს სწორედ ხალხმრავალი ადგილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს.
კონკრეტულად, კიდევ რა წერტილოვან შეზღუდვებს უნდა ველოდოთ და მოსალოდნელია თუ არა, თუნდაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ამის შესახებ For.ge „ქართული ოცნების“ წევრს და ექიმს, ლადო კახაძეს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ დამატები მთავრობა სხვა შეზღუდვას არ დააწესებს და არც ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდება.
„მსოფლიო ვერ შეთანხმდა, ყველამ თავისი გზა აირჩია. ჩემი აზრით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მზაობაა, რომ რეკომენდაციები იქნას შესრულებული. ყველა სახელმწიფო ვიმყოფებით ერთ გემზე, რომელიც არის დიდი გამოწვევის წინაშე. დამატებით სახელმწიფო რაიმე კონკრეტულ შეზღუდვას არ აწესებს და არც „ლოკდაუნია“ მოსალოდნელი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ შესაძლოა, დიდი მაღაზიები 2-3 კვირით დაიხუროს, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევათა შემცირებას გამოიწვევს, თუმცა, მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
„ღამის გადაადგილებისა და კონკრეტული მაღაზიების დახურვა, - ძირითადად, ეს შეზღუდვები იქნება, ალბათ. ტრანსპორტის გაჩერება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ტრანსპორტში შეიძლება შეზღუდო მგზავრთა რაოდენობა, მაგრამ არ უნდა გააჩერო ხაზები, ეს სასიცოცხლოდ მნიშველოვანია, რადგან შემდეგ ადამიანები საავადმყოფომდე ვერ მიდიან და ა.შ.
მაღაზიებთან დაკავშირებით, ალბათ, 2-3 კვირიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები უნდა დარჩეს. თუ ადამიანები სახლის გარეთ იშვიათად ივლიან, ეს ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა For.ge-სთან.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ დამატებით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ინფიცირების შემთხვევათა მატებას შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეპიდვითარების გაუმჯობესებას.
„თავიდან შეზღუდვები, ალბათ, ისევ თავშეყრის ადგილებს შეეხება, რომელიც არ გამოიწვევს დიდ დარტყმას საქართველოს ეკონომიკაზე. შემდეგ, როგორც ქალაქში, სოფელშიც გამკაცრდება შესვლა-გამოსვლის წესები. ისევ და ისევ ტრასაზე განლაგდებიან (განთავსდება ბლოკპოსტები). რაც მანამდე იყო, ალბათ, ისევ ის იქნება.
ერთადერთი, რაც ჩვენ გვიცავს, ეს არის დისტანცირება, ხელების ბანვა და სამედიცინო ნიღბის ტარება. რა ფორმა მიეცემა ამას და რა სახე ექნება, ძნელი სათქმელია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ალბათ, ადრე თუ გვიან, მოხდება, რადგან ეს ყველაზე აქტიური ადგილია, სადაც შეიძლება, დაინფიცირდეს ადამიანი, თუ არ ჩავთვლით მიტინგებს. სადაც არ ხდება ადამინების დისტანცირება. თუმცა, შეზღუდვების დაწესება მხოლოდ და მხოლოდ აქციას არ უკავშრდება, ეს შეიძლება დაუკავშირდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, რაც სრულიად შესაძლებელია.
აქციები, ალბათ, გამოიწვევს ინფიცირების მატებას, თუ აქციაზე ასეთი ადამიანი, ერთი მაინც, გაერევა, სრულიად საკმარისი იქნება, რომ მან გამოიწვიოს რაოდენობის გაზრდა. ამიტომ ვარ წინააღმდეგი ასეთი შეკრებების, სადაც მძვინვარებს ინფექცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ბმული