ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას არ სცნობს და ხელისუფლებას გაყალბებასა და ხმების მოპარვაში ადანაშაულებს. 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და საპროტესტო აქციებს იწყებს. მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიან, შესაბამისად, სრულ მობილიზაციაზე გადადიან. თუმცა, ამის ფონზე, ხელისუფლება უკან არ იხევს და დარწმუნებით საუბრობს, რომ ოპოზიცია საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სცნობს და საკანონდებლო ორგანოში შევა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, პარლამენტართა მანდატების მოპოვება 9 პარტიამ შეძლო, ესენია: „ქართული ოცნება“ – 48.15%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.14%; „ევროპული საქართველო“ – 3.78 %; „სტატეგია აღმაშენებელი“ – 3.15 %; „ლელო“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14 %; „გირჩი“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.33 %; „ლეიბორისტული პარტია“ – 1 %.
აქედან ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს მანდატებზე და საპროტესტო აქციებიც დაიწყეს. ოპოზიციის აქციას არ უერთდება „პატრიოტთა ალიანსი,“ იგი დამოუკიდებლად, 7 ნოემბერს აპირებს აქციის გამართვას თავისუფლების მოედანზე. არც 8 ნოემბერს იქნება ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დააანონსა.
რა შეიცვლებოდა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის იმ შემთხვევაში, თუკი 8 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევიდოდა? რითი იქნებოდა განსხვავებული იგი წინა მოწვევის პარლამენტისაგან? - For.ge-მ შეფასებები ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ კონსტიტუციონალისტებისგან მოისმინა.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ თუკი ის შედეგები, რაც ცესკომ შემოგვთავაზა, უცვლელად დარჩება, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა კვლავ დარჩება და ამ შემთხვევაში მნიშვენლოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ჯერ კიდევ საკითხავია 9 პარტია იქნება თუ 8, ან საერთოდ თუ იქნება, - ჯერჯერობით საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის. ამ 9 პარტიის შესვლა რას მოუტანს ქვეყანას, ამის თქმა რთულია. თუ ეს შედეგები ასევე დარჩა, მაშინ, პარლამენტში იქნება ერთპარტიული უმრავლესობა და ამ უმრავლესობას არ ექნება კონსიტიტუციური უმრავლესობა. მთავრობის შექმნა, ორგანული კანონების მიღება თუ სხვა, იქნება ამ ერთი პარტიის („ქართული ოცნების“) ხელში და სურათი დიდად არ იქნება განსხვავებული იმისაგან, რაც ბოლო პარლამენტში იყო.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე რეალურად კვლავ არ იარსებებს, რადგან ერთპარტიული უმრავლესობის შემთხვევაში მთავრობაზე კონტროლს პარლამენტი, ფაქტობრივად, აღარ ახორციელებს.
მთლიანად პროპორციული რომ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ მიიღებდა დაახლოებით 73 მანდატს. ახლა კი შეიძლება მიიღოს 91 მანდატი. არსებობს თვისობრივი განსხვავება - ამ შემთხვევაში ერთპარტიული მთავრობა ვეღარ იქნებოდა და შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა. ახლა კი შესაძლებელია იყოს ერთპარტიული მთავრობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი და ასევე კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ მრავალპარტიულმა მთავრობამ, შესაძლოა, გამოკვეთოს ახალი, მესამე ძალა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს.
„განსხვავება ის იქნება, რომ გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი. ოპოზიცია გახდება უფრო ძლიერი სხვადასხვა პლატფორმებზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ იყოს მრავალფეროვანი. ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება მოგვცეს კიდევ მესამე ძალის შექმნის საშუალება, თუ, რა თქმა უნდა, ეს პარტიები შევიდნენ პარლამენტში და არ დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში. თუ მათ პარლამენტზე უარი თქვეს, გამოდის, რომ „შუა,“ როგორც ასეთი, „გაიკრიფება,“ რაც სხვა მოცემულობას გვაძლევს.
თუ პარლამენტი მრავალპარტიულია, პარტიებს შორის კონკურენცია იწყება და ყველა ფიქრობს საზოგადოებაში მოიპოვოს მხარდაჭერა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებენ. მრავალპარტიული პარლამენტი უფრო ორიენტირებულია მოსახლეობაზე და შესაბამისი შედეგები ამას მოჰყვება ხოლმე. რა იქნება ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ეს გამოციდლება ჯერ არ ჰქონია“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ მრავალპარტიული პარლამენტის შემთხვევაში საკანონდებლო ორგანოს მუშაობის ხარისხი აიწევს, თუმცა, ამა თუ იმ საკითხებზე შეჯერება გართულდება, რადგან გაჩნდება აზრთა სხვადასხვაობა.
„პარლამენტის წარმომადგენლობითი ხასიათი უფრო მაღალი ხარისხის იქნება. ამასთან, შესაძლოა, უფრო რთული გახდეს პარლამენტის საქმიანობა, რადგან ინტერესთა პოლარიზება უფრო მკვეთრი გახდება. კანონთა მიღება კი უფრო გართულებული, თუმცა ხარისხი სახალო ინტერესის გათვალისწინებით იქნება დადგენილი. ეს გარკვეულწილად გაართულებს კიდევაც პარლამენტის საქმიანობას.
ერთი რამ მაფიქრებს, - თუ იგივე პროცესი განვითარდება „ქართული ოცნების“ შიგნით, რაც მისი არსებობის წინა პერიოდში იყო, როდესაც რამდენიმე დეპუტატი გავიდა მმართველი გუნდიდან, შესაძლოა, დადგეს უფრო რთული პროცედურის საჭიროება, - შეიძლება მთავრობამ დაკარგოს ნდობა, პარლამენტი გახდეს ქმედუუნარო და გაუჭირდება ეფექტური ფუნქციონირება“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.