ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ესებუას იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა. 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიცია საგამოძიებო სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე, 323–ე და 329–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.
ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. სოფელ გრიგოლიშში ჩხრეკას ბადრი ესებუას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სახლთან ამ დრომდე რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, როგორც შსს–დან, ასევე საპატრულო პოლიციიდან. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდში ერთ–ერთ ქუჩაზეც, სადაც ამ დრომდე დაუზუსტებელი ინფორმაციით დააკავეს ორი პირი, აქედან ერთ–ერთი ბადრი ესებუაა.
თუმცა შს სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ესებუას დაკავების ფაქტს. ამასთან, ვლადიმერ ბორცვაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დააკავეს და გაექცათ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.
„უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება სიმართლეს. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ჩვენგან გაიგებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 32 წლის ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროში უკვე ერთი წელია აღარ მუშაობს. ის სენაკის მეორე ქვეით ბატალიონში ირიცხებოდა, ასევე არის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. როგორც ესებუას მეზობლების ნაამბობიდან ირკვევა, ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ საკუთარ სახლში, გრიგოლიშში იყო ჩასული და ამ ხნის განმავლობაში ის სოფელ გრიგოლიშში იმყოფებოდა.
მთელი დღის განმავლობაში ბადრი ესაბუას ახლობლები და ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ძარცვა მისი ჩადენილი იყო. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ესებუა ტანად უფრო მაღალია და აღნაგობაც სხვანაირი აქვს. ეჭვმიტანილის ძმა, ბიძინა ესებუა აცხადებს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და შემთხვევის დღეს ჯარისკაცი სამეგრელოში არ ყოფილა და, რომ თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. ბიძინა ესებუას კომენტარიდან აშკარაა, რომ ის ძმის დანაშაულს ხელს აფარებდა. ახლა გამოძიებამ ის უნდა გაარკვიოს, ვისი დავალებით მოქმედებდა ესებუა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით მოქმედებდა და რა კავშირი ჰქონდა მას მოქმედ სამხედროსთან, დავით ხვიბლიანთან, რომელიც ოფიციალური ვერსიით ძარცვის მომენტში ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.
21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20–მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს. თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა ირწმუნება, რომ გამოიება აშკარად რაღაცას მალავს. მისი თქმით, ზუგდიდში ბანკის გაძარცვის საქმე ბურუსით არის მოცული და ამ მდგომარეობამდე დღეს ქვეყანა დაუსჯელობის გამო მივიდა.
„ის განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს, რომ აქაც გვაქვს ან გაწელვის მცდელობა, რომ არჩევნებამდე იქნება გამოავლინონ, რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რადგან სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია, რომ თუ იცი ადამიანი და ის გაქცეულია, პირიქით, მის ფოტოებს აკრავ და საზოგადეობას, ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, აჯილდოებ, ეს ხომ ახალი ველოსიპედი არაა?
ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. ეს ჩანდა წინა არჩევნების წინაც, როდესაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ააფეთქეს გივი თარგამაძე და მის საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, იქაც სამხედროები ფიგურირებდნენ. ფაქტია, რომ არავინ დასჯილა. ეს დაუსჯელობა, საბოლოოდ, წარმოშობს იმას, სადამდეც მივედით ჩვენ“, – აცხადებს გიგი უგულავა.
ოპოზიციის და მათთან დაახლოებული მედიის მიერ გავრცელებულ ვერსიას არ იზიარებს მმართველი გუნდი. ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ზოგიერთი ხელს უწყობს, რომ კიდევ დანაშაული მოხდეს და ზუგდიდის დრამატული ისტორია გაგრძელდეს.
„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ინტერესია და სააკაშვილის კარნახია. ყველაფერი, რაც ამის გარშემო ხდება, კონტროლის ქვეშაა. მაღალი დონის პროფესიონალი პოლიცია გვყავს, რომელმაც ზუსტად იცის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რა თქვას და რა - არა. პოლიტიკოსებს ვალდებულება აქვთ, ჩუმად იყვნენ, თუ რეალური ინფორმაცია არ აქვთ. ზნეობრივი ვალდებულებები აქვთ ქვეყნის წინაშე, მაგრამ ზოგიერთ მედიას ეს არ გააჩნია და ვერაფერს იზამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ თემისა და დავით გარეჯის თემის გადაფარვა კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მედიის ინტერესია.
