ექსპერტები საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ

ექსპერტები საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ

NDI-ის ინიციატივით „ქორთიარდ მერიოტში“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი პარლამენტის ადგილსამყოფელს შეეხება, ხოლო მეორე პროექტი - პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ერთად არასამთავრობოები და მასმედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ითქვა, რომ დღეისთვის პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, თითქმის, საბაბის გარეშე გადააყენოს საქართველოს მთავრობა და თუ-კი პარლამენტი სამჯერ არ გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას, პრეზიდენტი თავად ნიშნავს მისთვის სასურველ მთავრობას და დაითხოვს პარლამენტს. ამიტომაც პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით არასამთავრობოები და პოლიტიკოსები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, თუკი გადავხედავთ ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიას, საქართველოს კონსტიტუციით არ ყოფილა განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი. მაგალითად, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დამდგენ ნორმას. ასეთივე მიდგომა იყო 1978 წლის კონსტიტუციაშიც. 2009 წლის ცვლილებით კი პარლამენტის ადგილსამყოფელად განისაზღვრა თბილისი და ქუთაისი. ეს მაშინ, როცა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის კონსტიტუციები არ შეიცავს პირდაპირ მითითებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ.

მხოლოდ ავსტრია, ისლანდია, ლატვია და საქართველო განსაზღვრავს, თუ სად უნდა მდებარეობდეს პარლამენტი. ლუქსემბურგის დედაქალაქი კი არის დიდი ჰერცოგის რეზიდენცია, სადაც ასევე იმართება პარლამენტის სხდომები. ნიდერლანდში კი პარლამენტი პირველ სხდომას ამსტერდამში მართავს, მუშაობას კი ჰააგაში აგრძელებს. ამდენად, ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების უმეტესობა არ შეიცავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის განმსაზღვრელ ნორმებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ For.ge პოლიტიკოსებს ესაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში გამართულმა საპროტესტო აქციებმა მნიშვნელოვნად განაპირობა, რომ პოლიტიკური ცენტრი თბილისიდან სადღაც შორს გადაეტანათ. სწორედ ეს იყო პარლამენტის ქუთაისში გადატანის ძირითადი მიზეზი, რადგან იმდროინდელი პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, მთლიანად დაკნინებული იყო და მხოლოდ ნომინალური თუ ფორმალური უფლებამოსილება გააჩნდა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის ფუნქცია არ არის რეგიონალური განვითარება. პარლამენტს ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს - პოლიტიკის განსაზღვრა, საგარეო ურთიერთობებები და სხვა. ამდენად, არასერიოზულია, რომ პარლამენტს რეგიონალური განვითარების ფუნქცია მივანიჭოთ მარტო იმიტომ, რომ თურმე პრესტიჟულია პარლამენტის შენობის ქუთაისში ყოფნა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნებას 10 მილიონი ლარი ეყოფა თავის ავეჯიანად. რეალურად კი, ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს  გადატანის მიზეზი ის იყო, რომ პრეზიდენტს თბილისში მდებარე პარლამენტი პრობლემებს უქმნიდა კარვების გაშლა, ქუჩის აქციები და სხვა. ამიტომაც არჩიეს ქუთაისი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს გაწონასწორებული. დღეს კი გვაქვს კონსტიტუციის დაზიანებული სხეული. ამიტომ კონსტიტუცია ფუნდამენტალურად არის შესაცვლელი.

„უამრავი უფლება აქვს პრეზიდენტს, მათ შორის, ისეთიც, რაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ის, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა და თავად შექმნას სასურველი მთავრობა, ამას აქამდე არ შეუქმნია ქვეყანაში კრიზისი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ პარლამენტში უმრავლესობა ეკუთვნოდა იმ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც იყო პრეზიდენტი. ამიტომ ოქტომბრის არჩევების შემდეგ შესაძლოა, ეს კრიზისი წარმოიქმნას“.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, 2004 წლის თებერვალში ნაცმოძრაობამ, სააკაშვილის მეთაურობით, კონსტიტუციაში ცვილილებები შეიტანა, რითაც განუზომლად დიდი უფლებები მიენიჭა. ამიტომაც დაარქვეს მის მმართველობას სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის მოდელი.

