საქართველოში დაკავებულები

საქართველოში დაკავებულები

საქართველოს ახალ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა პატიმართა ამნისტიის გამო მწვავდება. პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული 190 მსჯავრდებული უკვე თავისუფალია.

სამი თვის წინ თბილისის ქუჩებში ხალხი სიხარულს გამოხატავდა. ისინი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობდნენ. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ბევრი ქართველისთვის იმედის ახალ წყაროდ იქცა. ისინი ელიან, რომ ივანიშვილი მათ ცხოვრებას ჯადოსნურად გააუმჯობესებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 9 წლიანი მმართველობის დროს მთელ ძალაუფლება საკუთარ ხელში მოუყარა თავი, უმრავლესობის ნდობა დაკარგა. მან საკუთარი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება აღიარა: საქართველომ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლისკენ გზა გაიკვალა.

ხელისუფლების შეცვლის უტყუარი ნიშანია ის სიბნელე, რომელშიც ჩაფლულია პრეზიდენტის სასახლე ამ ზამთარში. შუშის გუმბათიანი მასიური შენობის გარე განათება ახალი მთავრობის ბრძანებით შეიზღუდა – ხარჯების შემცირების გამო. ამასთან, პრემიერმინისტრი ივანიშვილი მისი მოწინააღმდეგის ძალაუფლების მხოლოდ სიმბოლური შეზღუდვისთვის არ იღწვის. საქართველო ჯერ კიდევ გარდამავალ ფაზაშია. საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქვეყანას საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის, მხოლოდ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. თუმცა, ახალი მთავრობა დღესვე აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ მთელ ძალაუფლების საკუთარ თავზე აიღებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ თანამდებობაზე რჩება. აქედან ბევრი კონფლიქტი გამომდინარეობს, რომელიც ახალბედა ქართულ დემოკრატიას გამოცდას უწყობს.

ამჟამად, მხარეებს შორის განხეთქილების მიზეზი 190 მსჯავრდებულია, რომელიც პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. ისინი კვირას გაათავისუფლეს ციხეებიდან. მომდევნო თვეებში დაახლოებით 3 000 ადამიანი დატოვებს საპატიმროებს. ამნისტიის კანონი ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა და მკაფიო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ძალიან მგრძნობიარე სფეროს ეხება: შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ საპატიმროებში წამების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგეგმილი ამნისტია მკაცრად გააკრიტიკა და კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია.

ახალი კანონის სადავო ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებს ეხება. სიის შესადგენად კომისია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, შემოდგომაზე დაკომპლექტდა. თუმცა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სამუშაო ჯგუფი დატოვა და საბოლოო სიაზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვა. „საია“ თითოეული შემთხვევის ცალკე შესწავლას და ნათელი კრიტერიუმების დადგენას მოითხოვდა.

მათი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციიდან „პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათის“ ამტკიცებენ, რომ ყველა შემთხვევა იურიდიულად დასაბუთებულია და სიის სწრაფად დამტკიცებას მოითხოვდნენ. „დისკუსია ძალიან აგრესიულად მიმდინარეობდა“, ყვება იმ დროს „საიას“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. „პატიმრებს დაუძახეს და უთხრეს, რომ ჩვენ მათი გათავისუფლების წინააღმდეგი ვართ“. ბევრ შემთხვევას პროცესის დროს დარღვევები და პოლიტიკური მოტივაციის მტკიცებულება აკლდა. „ბოლო 9 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის წარმოება ძალიან ცუდად ფუნქციონირებდა“, ამბობს ჩუგოშვილი. „თითქმის ყველა საქმეში შეიძლება დარღვევის აღმოჩენა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ 60 000 ადამიანიდან, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებული იყო, ყველა პოლიტიკური პატიმარია“, ამტკიცებს ჩუგოშვილი.

იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს, ძალიან განსხვავებულია. სიის სათავეში ათობით ის ოპოზიციონერია, რომლებიც 2011 წლის გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დაიჭირეს. თუმცა, მათი უმრავლესობა იარაღის უკანონო ტარების ან ნარკოტიკების გამო გაასამართლეს და ხშირად ერთადერთი მოწმეები პოლიციელები იყვნენ. საკუთარ მოხსენებაში „საია“ იმაზე მიუთითებდა, რომ ჩხრეკა უხეში დარღვევებით ტარდებოდა. ნარკოტიკს უმეტესად ჯიბეში ან წინდებში პოულობდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის დაზარალებულებს ჩაუგდეს.

პოლიტპატიმართა სიაში არიან ასევე ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს. ეს პროცესები ფარული იყო და დოკუმენტებთან წვდომა შეუძლებელია. ამიტომ არავის შეუძლია იმის დარწმუნებით თქმა, რომ ეს განაჩენები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. „პრობლემა ის არის, რომ საქართველომ მართლაც გამოუტანა ადამიანებს განაჩენი პოლიტიკური ნიშნით“, ამბობს ჩუგოშვილი. ის შიშობს, რომ „ახლა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს საკითხი არასარწმუნოდ მიიჩნია, მას სერიოზულად აღარავინ მიიღებს“.

ამნისტიას სამთავრობო წრეებშიც კი აკრიტიკებენ. „ამ სიაში მართლაც არის რამდენიმე ჯაშუში, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებში მოქმედებდნენ“, უთხრა Welt-ს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჯაშუშებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გათავისუფლება, ისევე როგორც სასჯელის შემცირება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია“. შსს შეშფოთებული იყო, პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართა და იმ პირთა სიაც გაუგზავნა, ვინც არ უნდა გაეთავისუფლებინათ. „სამწუხაროდ, პარლამენტმა ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება“, ამბობს ღარიბაშვილი. ახლა ის იძულებულია კრიმინალის გაზრდის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, პატრულთა რაოდენობა გაზარდოს. ღარიბაშვილის თქმით, ეს იმას ადასტურებს, რომ პარლამენტს კანონებს ზემოდან აღარ კარნახობენ. თუმცა საქართველოში ეს იმავდროულად, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების ქაოტურად მიღების მაგალითადაც აღიქმება.

ღარიბაშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთა ვიწრო წრეს განეკუთვნება და მთავრობაში საკვანძო პოსტი უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 30 წლის არის და ცოტა ხნის წინ ფინანსურ ინდუსტრიაში მუშაობდა. ის ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა“, ამბობს იგი. სიტყვა „სამართლიანობას“ ამ დღეებში ქართველები ხშირად იმეორებენ. ეს ივანიშვილის საარჩევნო დაპირების ნაწილია. ახალი გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის ოფისთან, რომელიც ადრე ივანიშვილის ადვოკატი იყო, შემოდგომის შემდეგ ასობით ადამიანი დგას რიგში, რომლებსაც ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვთ.

მართლმსაჯულება სააკაშვილის მთავრობის მართლაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო. იმ მეთოდების გამო, რომელსაც ის საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის იყნებდა, „ლიბერალ ბოლშევიკებად“ მონათლეს. უფლებადამცველები ჩინოვნიკების დაუსჯელობას აპროტესტებდნენ. ამ მხრივ, ყველაზე ცნობილი საქართველოში, ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის საქმეა. 2006 წელს ის შსს-ს სპიკერთან ჩხუბის შემდეგ უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს და მოკლეს. თუმცა, ჩნდება კითხვა, შეიძლება კი სამართლიანობას და სამართლებრივ სახელმწიფოს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? რადგან ძველი მთავრობის შეცდომების აღმოფხვრის განზრახვა ახალ მთავრობას საკუთარი შეცდომების დაშვების საფრთხით ემუქრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, გასული შემოდგომიდან, ყოფილი მთავრობის 50 მაღალჩინოსანი იყო დაპატიმრებული, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე. ეს უკანასკნელი ბოლოს გირაოს სანაცვლოდ კი გაათავისუფლეს, მაგრამ თანამდებობის დატოვება მოუწია. დაკავების მიზეზს ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვანი შემთხვევები წარმოადგენს. ახალაიას, რომელიც ციხის სკანდალის გამო გადადგა და რომლის დაპატიმრებასაც არჩევნების წინ დემონსტრანტები მოითხოვდნენ, თანამშრომლის ცემაში სდებენ ბრალს. „ხშირად ადამიანს ჯერ აკავებენ და შემდეგ ცდილობენ მის წინააღმდეგ მტკიცებულების მოძიებას“, ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი, დეპუტატი სააკაშვილის პარტიიდან. ოპოზიცია ახალ მთავრობას არჩევნების შემდეგ შერჩევითი სამართლის წარმოებასა და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსი, მაგალითად ნატოს ხელმძღვანელი ანდერს ფოგ რასმუსენი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ ეშტონი, ასევე გამოთქვამენ ეჭვებს დაპატიმრებების გამო. საქართველოში კი პირიქით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა გამოძიებას ბევრი მიესალმება. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგი დეკმებერში 63%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველთა მხოლოდ 10% თუ უჭერს მხარს.