„ოპერაციის პირველი ეტაპი მოლოდინი იყო – როგორც სვავები ელოდებიან სისხლის დაღვრას, ასეთი მოლოდინი იყო იმ მედიაში, რომელსაც სააკაშვილი მართავს. ეს იქ მომუშავე ადამიანებმა იციან. ადამიანების სიცოცხლე რომ გადარჩა, მნიშვნელოვანია. ვინც აფასებს, როგორ წავიდეს პროცესი, რომელია პროფესიონალი? გარშემო ბნელი ძალები არიან შეკრებილი, რომ ძებნის ოპერაციას ხელი შეუშალონ – განცხადებები იქნება, მანქანებით დევნა თუ ვითომ, ჟურნალისტური გამოძიება. ეს მათ მიერ ხდება, ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესები ნულის ტოლია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიცია რომ თავდავის მინისტრის დისკრედიტაციისთვის იყენებს, ამაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ეს არის კონტრშეტევა, შურსძიება დავით გარეჯის საქმის გამო. მისი თქმით, საქმე მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები არიან ყიზილბაშები, როგორც ყიზილბაშები, ისე იქცევიან.
„პირდაპირ მნიშვნელობით არიან ქვეყნის მტრები. რასაკვირველია, როცა ღარიბაშვილმა შეუტია და შეუტია ისეთ საქმეზე, როგორიც არის დავით გარეჯის გაყიდვის საქმე, ტერიტორიების დათმობა, არაფერს არ ვლაპარაკობ აგვისტოს ომზე, გასაგებია, რომ ახლა სამინიზნედ აირჩიეს ღარიბაშვილი. მათი ტაქტიკა და სტრატეგიაც გაღმა შედავება არის. თავის დაცვის ნაცვლად ცდილობენ, რომ აქეთ შემოგვიტიონ.
სამიზნედ იქცა ღარიბაშვილი, რომ დავით გარეჯის გასხვისების საქმის გაშიფვრის გამო შური იძიონ. ამიტომ ხდება ეს კონტრდარტყმა. ძალიან იოლია მათი გათვლა. საერთოდ, რაც საქართველოში ხდება, პირდაპირ მიუთითებს არა საარჩევნო, არამედ საომარ დაპირისპირებაზე. ომს აწარმოებენ, საომარი მიზნები აქვთ. ყიზილბაშებს ტყუილად კი არ ვეძახი. მათი საარჩევნო მიზანია ქვეყნის ხელახალი ოკუპაცია. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული პირი აპირებს, რომ ქვეყნის მმართველობა ჩაიგდოს ხელში, ეს საომარი მდგომარეობაა. სააკაშვილმა ღიად გამოგვიცხადა ომი. წარმოგიდგენიათ რა ხდება?“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, კაცი, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე, აპირებს ქვეყნის ოკუპაციას. განსხვავება იმაშია, რომ ეს ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიებით და ამის ნაწილია როცა ისინი ამხილეს მტრობაში.
„ტერიტორიების დათმობა, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული. რასაც ყიზილბაში გვეუბნებოდა, ეს ყიზილბეშიც იგივეს გვეუბნებიან. ამ ქვეყნის ერთ–ერთი ციხესიმაგრე არის თავდაცვის სამინისტრო და ბუნებრივია, რომ შეტევაც ირაკლი ღარიბაშვილზე იქნება. მისი მოვალეობაა, რომ ქვეყანა დაიცვას და პირველ რიგში მას დაარტყამენ. ჩვეულებრივი საომარი ტაქტიკაა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აქ ლაპარაკი არ არის არჩევნებზე, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ომი.
წარმოგიდგენიათ რამხელა საფრთხის წინაშე ვართ, როცა სამიზნე არის თავდაცვის მინისტრი და თან ასეთი აბსურდით?! როგორ შეიძლება დაუშვა, რომ თავდაცვის სამინისტროს რაღაცა კავშირი აქვს ბანკის ძარცვასთან? შეიძლება დამნაშავე იყოს სამხედრო, მაგრამ ეს არაფერს არ ამტკიცებს. აი, ის, უკრაინაში გაქცეული რომ არის, პრეზიდენტი რომ იყო, იმდენ დანაშაულში იყო ჩართული, მისი თავდაცვის და შს მინისტრები, მორჩა ის დრო, აღარ არის“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
სამიზნე, რომ ირაკლი ღარიბაშვილია ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ამ პოლიტიკური ჯგუფის მოქმედების როგორც ზნეობრივი, ისე იურიდიული კუთხით განხილვა არ შეიძლება, შეუძლებელია. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი უნდა გახდეს.
„მეგრულში არის ასეთი სიტყვა - ვაშინერს. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბრალდებას უყენებენ იმის გამო, რომ გაუგებარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ. ახლა ირაკლი ღარიბაშვილზე აქვთ ბოღმა და გასაგებია რატომაც. ღარიბაშვილის ხელით გამომჟღავნდა სამშობლოს ღალატის მამხილებელი რუკები. ღარიბაშვილი რადიკალურია მათ მიმართ. რაც შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეში გააკეთეს, ამის მერე რომ ხმას იღებენ ეს უსირცხვილო გარეწრები, ეს არის ტრაგედია. რომელი კოვიდ 19 შეედრება იმას, რაც ამათ ფსიქიკაში ხდება.
