რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "პრეზიდენტი ხომ გვარწმუნებდა, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერეოდითო?"

რამდენიმე დღის წინ ახალი გუბერნატორების წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს უტევს. მისივე თქმით: "თანაც შეტევა ხორციელდება წარმოუდგენლად ბინძური მეთოდებით. ასეთი მეთოდების შესახებ წაკითხული მაქვს. ჩემს მთავრობასაც ჰყავდა სპეცსამსახურები და მათაც ჩაუტარებიათ ოპერაციები, მაგრამ უმკაცრესი პირობა იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეხო ადამიანის პირად ცხოვრებას. არასდროს არსად არ გასულა ადამიანის პირადი ცხოვრების მაკომპრომეტირებელი საბუთები". 14 იანვარს კი პროკურატურამ კიდევ ერთი ამაზრზენი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით, ამავე უწყების თანამ­დებობის პირთა მიერ გადაბირებული ადამიანები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდნენ, რასაც ფარულად იღებდნენ და შემდეგ ამ ადამიანებს აშანტაჟებდნენ, მათ საჯაროდ მხარი რომ დაეჭირათ მმართველი გუნდისთვის. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- რაც შევიტყვეთ და ვნახეთ, ყოვლად გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია. პრეზიდენტი ხომ გვარწმუნებდა, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერეოდითო? არადა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერს კადრულობდნენ. ამგვარი მეთოდებით საბჭოთა სპეცსამსახურები იყო განთქმული. საოცარია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც თითქოს განუწყვეტლივ ებრძოდა ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირს უკავშირდებოდა, საბოლოოდ მის "ღირსეულ" მემკვიდრედ იქცა. თუმცა, რიგ შემთხვევაში, მგონი, საბჭოთა მემკვიდრეობას გადააჭარბეს კიდეც.

- პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ვიხილეთ, შესამჩნევი იყო მათ შორის კეთილგანწყობაც, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ბევრმა ეს ყბადაღებული კოაბიტაციის რეალურ დასაწყისად მიიჩნია, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენები, თუნდაც პროკურატურის მიერ ამ ფაქტების გასაჯაროე­ბა, მიუთითებს, რომ დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კვლავაც გრძელდება და შეიძლება უფრო გამწვავდეს.
- ამ ვახშამს მართლაც ბევრი შეფასება მოჰყვა, რაც ცოტა გასაკვირია, რადგან ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ამდენ ყურადღებას არ იმსახურებდა. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ: ორივე მხარემ ეტიკეტი დაიცვა. მომეჩვენა, რომ ცოტა უფრო დაძაბული იყო პრეზიდენტი, ვიდრე პრემიერი. ეტიკეტის დაცვა არ ნიშნავს პოლიტიკის აუცილებელ ცვლილებას. ცივილიზებული მსოფლიო ეტიკეტს იცავს, მაგრამ რეალურ პო­ლიტიკაში ამით ბევრი არაფერი იცვლება. ჩვენ ლანძღვა-გინებას ისე ვართ მიჩვეული, რომ თუ ვინმე ნორმალურად ლაპარაკობს ან ხუმრობს, გვგონია, რაღაც სხვა ხდება.

- ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კონფრონტაციაზე საუბრისას ექსპერტთა ნაწილი გაზაფხულზე პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას ვარაუდობს.
- ჩემთვის გაუგებარია ეს ვარაუდი. ისმის კითხვა, რა არის პოლიტიკური კრიზისი? - ეს არის ვითარება, როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების ან მათი გატარების საშუალება აღარ აქვს. მერწმუნეთ, ასეთ კრიზისს "ნაციონალური მოძრაობა" ვერ შექმნის, პარტია, რომელსაც მოსახლეობის 10% უჭერს მხარს, ასეთი კრიზისის "ავტორი" ვერ იქნება. შეიძლება იყოს სირთულეები, მაგრამ პრეზიდენტი, რომელსაც დესტრუქციული მოქმედებისთვის ყველაზე მეტი ბერკეტი აქვს, ასეთი რეიტინგით ვერაფერს გაბედავს. ფაქტია, სააკაშვილი ცდილობს, როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვოს რეპლიკებით, განცხადებებით. მაქსიმალურად ცდილობს, აამღვრიოს წყალი და მერე იქ თევზი დაიჭიროს, მაგრამ მის ამგვარ ქცევას რაც ნაკლებად აჰყვება საზოგადოება და
მის განცხადებებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