„ქართული ოცნება“ წინადადებით გამოვიდა, რომ ბრალდებული ჩინოვნიკების საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებმა განიხილონ. თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც ბევრი ქართველი განრისხებულია ყოფილ მთავრობაზე და ახალი მთავრობა საჯაროდ ბრალს სდებს მის წინამორბედს, ასეთი პროცესი გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანის ალბათობას მხოლოდ გაზრდიდა. იმავდროულად, ივანიშვილის კოალიციას კიდევ ერთი შეთანხმების შეთავაზებაც სურს, რომელიც ყოფილ ჩინოვნიკებს სამართლებრივი იმუნიტეტის გარანტიებს მისცემდა. „ინიციატივა პრემიერმინისტრისგან მოდის“, ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი. „მას არ უნდა პოლიციის იმ ათასობით თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომლებიც ასე იძულებით მოქმედებდნენ. საკითხავია ის, თუ რამდენად მისაღებია ასეთი შეთანხმება ოპოზიციისთვის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს დანაშაულის საჯაროდ აღიარების ტოლფასი იქნებოდა“.

გარდა ამისა, ეს შეთანხმება, როგორც ჩანს გამოყენებული იქნება ოპოზიციისგან აღიარებების მისაღებად. „არსებობდა დაპატიმრებების ტალღის შეჩერების წინადადება, თუკი ოპოზიცია მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს“, ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. „ქართული ოცნება“ იღწვის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დამტკიცების უფლებას ჩამოართმევდა. მაგრამ ივანიშვილის კოალიციას ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სააკაშვილმა ეს გეგმა უკვე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას „მძიმე შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს.

სააკაშვილის ძალაუფლების შეზღუდვის მცდელობებს თან ახლავს მისი გადადგომის მოთხოვნები. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე შეაგროვა 835 000 ხელმოწერა ქვეყანაში, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 20 იანვრის შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციებიც არის მოსალოდნელი. ამ დღეს გასდის ვადა სააკაშვილის ხუთწლიან მმართველობას, რომელიც წინა პარლამენტმა 10 თვით გაუგრძელა. არჩევნების დასრულების შემდეგ ივანიშვილიც მოითხოვდა მისი მოწინააღმდეგის გადადგომას, მაგრამ მოგვიანებით ამ მოთხოვნაზე უარი თქვა. 13 იანვარს, როდესაც საქართველოში შობის შემდეგ მართლმადიდებლური კალენდრით ახალ წელს ზეიმობენ, საქართველოს პატრიარქთან მიღებაზე სააკაშვილი და ივანიშვილი დიდი ხნის შემდეგ კვლავ ერთ მაგიდასთან ისხდნენ. „ჩვენ ერთად ავაშენებთ ჩვენს საყვარელ საქართველოს. ეს საქართველოში სიყვარულის წელი იქნება“, თქვა ივანიშვილმა. პრეზიდენტმა ოდნავ გაბრაზებულმა თავი დაუკრა და მხოლოდ დასძინა, რომ ეთანხმება მას. ეს უფრო ხანმოკლე დაზავებას გავდა, ვიდრე სიყვარულის წლის დაწყებას.

foreignpress.ge