"მთელი საქართველო ხედავს, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებებით, თავისი წყევლა-კრულვითა და წონასწორობადაკარგული გამონათქვამებით გუშინდელი დღეა ჩვენი საქართველოსთვის. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ძალაუფლება ხალხმა ჩამოართვა და ის ვერ აცნობიერებს, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, მის გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ საკმაოდ რეალურ ფერებში და მხოლოდ იმ ნაწილის, ასე ვთქვათ, თანაგრძნობას იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მის გარეშე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს არის ერთგვარი გასავლელი ეტაპი, ვინაიდან საქართველოს არ გაუვლია ასეთი ტიპის ეტაპი, როდესაც არჩევნების შემდეგ ძველი ხელისუფლების ნარჩენები დარჩა და დღეს თავისი ხელისუფლების რეაბილიტაციას, რესტავრაციას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ჩვენ არ გვჭირდება კონსტიტუციური რყევები".
"ჩვენ ვართ, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გვიწევს ხშირ შემთხვევაში უმცირესობის წარმომადგენლების დაცვა ხალხისაგან. მუდმივად არის ყვედრება, რომ, აი, თქვენ ორგანიზებას აწყობთ ჩვენ წინააღმდეგ და არავინ ამას არ აკეთებს. ჩვენ ამისთვის არც ენერგიის, არც დროის და არც ნერვების ხარჯვის ფუფუნება არ გვაქვს. ეს არის, უბრალოდ, ის მოსავალი, რომელიც მათ მოიმკეს. რა "სიყვარულიც" დათესეს, რა საქმეებიც აკეთეს ამ ხნის განმავლობაში, ახლა უკან უბრუნდებათ ყველაფერი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრები, მაღალი თანამდებობის პირები ან თუნდაც სააკაშვილი არ იყოს დაცული კანონის მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ გუშინ ქუთაისში იყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, სადაც მობილიზებული იყო, ფაქტობრივად, მთელი სამხარეო სტრუქტურები შინაგან საქმეთა სამინისტროსი და გუშინდელმა დღემ ჩაიარა ცხარე დებატების პირობებში, მაგრამ რაღაცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები არ ყოფილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ხან სააკაშვილი გამოვა და ლანძღვას დაიწყებს და ხან უმცირესობის წევრები. ეს ძალიან ნორმალურია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"ხომ ხედავთ სააკაშვილი რა მდგომარეობაშია, რას გააკეთებს, ვინ იცის. ამიტომ ჩვენ არაფერში გვჭირდება დესტაბილიზაცია, კონსტიტუციური რყევები. ჩვენ კი არა, საქართველოსა და მის მოსახლეობას არ სჭირდება. ჩვენი ინიციატივა ეხება მხოლოდ ოქტომბრამდე პერიოდს. ოქტომბრიდან ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. აქედან გამომდინარე, ეს არის თავის დაცვა და პირველ რიგში ქვეყნის დაცვა იმისაგან, რომ ამ მდგომარეობაში მყოფმა წონასწორობადაკარგულმა კაცმა რაღაც არ ჩაიდინოს ისეთი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. სააკაშვილის ყველა გამოსვლა და განცხადება არასახელმწიფოებრივია. ის ქვეყნის ინტერესებს არად დაგიდევთ და ყველაფერზე ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომელიც ამწვავებს ქვეყნის შიდა მდგომარეობასაც და ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ყველა მეზობელთან. მისი კომენტარები არის ხელის შეშლა ამ ურთიერთობებისთვის. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ამას ყველანი ხედავენ. კაცი როდესაც მიდის ასეთი ტიპის ნაბიჯებზე, როდესაც მისი ფსიქოლოგია არის ასეთი, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიება გასატარებელია. დიახ, ვადასტურებ, გვეშინია, რაიმე უგუნური საქციელი არ ჩაიდინოს მიხეილ სააკაშვილმა და ქვეყანაში არეულობა არ დაიწყოს. საფრთხე რეალურია თუ არა, ჩვენ, როგორც გონიერი ხალხი, ვალდებულნი ვართ, ამ საფრთხის საწინააღმდეგო ზომები მივიღოთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენ არ გვინდა არც კონსტიტუციური და არც სხვა ტიპის რყევები. ჩვენი სურვილია, სტაბილურობა იყოს ქვეყანაში და დაიწყოს იმ ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს და რომლითაც მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში. საქართველოს ბიუჯეტი სოციალურად არის სრულიად განსხვავებული, სოციალურ მიმართულებაზე ორიენტირებული, ასევე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დიდი თანხებია გამოყოფილი. პრაქტიკულად, ნულია გამოყოფილი ისეთი თანხებისთვის, რომელშიც მილიარდებს ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილი. პომპეზური, გასართობი თუ პოლიტიკური პიარისთვის დაგეგმილი ღონისძიებები არ არის ამ ბიუჯეტში შეტანილი. ამ ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის არამიზნობრივად ჩადებული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უკეთესი არ უნდა იყოს", - ამბობს ზვიად ძიძიგური.
"თუ კონსტიტუციურ ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარი უმცირესობის წარმომადგენლებმა, ისე ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ასი ხმა და ვერ გავიტანთ ამ ცვლილებებს. მე არაერთხელ მითქვამს და თქვენთანაც ვადასტურებ, რომ უმცირესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას. ეს ერთი საკითხია, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, აქაც, მინდა გითხრათ, რომ კონკრეტული თანამგრძნობები უმცირესობაში ამ პოლიტიკურ პროექტს ჰყავს. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ არ გვაქვს ასი ხმა პარლამენტში და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება. ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ჯერ საკმარისი დროა იმისათვის, რომ ჩამოყალიბებული კონტურები კარგად გამოიკვეთოს. მე ვსაუბრობ დღეს იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები გვაქვს. ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს", - დასძენს რესპონდენტი.