წარმოიდგინეთ, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ბრალს სდებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც მოქმედი სამხედროები არიან, ისინი იქიდან პასუხობენ, რომ არა, ჩვენ არ გაგვიკეთებიაო. იმის წონა 70 იყო, მე 90 ვარო. ეს რა არის?! როდემდე შეიძლება ეს პაყვი, ეს უბედური გონებას უწამლავდეს თავის მსმენელებს?! ხელისუფლებამ თავის თავს დააბრალოს, როცა ეს კოჰაბიტაცია შემოგვთავაზეს. უსმინონ ახლა გვარამიას. გვარამიას არ მისცა სააკაშვილმა დავალება – ორსული ქალი მოკალით და გადატრიალება მოაწყვეთო?! რეაგირება მოხდა? მერამდენად უნდა ვთქვა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ამას ვიმეორებთ რამდენი წელია. ახლა კიდევ ახალ უბედურებაში გადავედით, ეს გვარამია მოქმედ სამხედროებს უყენებს ბრალდებებს. შეუძლებელია ამის ყურება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ფსევდო მედია-ჯგუფი მოქმედებს პრინციპით - მე ვიტყვი და შენ თუ გინდა თავი იმართლე. რაც შეეხება თვითონ ამ პიროვნებას, ხვიბლიანს, რომელიც მოქმედი სამხედროა, ჩვენ არ ვიცით, მართლა მონაწილეობდა თუ არა, მაგრამ არეშიძის განცხადებით, რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე, ამითი თავდაცვის მინისტრს ჩრდილს ვერ მიაყენებენ, რადგან სამინისტროში არის უამრავი პირი და კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ამის გამო კი თავდაცვის მინისტრი არ არის დამნაშავე.
„ეს ყველა სისტემაში ხდება და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. არ მგონია, რომ ამით ღარიბაშვილს ჩრდილი მიადგეს. გარდა იმისა, რომ ალოგიკურია მისი დადანაშაულება კონკრეტული სამხედროს დანაშაულში, აქ უბრალოდ სხვა რამეზე შეძილება იყოს საუბარი.
ღარიბაშვილმა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადადა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, განსაკუთრებით მე გამოვყოფდი ავიაციას, რაც წინა მინისტრმა საერთოდ დამარხა. თავდაცვის სისტემის შექმნა ავიაციის გარეშე თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელია და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებაა, რომელიც ღარიბაშვილმა აამოქმედა და მის წისქვილზე ასხამს წყალს.
დაუდასტურებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება გახდა ტენდენცია ქართულ ჟურნალისტიკაში. რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. ხელისუფლების ბრალია, რომ აქამდე მივიდა საქმე. მავანი თავის თავს უფლებას აძლევს ასეთი ტონით ილაპარაკოს და თან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ძალიან მძიმე დანაშაულში მიუძღვით ბრალი და თან ისეთი დანაშაულები, რომელიც განსხვავებით ამ კონკრეტული დანაშაულისგან, დამტკიცებულია ძიებით და კანონით. ყველას ყველაფერი შერჩა და რაც უნდათ იმას ილაპარაკებენ“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ქვეყანაში არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი, რაც პირველ რიგში განპირობებულია კოვიდ ინფექციით, აქედან გამომდინარე სოციალური ფონი, რაც ქმნის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს, ყოველდღიურად ამძიმებს მედია ფეიკებით.
„ის რაც ხდება ელექტრონულ მედიაში, ეს არის ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის დარღვევა. ქვეყანა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდეს, არ ვიცი რა შედეგი დადგება, იმდენად რთული ვითარებაა. ხელისუფლებამ თავისი მახინჯი კოჰაბიტაციით მიიღო ეს ვითარება. ნებისმიერ თემას იყენებენ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლებას რა ცოდვებიც აქვს, ესეც საკმარისია მათთვის და ამაზე უნდა იმსჯელოს სხვამ და არა ამ ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ამაზე მსჯელობისთვის.
ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, რაღაცნაირად ერთმანეთთან არის კავშირში. მაგალითად, ძალიან მაღალი ალბათობით ვთვლი, რომ წალკაში ახალი ზელანდიელების დაყაჩაღება, ეს არის გარკვეული დაკვეთა იმისათვის, რომ პოლიტიკური რეზონანსი ჰქონდა ამას ყველაფერს არჩევნების წინ. ეს ხალხი რამდენი წელია იქ ცხოვრობს და კაციშვილი არ გაკარებია და რაღა არჩევნების წინ მოხდა ეს ყველაფრი? არც იმის უმისობაა, რომ ბანკის დაყაჩაღებას გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. ზუსტად იმიტომ, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ხელისუფლების და თავდაცვის მინისტრის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ჰო, თანაც, „ Kylie Cosmetics“ -ს მაგივრად გახსნიდა ახალ კომპანიას - „ Kylie Potatoes“.