- მაინც რა შეიძლება იყოს სააკაშვილის მიზანი?
- სააკაშვილი ცდილობს, დესტაბილიზაციის შექმნით ან მისი იმიტაციით უცხოელები დაარწმუნოს, რომ "ქართული ოცნება" ვერ მართავს ქვეყანას. ამასვე ემსახურება გაუთავებელი ლაპარაკი რუსეთზე და იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყანა რუსული ორბიტისკენ მიჰყავს. ყოველ შემთხვევისთვის, მიშას არ სურს გავიდეს იმ პოლიტიკური სართულიდან, რომელ­ზეც ჯერჯერობით კიდევ არის. არადა, ეს მისთვის ძალიან სარისკო თამაშია - შეიძლება მოიგოს რაღაც ან პირწმინდად წააგოს. რაც შეეხება სააკაშვილის გუნდს, ის ამ თამაშში ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული იქნება. ძალიან რეალურია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სულ მალე სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს ქართველი საზოგადოებისთვის. მოკლედ, ეს ბაქრაძეები, გაბაშვილები, მაჭავარიანები შეიძლება მალე აღმოჩნდნენ პოლიტიკის მიღმა, თუ უფრო უარეს ადგილას არა. შემთხვევითი არ არის, ასე სოკოებივით რომ მრავლდებიან ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც, ძირითადად, ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთიანდებიან, თუმცა ისეთები, ვისაც აქამდე ნაკლებად იცნობდა ჩვენი საზოგადოება. სააკაშვილი ცდილობს, არასამთავრობო სექტორის საშუალებით მიაწოდოს დასავლეთს ახალი ხელისუფლების მაკომპრომეტებელი ინფორმაცია და უთხრას, რომ ეს ხალხის ხმაა. კარგად იცით, დასავლეთი ძალიან მგრძნობიარეა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ ისინი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დამატებაა. ამასობაში გულხელდაკრე­ფილი არც ახალი ხელისუფლებაა, თუმცა, ალბათ, მეტი აქტიურობაც არ იქნებოდა ურიგო. მაგალითად, სააკაშვილი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, რაოდენ ცუდი შედეგები მოიტანა ამნისტიამ, არადა, კანონი ჯერ ძალაში არც იყო შესული, შესაბამისად, ერთი ადამიანიც არ იყო ამნისტიით გათავისუფლებული. ის ტყუოდა, თანაც, როგორც გაირკვა, თვითონ შეიწყალა უმძიმე­სი დანაშაულის ჩამდენი პატიმრები. ვფიქრობ, უფრო მასშტაბურად იყო საჭირო პრეზიდენტის ამ ტყუილის გამომზეურება. მეჩვენება, "ქართულ ოცნებაში" საინფორმაციო აქტიურობის თვალსაზრისით ბევრი რამ მოსაგვარებელია. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლება მაინცდამაინც არც თავისი საქმიანობის წარმოჩენით არის დაკავებული, არადა, ჯანსაღი პიარი საჭიროა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ამნისტიის მაგვარი რამ რომ გაეკეთებინა სააკაშვილს, რა ხმაური ატყდებოდა და რა პიარს გაიკეთებდა. სააკაშვილის მომხრეები, ყველა, როგორც ერთი, ილაპარაკებდნენ, რა ჰუმანური ნაბიჯი გადადგეს. ეს "ერთი გუნდის" პრინციპი ახალ ხელისუფლებაში არ მოქმედებს, რაც მოვლენების მიმართ საზოგადოების ყურადღებას ადუნებს. გარდა ამი­სა, ჩვენ ხომ ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პრეზიდენტი რა ხშირად ტყუის, ტყუიან მისი გუნდის წევრებიც, ეს არის ცრუ ბრალდებების კასკადი, არ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოში უჩივლოს ამ ტყუილის მთქმელებს? არ გახსოვთ, კლინტონს იმპიჩმენტს რომ უწყობდნენ ტყუილის გამო...

- გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" შეტევის სამიზნედ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქცა, მას მამის მოსამართლეობის დროინდელი სასიკვდილო განაჩენები გაუხსენეს. ქალბატონმა თეამ ამის საპასუხოდ განაცხადა: - სააკაშვილი პანიკაშია, რადგან მისი დაჭერა მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ მე შემიძ­ლიაო... როგორ ფიქრობთ, დაჭერა მართლაც ემუქრება პრეზიდენტს?
- მეეჭვება, ემუქრებოდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ დასავლური ოჯახის წევრობას ვცდილობთ, სადაც ძალიან იშვიათია ხელისუფლების პირველი პირის პასუხისგებაში მიცემა ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. ასეთი რამ დასავლეთში შურისძიებად ფასდება, რაც ველურობად აღიქმება. ვფიქრობ, ახალი ხელისუფლება გაუწევს დასავლეთს ანგარიშს და საა­კაშვილს არ დააპატიმრებს. და კიდევ - თუ ჩვენ იოლად ვხვდებით, რომ სააკაშვილი ტყუის, როდესაც ამნისტიით პატიმრების გამოშვებაზე ლაპარაკობს, ტყუის, როდესაც რაღაც მშენებლობების შეჩერებასა და სამუშაო ადგილების დაკარგვაზე მოთქვამს და ა.შ., რატომ შეიძლება იყოს სიმართლე მისი ბრალდებები ახალი ხელისუფლების მიერ რუსული ინტერესის გატარე­ბაზე, რისი რეალური საფუძველიც არსად ჩანს? გაცილებით მეტი საფუძველი აქვს იმ ბრალდებას, რომელიც ხალხში ტრიალებს, ანუ ეჭვს იმისას, რომ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ სწორედ სააკაშვილი მოქმედებდა წლების განმავლობაში. რაც შეეხება წულუკიანის მამის წარსულს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სწორედ იმიტომ გაბედეს ამაზე ლაპარაკი, რომ საზოგადოება მოერიდა თუნდაც პრეზიდენტის და მისი ნათესავების წარსულზე ლაპარაკს. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და გასცეს პასუხი კითხვებს: ვინ არის თემურ ალასანია, ან რა ფუნქციებს ასრულებდა თავის დროზე მისი ბაბუა?