„დამნაშავეს ეხმარებოდნენ, როგორც ბანკში შესვლისას, ასევე გამოსვლისას და აწვდიდნენ ინფორმაციას, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე და შიგნით ხალხზე მეთვალყურეობაზე“

„დამნაშავეს ეხმარებოდნენ, როგორც ბანკში შესვლისას, ასევე გამოსვლისას და აწვდიდნენ ინფორმაციას, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე და შიგნით ხალხზე მეთვალყურეობაზე“

დევნა თუ ძებნა? - ყაჩაღი თუ ტერორისტი? - ესაა კითხვები რომლებიც უკვე მე-8 დღეა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ბადრი ესებუას ირგვილვ ისმის. ამ დრომდე უცნობია, ნაპოვნია თუ არა ტერორიზმში ბრალდებული მძარცველის კვალი. ის უკვე კვირაზე მეტია თავისუფლებაზეა  500 000 დოლარით და ძებნის ოპერაცია, ამ წუთებშიც, თითქმის მთელი სამეგრელოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ოფიციალურად უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რომ ბანკში შეჭრილი და სოფელ გრიგოლიშში მცხოვრები ყოფილი სამხედრო ერთი და იგივე პირია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ესებუას დნმ-ს კვალი იმ ავტომობილში იპოვეს, რომლითაც ის ბანკში მივიდა.

ოჯახი მას სახლში ელოდება. ბადრი ესებუა ბოლოს სოფელში 21 ოქტომბრის 12:00 საათზე ნახეს, თუმცა მამა ამტკიცებს, რომ მას 17:00 საათზე ტელეფონით ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სწორედ ტერორიზმის მუხლმა გამოიწვია იურისტებში და ანალიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა. იურისტების ნაწაილი ამტკიცებს, რომ ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ზუგდიდის შემთხვევაში კი პოლიტიკური მიზნების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია.

მათი თქმით, საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ან პოლიტიკური მოთხოვნა. პოლიტიკური მიზანი აუცილებლად უნდა ახლდეს დანაშაულს, თუ მას ვარქმევთ ტერორისტულ აქტს. ზუგდიდის შემთხვევაში არანაირი ინფორმაციას არ გვქონია პოლიტიკური მიზეზის შესახებ, მძარცველს უნდოდა ქონების მითვისება ძალადობრივი მეთოდებით.

თუმცა იურიტების მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ტერორიზმია, როდესაც 19 ადამიანს ტყვედ იყვან და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ხელისუფლებას ევაჭრები. მას აიძულებ, რომ მისი მოქალაქეების სიცოხლის ფასად ფული გადაგიხადოს. ამიტომაც ნაწილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაგვიანებულადაც მიიჩნევს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, „მთავართან“ ექსკლუზიური ინტერვიუსას ამბობს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შეიძლება 1 თვეც სდიონ და თუ „მთავარი არხი“ უწყებას ხელს არ შეუშლის, ესებუას აუცილებლად დააკავებენ.

„1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ“, - ამბობს გომელაური.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს“, – ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური.

„პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს, ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურირი მაია მწარიაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ თავიდან გამოძიება ყაჩაღობის და იარაღის უკანონო ტარება-გამოყენების მუხლებით დაიწყო, რაც არ შეესაბამება რეალურ მიმართულებას და მას თავიდანვე ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა.

მისი თქმით, თავდამსხმელმა საბანკო დაწესებულება გამოიყენა იმისთვის, რომ მოთხოვნები ხელისუფლებისთვის წაეყენებინა და მთავარიც სწორედ ეს არის. მან ბანკი როგორც ავანსცენა ისე გამოიყენა და საკუთარი სცენარით მთელი სახელმწიფო ათამაშა. მსგავს რამეს კი ყაჩაღები არ აკეთებენ.

„სადმე ვინმეს უნახია, რომ ყაჩაღი ვერტმფრენს ითხოვდეს? ასევე ხელისუფლებას დროს აძლევდეს და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებოდეს? მან 19 ადამიანის სიცოცხლით ივაჭრა. ეს მოქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც ტერორისტული აქტი და გვიან მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ამბავი დროში თანმდიმდევრობით ისე განვითარდა, რომ ყაჩაღობა ასე არ ვითარდება.

ყაჩაღობად მაშინ ჩაითვლებოდა, თუკი დამნაშავე ბანკში შევიდოდა, შემდეგ სალაროდან ფულს წაიღებდა და გაიქცეოდა. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს იყო ტერორისტული აქტი. მან ჯერ გარეთ ყურადრების მისაქცევად გაისროლა, შემდეგ კი მედიაში დარეკა და მოთხოვნების წამოყენება დაიწყო. შესაძლოა, საქმის სუს-ისთვის გადაცემა არ სურდათ, არ ვიცი ბევრი ნიუანსი შესაძლება იყოს“, - ამბობს მწარიაშვილი.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და თადარიგის პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი კი for.ge-სთან ტერორიზმის მუხლით შეცვლას არ ეთანხმება. ალადაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, ტერორისული აქტი უფრო სხვა სახის დანაშაულს გულისხმობს. მისი აზრით, ტერორიზმი სახელმწიფოს ან ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებაა. შესაძლოა ეს ბანკის გაძარცვაც იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა ტერორისტულ ორგანიზაციებს მოხმარდება. ან მძარცველმა პოლიტიკური განცხადება და მოთხოვნები გააკეთა.

„ზუგდიდელი განგსტერის“ ეს ძარცვა რომ ტერორიზმის მუხლით გადავაკვალიფიციროთ, მე ძალიან მიჭირს. არ ვიცი, გამოძიებამ თუ რამე დაადგინა ისეთი, რის გამოც ჩათვალა, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. თუ გამოძიებას აქვს რამე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული ეს სხვაა. თუმცა თუ ასე არ არის, სხვა შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი კრიმინალია.

მაშინ ტერორიზმსა და კრიმინალს შორის ზღვარი საერთოდ იშლება. ეს კარგი არ არის და ინსტიტუციები დაყოფილი უნდა იყოს. პოლიციის შეცდომები რაც იყო დაშვებული ეს სხვაა, ამიტომაც ეს ფაქტები ამის გამო არ უნდა დავამახინჯოთ. ბანკიდან რომ გამოქცეულიყო და ფული წაეღო, მძევლებიც მიეტოვებინა, მაშინ ტერორისტი აღარ იქნებოდა? აქ მძევლების ფაქტორი კი არ არის მთავარი, აქ მოტივაციაა, რა მიზნით მოქმედებდა. დანაშაულის ჩადენის მოტივაცია და მიღებული თანხის გამოყენების მიზანი რა არის“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ძალიან რთულია, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდეს და მას ყველა ეტაპზე დამხმარე არ ჰყავდეს. ალადაშვილი ფიქრობს, რომ მას ეხმარებოდნენ, როგორც ბანკში შესვლისას, ასევე გამოსვლისას. აწვდიდნენ ინფორმაციას, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე და შიგნით კიდევ ხალხზე მეთვალყურეობაში ეხმარებოდნენ. მისი აზრით, ეს კარგად დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი გაქცევაც და ვერმოხელთებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და არ არის გამორიცხული, დამალვაშიც ეხმარებიან.