გარდა ამისა, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ დაგეგმილია საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, რომლისთვისაც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევაა დამახასიათებელი.

„მთელს მსოფლიოში, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, ორი თუ სამი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი გზით აირჩევა. საპარლამენტო რესპუბლიკებში ძირითადად პრეზიდენტები არაპირდაპირი წესით აირჩევიან. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. კერძოდ ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი. შესაბამისად, მას ვერ ექნება ვერანაირი პროგრამა ქვეყნის განვითარების. მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და რა თემაზე უნდა გამართოს შეხვედრა ამომრჩეველთან?! ამასთან, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ფუნქცია ძირითადად არბიტრის ფუნქციაა, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც პოლიტიკურად აქტიური ხდება მაშინ, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნება, ანუ ხდება დაპირისპირება მთავრობასა და პარლამენტს შორის“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონსტიტიციის ცვლილებას გარდაუვალ აუცილებლობად აფასებს, რაც, მისი თქმით, გამოიწვია „ექს-პრეზიდენტის“, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ კონსტიტუციასთან. ჯონდი ბაღათურიას აზრით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისში, დედაქალაქში და არავის არ უნდა ეწყინოს, რომ დედაქალაქი თბილისია. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვას, ბაღათურიას აზრით, სააკაშვილმა მართლაც არ უნდა გამოიწვიოს კრიზისი, არ უნდა გააღიზიანოს საზოგადოება და არ უნდა მოახდინოს დესტაბილიზაცია.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავს, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის განტვირთვა და რეგიონების განვითარება. მისი თქმით, სულ მალე თბილისსა და რეგიონებში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, რადგან ყველანი თბილისში მოიყრიან თავს.

ბობოხიძის აზრით, ცხადია, დღეს ქუთაისში ჩასვლა პარლამენტარისთვის მეტი ხარჯია, მაგრამ, დღეის მდგომარეობით არ უნდა განვსაზღვროთ პარლამენტის ადგილმდებარეობა, არამედ - 10-15 წლის შემდგომი მდგომარეობით.

„თუ რეგიონებში ცხოვრება არავის ენდომება, მაშინ არც გზები დაიგება და აღარც გამგეობები იქნება საჭირო“.

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას კი კაკო ბობოხიძე ვერ ხედავს. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, 12 დღის განმავლობაში დაითხოვოს მთავრობა, ახალი ცვლილებებით კი მას საშუალება ეძლევა, სამ თვეში ერთხელ დაითხოვოს მთავრობა. ამდენად, აქ არანაირი შეზღუდვა არ არის. მით უფრო, პრეზიდენტი ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს. უბრალოდ, დათხოვნის შემთხვევაში, კვლავ მან უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ, სანამ ქუთაისში შევა „გემი დალანდი“, მანამდე არსებობს სხვა მოდელები - საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური განვითარების მოდელები. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ჩვენი ქვეყანა ცენტრალიზებული იყო და ყველა ქალაქი მოსკოვის მოდელის მიხედვით ყალიბდებოდა, რაც სხვა ქალაქების შთანთქმას გულისხმობდა. ქუთაისში პარლამენტის გადატანით კი სხვა მიზიდულობის ცენტრი ჩნდება. ამდენად, სერგო რატიანისთვის უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკან დაბრუნების პროექტებია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თავისი ინიციატივით დაითხოვოს პარლამენტი. მან ეს უნდა გააკეთოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ პრეზიდენტი სამჯერ წარადგენს ახალ მთავრობას და პარლამენტიც ამას სამჯერვე არ დაეთანხმება, ამის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს, თუმცა კონსტიტუციაში დარეგულირებული არაა, ვინ იქნება ასეთ დროს ქვეყნის მეთაური და ვინ შეასრულებს მთავრობის ფუნქციას. ამიტომ, გადაყენებულმა მთავრობამ უნდა განაგრძოს მოვალეობის შესრულება. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, მაგრამ, თუ კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები, მაშინ აჯობებს, მაქსიმალურად მეტი ცვლილება შევიდეს, რადგან კონსტიტუციის ხშირი ცვლა არ შეიძლება.